Thumbnail

რომელ კალათაში იქნება ნაკრები შესარჩევის წილისყრაზე? ყველა თამაშს აზრი აქვს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 2 დეკემბერს ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის წილისყრა გაიმართება
  • რომელ კალათაში შეიძლება მოხვდეს საქართველოს ნაკრები და რატომ

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა D ლიგის პირველ ჯგუფში ბრწყინვალედ ასპარეზობს და სულ სამი ქულა აშორებს პირველ მიზნამდე - ევრო 2020-ის შესარჩევ პლეი ოფში გასვლამდე, რომელიც 2020 წლის მარტში გაიმართება და ამის შემდეგ ევროპის ჩემპიონატამდე მხოლოდ ორი გამარჯვება დაგვიჭრდება - ნახევარფინალსა და ფინალში.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის 24 საგზურიდან მხოლოდ 4 თამაშდება ერთა ლიგაზე (ყოველი ლიგის გამარჯვებული), დანარჩენი 20 კი ისევ ტრადიციული შესარჩევი ციკლით უნდა გამოვლინდეს, რომელიც კარს მოგვადგა - წილისყრა 2 დეკემბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გაიმართება.

10 ჯგუფი, 20 საგზური

55 ნაკრები 10 ჯგუფში გადანაწილდება. A–E ჯგუფები 5-გუნდიანი იქნება, ხოლო  F–J - ექვსიანი. ყველაფერი მარტივად არის, თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო (ჯამში 20 გუნდი) ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

უეფა გუნდებს კალათებში ფიფას რეიტინგის მიხედვით არ ანაწილებს, გადამწყვეტი ფაქტორი 2018/19 წლების სეზონის ერთა ლიგის საერთო რეიტინგი იქნება.

A ლიგის პლეი ოფში გასული 4 გუნდი (ეს პლეი ოფი 2019 წელს გაიმართება ერთა ლიგის გამარჯვებულის გამოსავლენად) აუცილებლად A–D ჯგუფებში განაწილდება, რათა მხოლოდ 8-8 საკვალიფიკაციო მატჩი მოუწიოს მათ. 

ევრო 2020-ის წილისყრის კალათები

I კალათში მოხვდება A ლიგის პლეი ოფში გასული 4 გუნდი და ლიგის შედეგებით მე-5 - მე-10 ადგილზე გასული გუნდები. 

II - ერთა ლიგის საერთო რეიტინგით 11-ე - მე-20 ადგილზე გასული გუნდები.

III - ერთა ლიგის საერთო რეიტინგით 21-ე 30-ე ადგილზე გასული გუნდები.

IV - ერთა ლიგის საერთო რეიტინგით 31-ე - მე-40 ადგილზე გასული გუნდები.

V - ერთა ლიგის საერთო რეიტინგით 41-ე 50-ე ადგილზე გასული გუნდები.

VI - ერთა ლიგის საერთო რეიტინგით 51-ე - 55-ე ადგილებზე გასული 5 ნაკრები.

საქართველოს შანსი - D ლიგა უნდა 'მოვიგოთ'

A, B და C ლიგებში ჯამში 39 ნაკრებია, ხოლო D-ში დანარჩენი 16. როგორც ხედავთ, მე-40 ადგილზე გასული გუნდი მე-4 კალათში ხვდება. ასე რომ, საუკეთესო შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მე-4 კალათში მოხვდება, მაგრამ ამისთვის არა მარტო ჯგუფი უნდა მოიგოს, არამედ, ლიგაში საუკეთესო შედეგით უნდა დაასრულოს ჯგუფური ეტაპი. მაგალითად, ამ წუთისთვის ლიგაში ყველაზე მეტი, 9-9 ქულა ლუქსემბურგს, მაკედონიასა და საქართველოს აქვს, თუმცა ბოლო ორს 3 თამაშიდან, ლუქსემბურგს კი - 4-დან.

იმის საფრთხე, რომ ბოლო ხუთეულში მოვხვდებით და შესაბამისად მე-6 კალათში აღმოვჩნდებით, ასეთი კარგი სტარტის შემდეგ, თეორიულია. ასე რომ, თუ D ლიგას ვერ "მოვიგებთ" (ჯგუფში პირველ ადგილზე უნდა გავიდეთ და ლიგის სხვა ჯგუფების გამარჯვებულებზე უკეთესი ქულები უნდა დავაგროვოთ) ყველა ვარიანტში მე-5 კალათში აღმოვჩნდებით.

ასე რომ, ერთა ლიგის მატჩებს მაშინაც აზრი ექნება, როცა პლეი ოფს გავინაღდებთ, ჯერ ერთი, უშუალოდ ამ პლეი ოფში უკეთესი პოზიციისთვის და მეორე: ჩვეულებრივ საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-4 კალათში მოხვედრისთვის. 

კომენტარები

ბოლო ამბები