Thumbnail
  • გოლდენ სტეიტმა ახალი სეზონი ოკლაჰომასთან გამარჯვებით დაიწყო
  • თამაშამდე, უორიორსის კალათბურთელებს საჩემპიონო ბეჭდები გადასცეს
  • ზაზა ფაჩულია კუთვნილ ბეჭედს მაშინ მიიღებს, როცა დეტროიტი ოკლენდში სათამაშოდ ჩავა

NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა გოლდენ სტეიტმა ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო - უორიორსმა “ორაკლ არენაზე” ოკლაჰომას უმასპინძლა და 108:100 დაამარცხა. მატჩამდე, სტეფ კარის, კევინ დურანტს და სხვა ჩემპიონებს საჩემპიონო ბეჭდები ჩამოურიგეს - დაჯილდოებას, რა თქმა უნდა, ვერ ესწრებოდა NBA-ს ქართველი ჩემპიონი ზაზა ფაჩულია, რომელიც გასული სეზონის შემდეგ დეტროიტში გადავიდა. ქართველი ცენტრი, ისევე როგორც ომრი კასპი (მემფისში გადავიდა) და ჯავეილ მაკგი (ლეიკერსშია), ბეჭედს მაშინ მიიღებს, როცა მისი გუნდი ოკლენდში სათამაშოდ ჩავა. ეს 2019 წლის 25 მარტს მოხდება.

დაჯილდოებაზე დაპატიჟებული იყო ნიკ იანგიც, მაგრამ მისვლაზე უარი განაცხადა და საჩემპიონო ბეჭდებს მაშინ მიიღებს, როცა ახალ გუნდს იპოვის და ოკლენდში სათამაშოდ ჩავა. იგივე ეხება პატრიკ მაკკაუსაც.

რაც შეეხება თამაშს: ოკლაჰომას თავისი მთავარი ლიდერი, რასელ ვესტბრუკი აკლდა. მის არყოფნაში, სითი თანდერის ახალწვეულმა დენის შრიოდერმა გაიბრწყინა. 25 წლის გერმანელმა თავის სადებიუტო ოფიციალურ მატჩში (ოკლაჰომას მაისურით) 21 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. აღსანიშნავია, რომ 9 მოხსნა შრიოდერისტვის კარიერის საუკეთესო შედეგია - ორმაგ დუბლამდე მას მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა.

აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ შრიოდერმა 19 მცდელობიდან მხოლოდ 7 ჩააგდო, რაც არცთუ კარგი შედეგია, მაგრამ მიუხედავად ამისა, პოლ ჯორჯის (27 ქულა) შემდეგ, გუნდის საუკეთესო კალათბურთელი გახლდათ. მეორე მეოთხედში მან “ორაკლ არენას” პუბლიკა კლეი ტომპსონის წინააღმდეგ შესრულებული შესანიშნავი დაფარებით გააბრაზა.

გოლდენ სტეიტიდან, რა თქმა უნდა, სტეფენ კარიმ და კევინ დურანტმა იფრინეს - სტეფმა 32 ქულა, 8 მოხსნა და 9 პასი დააგროვა, “დურანტულამ” კი - 27 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი. აღსანიშნავია, რომ უორიორსმა თითქმის საუკეთესო შემადგენლობით ითამაშა - ჩემპიონებს მხოლოდ დემარკუს კაზინსი ჰყავთ ტრავმირებული.

გოლდენ სტეიტი მომდევნო მატჩს 20 ოქტომბერს, იუტა ჯაზთან სტუმრად გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები