Thumbnail

ყველაზე მაგარი იუვენტუსი?! ყველაფერი რაც რონალდოს ტრანსფერმა შეცვალა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

ზაფხულის მთავარი სიახლე კრიშტიანო რონალდოს ტურინის იუვენტუსში ტრანსფერი იყო. კრიშტიანოს გადასვლამ აბსოლუტურად შეცვალა ძალთა ბალანსი ევროპულ ფეხბურთში, როგორც სპორტული, ასევე ეკონომიკური კუთხით.

იუვენტუსი ახალი ფეხბურთელებით ყველა რგოლში გაძლიერდა და გუნდი არცერთ ლიდერს არ დაუტოვებია, თუ არ ჩავთვლით უკვე დიდი ხნის წინ დაანონსებულ ბუფონის წასვლას და იგუაინს, რომელიც რონალდოს პოზიციაზე თამაშობდა და გუნდის დატოვება მოუწია. გუნდის მენეჯმენტმა ყველაფერი გააკეთა, რომ იუვე ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის უპირველესი ფავორიტი ყოფილიყო. სეზონის სტარტზე იუვემ სპეციალისტების მოლოდინები სრულად გაამართლა და ჩემპიონატსა და ლიგაზე ჩატარებული 10 შეხვედრიდან ყველა მოიგო. ასეთი სტარტი იუვეს არასდროს ჰქონია.

ბონუჩის მხარი აუბა ლეო მესიმ. პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელმაც ჩემპიონთა ლიგის უპირველეს ფავორიტად სწორედ ტურინული კლუბი დაასახელა.

რეალის დატოვების მიზეზები - რატომ იუვენტუსი?

კრიშტიანოს რეალიდან წამოსვლის მიზეზებზე ბევრი ითქვა. ამიტომაც ამ თემას მხოლოდ მოკლედ შევეხები. კრიშტიანოს რეალიდან წასვლა რამდენიმე მიზეზის გამო უნდა გადაეწყვიტა. პირველ რიგში, ეს იყო პრობლემები ესპანეთის საგადასახადო სამსახურებთან, და ზოგადად, ესპანეთის მკაცრი საგადასახადო პოლიტიკა.

იტალიის ახალი მთავრობა ინვესტიციების მოზიდვის მიზნით იტალიის გარედან შემოსულ შემოსავალს მხოლოდ მინიმალური გადასახადით ბეგრავს. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიშტიანო იმ ათეულობით მილიონი დოლარიდან, რომელსაც იგი სხვადასხვა საერთაშორისო და იტალიაში არარეგისტრირებული სარეკლამო კომპანიებიდან იღებს, გადასახადებს აღარ გადაიხდის. ესპანეთში კი მას ამ ტიპის შემოსავლისთვის გადასახადების გადახდა უწევდა.

მეორე მიზეზი კი უნდა ყოფილიყო რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან საკმაოდ ცივი ურთიერთობა - კრიშტიანო უკმაყოფილო დარჩა, რომ მას კლუბმა გადასახადებთან დაკავშირებული სკანდალისა და სასამართლო გარჩევის დროს საკმარისი მხარდაჭერა არ გამოუცხადა და არ შესთავაზა ისეთი ახალი კონტრაქტი, რომელსაც იგი იმსახურებდა. კრიშტიანოს განსაკუთრებით აღიაზიანებდა ის ფაქტი, რომ მესი და ნეიმარი მასზე მეტ ხელფასს იღებდნენ მაშინ, როცა ბოლო სეზონებში სწორედ მისი დახმარებით მოიგო რეალმა ოთხი ჩემპიონთა ლიგა.

უფრო საინტერესოა, თუ რატომ გადაწყვიტა მან იუვეში წასვლა. ფლორენტინო პერესს კრიშტიანოსთვის სიტყვა ჰქონდა მიცემული, რომ რეალი 100 მილიონ ევროდ მას გაუშვებდა, ოღონდ მხოლოდ იმ გუნდში, რომელიც არ იქნებოდა მადრიდელთა კონკურენტი სპორტული, ეკონომიკური და სატრანსფერო კუთხით - კონკურენტთა სიაში ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი და პარი სენ ჟერმენი შედიოდნენ.

ჩელსი, ბაიერნი და სიტი კრიშტიანოთი არ დაინტერესებულან. ამ სიტუაციაში იუვენტუსი, ფაქტობრივად, ერთადერთი ევროპული გრანდი იყო, რომელსაც კრიშტიანოს წაყვანა სურდა და ამის რესურსიც ჰქონდა. თავის მხრივ, კრიშტიანოსაც მოსწონდა იუვენტუსი. იტალიაში მას ზედიზედ მესამე დიდი ევროპული ჩემპიონატის მოგებისა და სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში ტრიუმფის პერსპექტივა იზიდავდა. 

რონალდოს ეფექტი - რას ელოდება იუვენტუსი?

იუვენტუსი არ აპირებს რონალდოსთან ერთად ახალი გუნდის შენება დაიწყოს. რონალდოს ტურინში უკვე კარგად შეთამაშებული და ვარსკვლავური შემადგენლობა ელოდება. ბოლო 3-4 წელია იუვე ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ტურინელებმა ზედიზედ 7-ჯერ მოიგეს იტალიის ჩემპიონატი, 4 იტალიის თასიც მიაყოლეს და ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალიც ითამაშეს. იუვეს ლიგა 22 წელია არ მოუგია, შარშანაც რეალთან მეოთხედფინალში უაღრესად დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა. იუვეს უკვე წლებია სულ ცოტა აკლდება ლიგის მოსაგებად და ტურინელებს იმედი აქვთ, რომ რონალდო იუვეს დაუმატებს იმას, რაც მათ ლიგის მოსაგებად სჭირდებათ. კრიშტიანო იუვენტუსში სწორედ ჩემპიონთა ლიგისთვის არის.

რონალდოს ტრანსფერს უდიდესი ეკონომიკური და მარკეტინგული მნიშვნელობა აქვს, არამხოლოდ იუვენტუსისთვის, არამედ მთლიანად იტალიური ფეხბურთისთვის. რონალდოს ტრანსფერით, პირველად 2001 წელს ზიდანის რეალში ტრანსფერის შემდეგ, იტალიაში ითამაშებს მოთამაშე, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ მსოფლიოში საუკეთესოა.

რონალდოს ტრანსფერი იუვესთვის ნიშნავს მილიონობით ახალ გულშემატკივარს, სოციალურ ქსელებში პოპულარობის მნიშვნელოვნად გაზრდას და იუვე ყურებადი და საინტერესო ხდება დედამიწის ყველა კონტინეტზე, მათ შორის ამერიკისა და აზიის ბაზარზე, სადაც მონოპოლია, ტრადიციულად, პრემიერლიგას და ესპანურ გრანდებს აქვთ. რონალდოში იუვემ დიდი ფინანსური ინვესტიცია ჩადო, თუმცა ამ ტრანსფერმა იუვეს შემოსავლები მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს. ტრანსფერიდან 2 თვის შემდეგ იუვეს აქციების ფასმა საფონდო ბირჟებზე თითქმის 30 პროცენტით მოიმატა.

როგორ ითამაშებს კრიშტიანო?

სეზონის სტარტი რონალდოს არცთუ ისე შედეგიანი გამოუვიდა. 9 შეხვედრაში მან 4 გოლი შეაგდო. ამ ფაქტის მიუხედავად, იგი იუვეში ძალიან კარგად გამოიყურება, თითქმის ყველა თამაშში ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც 5-ჯერ გახდა. მაგალითისთვის, ნაპოლისთან შეხვედრაც გამოდგება, როდესაც მას გოლი არ შეუგდია, თუმცა მისი უშუალო თანამონაწილეობით გავიდა სამივე გოლი.

რონალდოს იუვეში განსხვავებული ფუნქცია და როლი აქვს და მისი თამაში მხოლოდ გატანილი გოლების რაოდენობით არ უნდა შევაფასოთ. რეალში კრიშტიანოს მთავარი საქმე სწორედ გოლების შეგდება იყო. რეალის შემადგენლობაში იგი ერთადერთი იყო, რომელსაც თამაშიდან თამაშში სტაბილურად გატანა შეეძლო. ბენზემა უფრო დამხმარე ფორვარდია, ვიდრე ბომბარდირი; ბეილი, ვასკესი და ასენსიო ფლანგიდან თამაშობენ, მოედნის ცენტრში კი რეალს უფრო შემქმნელი და ბურთის დაჭერაზე ორიენტირებული მოთამაშეები ჰყავს (მოდრიჩი, ისკო, კროოსი), ვიდრე გოლის შემგდებები. შედეგად, რეალმა რონალდოს წასვლის შემდეგ ბოლო 450 წუთში მხოლოდ 1 გოლი შეაგდო. ბურთს ფლობენ, ტერიტორიული უპირატესობა აქვთ, მაგრამ რონალდოს გარეშე ამ უპირატესობის გოლად რეალიზებას ვერ ახერხებენ.

