Thumbnail
  • უეფას ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების მეტოქეებმა ითამაშეს
  • ყაზახეთის ნაკრებმა შინ ანდორას ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა
  • ყაზახეთს 5 ქულა აქვს და ჯგუფის მოგების თეორიულ შანსს ინარჩუნებს

უეფას ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების მეტოქეებმა ითამაშეს. D ლიგის 1-ელი ჯგუფის მე-4 ტურის მატჩში ყაზახეთის ნაკრებმა ასტანაში ანდორას უმასპინძლა და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.

სტანიმირ სტოილოვის გუნდს "ასტანა არენაზე" თავიდანვე უდიდესი უპირატესობა ჰქონდა, ანგარიში კი მასპინძლებმა უკვე 21-ე წუთზე, იერკებულან სეიდახმეტის გოლით გახსნეს. 18 წლის თავდამსხმელი, რომელიც ყაზახური ფეხბურთის იმედად მიიჩნევა, რუსულ უფაში ჯიმი ტაბიძის თანაგუნდელია. სეიდახმეტმა 39-ე წუთზე საგოლე პასიც მიითვალა - გოლი ბაურჟან ტურისბეკს გაატანინა.

შესვენების შემდეგ, 61-ე წუთზე, ხოსე გომესმა ავტოგოლი მიითვალა, აქედან სამიოდე წუთში მისმა თანაგუნდელმა ჟორდი ალაეზმა კი წითელი ბარათი მიიღო და თავისი გუნდი კაცნაკლული დატოვა. ყაზახებმა ტემპი არც დარჩენილ დროში დააგდეს, რომან მურთაზაევმა კი გაფურჟან სუიუმბაევის გადაცემის შემდეგ, თაური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:0.

ანდორასთვის ეს ზედიზედ მეორე მარცხია ტურნირის ორ სასტარტო მატჩში (შინ ყაზახეთსა და სტუმრად ლატვიასთან) მოპოვებული 2 ქულის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კოლდო ალვარესის გუნდი თბილისში 0:3 დამარცხდა. 

ყაზახეთის ნაკრებმა კი ერთა ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა და ახლა 5 ქულით ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. სტანიმირ სტოილოვის გუნდი ჯგუფის მოგების თეორიულ შანსს ინარჩუნებს - ორივე დარჩენილი მატჩი უნდა მოიგოს, საქართველომ (9 ქულა) კი სამიდან ვერცერთი.   

საქართველოს ნაკრები მე-4 ტურის მატჩს რამდენიმე საათში რიგაში, ლატვიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. 

ერთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრას ყაზახეთი 15 ნოემბერს, შინ ლატვიასთან გამართავს, 16 ნოემბერს კი ანდორა შინ საქართველოს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები