Thumbnail

16 წლის ქართველი ტალანტი ტორინოში - გუკა ხვედელიძის იტალიური შთაბეჭდილებები

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გუკა ხვედელიძე თბილისის საბურთალოს აღზრდილია
  • 16 წლის შემტევი ნახევარმცველი იტალიაში ასპარეზობს

საბურთალოს ვებგვერდი: fcsaburtalo.ge საინტერესო ინტერვიუს აქვეყნებს 16 წლის ქართველ ფეხბურთელ გუკა ხვედელიძესთან, რომელიც თბილისური გუნდიდან იტალიურ მილანში ჩაირიცხა, იჯარის წესით კი ტორინოს 17-წლამდელთა გუნდში გადავიდა.

გუკას თქმით, თავიდან ტურინში გარკვეულ სირთულეებს გადააწყდა, მაგრამ დაძლია ეს ბარიერი და დღეს, თავს კარგად გრძნობს, რაც იტალიელების დამსახურებაა, რომლებმაც მაქსიმალურად შეუწყვეს ხელი ადაპტაციაში. გუკა 17-წლამდელთა გუნდის რამდენიმე ლეგიონერთან ერთად ტორინოს მთავარი გუნდის ბაზაზე ცხოვრობს და თავს შესანიშნავად გრძნობს. ბაზაზე ყველაფერია იმისთვის, რომ ფეხბურთელმა არა მარტო ითამაშოს, დაისვენოს და გაერთოს კიდეც. ყველაფერი გაწერილია და დროც თითქოს სწრაფად გარბის.

გუკა ხვედელიძეს ტორინოს მთავარი გუნდის ფეხბურთელებთან ყოველდღიური შეხება აქვს. ესწრება გუნდის ვარჯიშებს და ბევრს სწავლობს სერია ა-ში მოასპარეზე ფეხბურთელებისგან. მისი თქმით, ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რომ წარმატებული ფეხბურთელი გახდეს.

გუკა ხვედელიძე საბურთალოში თამაშობდა

როგორც აღვნიშნეთ, გუკა ხვედელიძეს კონტრაქტი მსოფლიო ფეხბურთის გრანდთან, მილანთან აქვს, მაგრამ იჯარით ტორინოში ითამაშებს. ქართველ ფეხბურთელს იტალიაში სათამაშოდ გარკვეული საბუთების მოწესრიგება სჭირდებოდა და ეს საქმე ტურინელებმა ითავეს, რაც ამ იჯარის საფუძველი გახდა.  

გუკა საბურთალოში შემტევი ნახევარმცველი იყო და ტორინოშიც ამ პოზიციაზე თამაშობს. ქართველმა თინეიჯერმა რამდენიმე მატჩი უკვე ჩაატარა ფიორენტინას, იუვენტუსის, სამპდორიას, სპეციას და პარმას ასაკობრივი გუნდების წინააღმდეგ. გუკა აღნიშნავს, რომ ტორინოს 17-წლამდელთა გუნდშიც იგივე სათამაშო სტილია, რაც მთავარ გუნდში. ფეხბურთელები ვარჯიშებზეც კი უხეშობენ და ბოლომდე იბრძვიან, გამძლეობას და დაცვას კი განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. იტალიაში მთავარია გოლი არ გაუშვა, შეტევაზე კი მერე უნდა იფიქრო.

ტორინოსთან ერთად კარგი შეკრება გაიარა და თვლის, რომ იტალიელ თანატოლებს ფიზიკური მომზადებით არ ჩამოუვარდება. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო, რომ სხვადასხვა კომპონენტებში მოუმატოს. გუკას თქმით, ევროპაში ცნობილ მწვრთნელთან, იტალო გალბიატისთან ვარჯიშობს, რომელიც მისი ტორინოში გადასვლის ინიციატორი იყო და ყოველდღიურად მას დიდ ყურადღებას უთმობს. 

გუკა ხვედელიძე საბურთალოში გატარებულ წლებს თბილად იხსენებს და მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ამ გუნდში გადავიდა, როგორც ფეხბურთელი, ძალიან გაიზარდა. საბურთალოში ყველაფერი კარგად ახსენდება, ბენდელას სტადიონზე მისვლა და ვარჯიში კი ძალიან უხაროდა. იტალიაში წასვლამდე რამდენიმე მატჩი საბურთალოს 19-წლამდელთა გუნდში ჩაატარა, რამაც მეტი თავდაჯერება შემატა. გუკა მადლობას უხდის სხვადასხვა დროს მის მწვრთნელებს: ვოვა მუსერიძეს, გიორგი ჭელიძეს და ვალერი გაგუას. საბურთალოს ამბებს კლუბის საიტის და ფეისბუქ გვერდის მეშვეობით იგებს და ახარებს როგორც ასაკობრივი გუნდების წარმატება, ისე მთავარი გუნდის ლიდერობა ეროვნულ ლიგაში.

კომენტარები

ბოლო ამბები