იუვენტუსში სხვა სიტუაციაა. გოლის გატანა მარიო მანჯუკიჩსაც ეხერხება და პაულო დიბალასაც. ტურინელებს ბევრი გოლი გააქვთ სტანდარტებიდან და საერთოდ, უფრო გუნდურად უტევენ. იუვეს თამაში და სათამაშო სისტემა არ არის აგებული ერთი მოთამაშის საგოლე თვისებებზე. რონალდოც უფრო ხშირად გამოდის საჯარიმოს გარეთ, იღებს გუნდურ თამაშში მონაწილეობას, საგოლე პოზიციაზე კი მის გარდა იუვეს სხვა მოთამაშეებიც ხშირად ხვდებიან.

პირველივე თამაშების სტატისტიკა გვარწმუნებს, რონალდო ბევრად უფრო ხშირად თამაშობს პასში და უკვე მოაგროვა 4 საგოლე გადაცემა, ყველაზე მეტი სერია A-ში. მთელ შარშანდელ სეზონში კრიშტიანოს სულ 6 საგოლე პასი ჰქონდა.

ამ სეზონში 10-ით მეტი პასი თამაშში და უკეთესი სიზუსტე

ამ სეზონის 9 შეხვედრაში კრიშტიანოს გადაცემებმა 18 სახიფათო მომენტი შეუქმნა თანაგუნდელებს.

იუვეში რონალდო უფრო გუნდური მოთამაშე იქნება, თუმცა ძალიან სავარაუდოა, რომ მისი გოლების რაოდენობა უფრო გაიზრდება. კრიშტიანოს ჩვევია სეზონის ცოტა მძიმედ დაწყება და, ჩვეულებრივ, სეზონის მეორე ნახევარში უფრო მეტი გოლი გააქვს ხოლმე.

ამ სეზონში მას ხშირად უბრალოდ არ უმართლებდა. თამაშში იგი რეკორდულად ხშირად - საშუალოდ 7.7-ჯერ არტყამს კარში. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი მუდამ საფრთხეს უქმნის მეტოქის კარს.

პირველივე თამაშში კიევოსთან კრიშტიანომ 8-ჯერ დაარტყა კარისკენ, თუმცა კიევოს მეკარე სორენტინომ ძალიან კარგი თამაში ჩაატარა და პორტუგალიელს არ გაატანინა. თავის პირველ გოლამდე სასუოლოსთან კი კრიშტიანოს საერთოდაც მეტოქის კარისკენ 25 დარტყმა ჰქონდა მოგროვებული. სტატისტიკა გვარწმუნებს, რომ კრიშტიანო იუვენტუსშიც, ჩვეულებრივ, სახიფათო და აგრესიულია და გოლების რაოდენობის ზრდა მხოლოდ დროის საკითხია მაშინაც კი, როცა იუვეში რონალდო უფრო გუნდური მოთამაშეა.

შემადგენლობა

იუვეს სატრანსფერო აქტიურობა გასულ ზაფხულს მხოლოდ რონალდოს შეძენით არ ამოწურულა. გუნდი ყველა ხაზში გაძლიერდა. დაცვის მარჯვენა ფლანგზე, გასულ სეზონში პრობლემურ პოზიციაზე, ახალგაზრდა პორტუგალიელი ჟოაო კანსელო დაიმატეს, რომელიც სეზონის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესოა თავის გუნდში. ტურინში დაბრუნდა ლეონარდო ბონუჩი, შუა ხაზში კი ლივერპულიდან ემრე ჯანი გადმოვიდა.

ყველა ეს ფეხბურთელი იმ პოზიციაზე გადმოვიდა, რომელიც იუვენტუსისთვის წინა სეზონებში პრობლემურად მიიჩნეოდა. დაცვის მარჯვენა ფლანგზე გასულ სეზონში მატია დე შილიომ ვერ გაამართლა, ვეტერანი შტეფან ლიხშტაინერი კი გუნდიდან წავიდა - ტურინელთა ხელმძღვანელონას იმედი აქვს, რომ 24 წლის კანსელო ამ პოზიციას მომდევნო წლების განმავლობაში დაფარავს.

ბონუჩისთან ერთად იუვე გადაჭრის შეტევის დაწყების პრობლემას. გასულ სეზონში იუვეს დაცვის ცენტრში კიელინი და ბენატია თამაშობდნენ. კარგი პირველი პასით არცერთი მათგანი გამოირჩევა. შუა ხაზში პიანიჩის გარდა, ორი ჩამშლელი - მატუიდი და ხედირა თამაშობენ და როდესაც პიანიჩი მეტოქის აქტიური პრესინგის ქვეშ ხვდებოდა, იუვეს ე.წ. offensive transition - დაცვიდან შეტევაში გადასვლა უჭირდა. ბონუჩი ძალიან კარგად იწყებს შეტევას და აქვს შესანიშნავი პირველი პასი. მასთან ერთად იუვეს უკვე ორი გამთამაშებელი ჰყავს (ბონუჩი, პიანიჩი), რომელთაც შეტევის დაწყება და ბურთის უკანა ხაზში გათამაშება შეუძლიათ.

