Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა უეფას ახალ ტურნირში - ერთა ლიგაში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა სტუმრად ლატვიასთან მოიგო და ჯგუფში პირველობა ორი ტურით ადრე გაინაღდა. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა C ლიგაში აღზევება და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის პლეი ოფში თამაში გაინაღდა.

ლატვია 0:3 საქართველო

გოლები: 0:1 კანკავა (8’), 0:2 გვილია (29’), 0:3 ჩაკვეტაძე (61')

გამოუყენებელი პენალტი: ყაზაიშვილი (3’).

ლატვია (4-3-1-2): ვანინსი - ჟულევსი, იაგოდინსკი, დუბრა, მაკსიმენკო - ფერტოვსი (46' ისაევსი), ტარასოვსი, ციგანიკსი - რაკელსი - კარაშაუასკასი (70' იკაუნეკსი), გუდკოვსკისი (70' შაბალა).

საქართველო (4-5-1): ლორია - კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, დვალი - მერებაშვილი (80' ჯიღაური), კანკავა (34' აბურჯანია), გვილია, კვეკვესკირი, ჩაკვეტაძე (89' ზარანდია) - ყაზაიშვილი.

ვლადიმირ ვაისმა "დაუგავას" სტადიონზე გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა. სასტარტო შემადგენლობაში მოხვდნენ ვაკო გვილია, გიორგი მერებაშვილი, დავით ხოჭოლავა და ლაშა დვალი. ყველაფერთან ერთად, სლოვაკმა სპეციალისტმა ლატვიელებთან ნომინალური ფორვარდის გარეშე გადაწყვიტა თამაში და წინა ხაზზე ვაკო ყაზაიშვილი გაამწესა.

ანდორასთან მატჩში დუბლის ავტორს თავის გამოჩენის შანსი შეხვედრის დასაწყისშივე, უკვე მე-5 წუთზე მიეცა. ფლანგიდან მერებაშვილი მასპინძელთა საჯარიმოში აწოდებდა, როდესაც ბურთი მაკსიმენკოს ხელზე მოხვდა და არბიტრმაც უყოყმანოდ პენალტი დანიშნა. ვაკოს დარტყმის მიმართულება მეკარე ანდრის ვანინსმა გამოუცნო.

5' ვაკო ყაზაიშვილის გაცუდებული პენალტი

თუ ლატვიელთა გოლკიპერმა ყაზაიშვილს 11 მეტრიდან არ გაატანინა, რამდენიმე წუთის შემდეგ იგივე ვეღარ შეძლო დაახლოებით 20 მეტრი მანძილიდან, ჯაბა კანკავას გასროლის შემდეგ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საჯარიმოს მისადგომებიდან უბრალოდ დიდებული გოლი შეაგდო. 

8’ ჯაბა კანკავას გოლი 

ლატვიის ნაკრები, თბილისურ მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად დიდი ძალებით ცდილობდა შეტევაში წასვლას, თუმცა მიკსუ პაატელაინენის შეგირდებმა კლასით აშკარად მაღალ მეტოქეს განსაკუთრებული მაინც ვერაფერი შესთავაზეს. 

მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი გიორგი ლორიას კართან სტანდარტიდან ჩაწოდებას მოყვა. ლატვიელი ფეხბურთელის თაურის შემდეგ ბურთმა მცირე მანძილში ჩაუარა ძელს.

ლატვიის მომენტი

29-ე წუთზე უკვე გიორგი ჩაკვეტაძემ დადგა სპექტაკლი. 19 წლის ფეხბურთელმა მარცხენა ფლანგზე რამდენიმე ლატვიელს შორის გაისერინა, საჯარიმოს სიახლოვეს კი ცრუმოძრაობით ორი მეტოქე ჩამოიცილა და ზუსტი პასით ვაკო გვილია მეკარესთან პირისპირ დატოვა. ლუცერნის ნახევარმცველმა შანსი ხელიდან არ გაუშვა - ვანინსს ბურთი ფეხებშორის გაუტარა - 2:0.

29’ ვაკო გვილიას გოლი  

მეორე გაშვებულმა გოლმა მასპინძლები არია. მართალია, ლატვიელებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ და ისევ იბრძოდნენ, მაგრამ მათი მცველებისთვის გადაუჭრელ პრობლემად ჩაკვეტაძე იქცა. ერთ ეპიზოდში გიორგი მეტოქის საჯარიმოში საეჭვოდაც დაეცა, თუმცა არბიტრმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

ჯერ კიდევ შესვენებამდე მოუხდა მოედნის დატოვება ჯაბა კანკავას, რომელმაც ტრავმა 34-ე წუთზე მიიღო. კაპიტნის სამკლაური გურამ კაშიამ გადაიბარა, ჯაბას ადგილი კი გიორგი აბურჯანიამ დაიკავა. 

შესვენების შემდეგ ლატვიელებმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს. სახიფათოდ ურტყამდა დენის რაკელი, მაგრამ გიორგი ლორიამ, რიკოშეტის მიუხედავად, ბურთზე რეაგირება მოასწრო.

გიორგი ლორიას სეივი

61-ე წუთზე კი გიორგი ჩაკვეტაძემ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი კლასი. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მარცხენა ფლანგიდან შეუტია, ჯერ ერთ მეტოქეს გაცდა, შემდეგ მეორე ჩამოიცილა ეფექტურად და კარშიც ზუსტად დაარტყა. 

61' გიორგი ჩაკვეტაძის გოლი

თამაშის ბედიც აქ, მის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე გადაწყდა. ზედიზედ მოგებული 4 მატჩი, 12 ქულა, 9 გატანილი და არცერთი გაშვებული გოლი - ვლადიმირ ვაისმა ქართული ფეხბურთის ისტორია უკვე გადაწერა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის D დივიზიონში ერთადერთი გუნდია, რომელმაც ოთხივე მატჩი მოიგო და ორი ტურით ადრე გაინაღდა ჯგუფში პირველობა, C დივიზიონში აღზევება და ევრო 2020-ის საგზურისთვის პლეი ოფში თამაში. პლეი ოფი, რომელშიც D დივიზიონის ჯგუფების 4 გამარჯვებული ითამაშებს (ნახევარფინალს და ფინალს), 2020 წლის გაზაფხულზე გაიმართება. 

ვლადიმირ ვაისის გუნდს პლეი ოფამდე კი ჯერ ჯგუფში ანდორასთან სტუმრად (16 ნოემბერს) და შინ ყაზახეთთან (19 ნოემბერს) დარჩენილი მნიშვნელოვანი მატჩები ელის. ამ შეხვედრების მნიშვნელობის შესახებ ვრცლად აქ წაიკითხავთ

დღესვე ჩვენს ჯგუფში ყაზახეთის ნაკრებმა ანდორას უმასპინძლა და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა

 

კომენტარები

ბოლო ამბები