ბონუჩის პასი და დიბალას გოლი

ემრე ჯანი მოედნის ცენტრში აქტიური და აგრესიული მოთამაშეა, რომელსაც დიდი მოცულობის შავი სამუშაოს შესრულება შეუძლია. გასულ სეზონში ხედირას და მატუიდის შემცველელი თითქმის არ ჰყავდათ, სტეფანო სტურაროს კლასი არ ჰყოფნიდა, მარკიზიომ კი უმძიმესი ტრავმის შემდეგ ჩვეული ფორმის დაბრუნება ვერ შეძლო. სეზონის დასაწყისშივე ტრავმირებული ხედირა ემრე ჯანმა ძალიან კარგად შეცვალა.

ახალ მოთამაშეებთან ერთად, იუვეს ძალიან გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს, რასაც ხანგრძლივი სეზონის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გუნდის ბირთვი დიდი ხანია ჩამოყალიბებული და შეთამაშებულია. ახალი ფეხბურთელები გუნდის სტრუქტურასა და სათამაშო სისტემას არ ცვლიან, ისინი უკვე არსებული სისტემის ნაწილი ხდებიან. ალეგრიმ პირველ 9 თამაშში 4 სხვადასხვა სისტემა (4-5-1, 3-5-2. 4-3-3, 3-4-3) გამოიყენა. თითოეულ შემთხვევაში თამაშის ხარისხი არ გაუარესებულა, გუნდი ტაქტიკის ცვლილებასა და როტაციაზე კარგად რეაგირებს.

რა სქემით ითამაშებს იუვე?

შეტევის ხაზში იუვეს ძალიან ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავს. ერთდროულად 6 მოთამაშე -კრიშტიანო რონალდო, დიბალა, დუგლას კოშტა, კუადრადო, ბერნარდესკი და მანჯუკიჩი პრეტენზიას აცხადებენ, რომ სასტარტოში თამაშს იმსახურებენ. ისევე, როგორ გასული სეზონის დასაწყისში, წელსაც იტალიურ პრესაში ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომ იუვეს 4-5-1 სქემით უნდა ეთამაშა და ერთდროულად 4 შემტევი ფეხბურთელით დაეწყო თამაში.

ამ შემთხვევაში იუვეს შუა ხაზში მხოლოდ ორი ნახევარმცველი ჰყავს, რომელთაც დაცვითი ფუნქციები აკისრიათ - ხედირა და პიანიჩი, რომელიც დაცვით ფაზაში თამაშით არ გამოირჩევა და უფრო მეტად მოედნის სიღრმეში დაწეული გამთამაშებელია. ალეგრიმ ამ სისტემით თამაში გასულ სეზონში სცადა, თუმცა იუვე ერთდროულად ოთხი შემტევით თამაშის დროს ძალიან ბევრ გოლს უშვებდა.

ამის შემდეგ ალეგრიმ 4-3-3 სქემით დაიწყო თამაშში, ერთი შემტევი სკამზე დასვა და მის ნაცვლად მოძრავი და ათლეტური ჩამშლელი მატუიდი დააყენა. ამ ცვლილების შემდეგ იუვეს დაცვაში პრობლემები აღარ ჰქონია. თუკი მოედნის ცენტრში ორი ნომინალური ნახევარმცველით თამაშის დროს იუვე თამაშში გოლზე მეტს უშვებდა, მატუდისთან ერთად ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ შემცირდა.

მატუიდისთან ერთად იუვე ბევრად ნაკლებ გოლს უშვებს

ზაფხულში რონალდოს ტრანსფერის შემდეგ, სპეციალისტები კვლავ ფიქრობდნენ, რომ იუვეს თავისი ვარსკვლავური შემტევების პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოეყენებინა და უფრო შემტევი 4-5-1 სქემით ეთამაშა. პირველივე შეხვედრაში კიევოს წინააღმდეგ ალეგრიმ მართლაც ერთდროულად 4 შემტევი (რონალდო, დიბალა, კუადრადო, დუგლას კოშტა) დააყენა და 4-5-1 სქემით დაიწყო თამაში. იუვემ 2 გოლი გაუშვა და თამაშის მოგება მხოლოდ ბოლო წუთებში შეძლო.

მეორე თამაშიდანვე ალეგრიმ სქემა შეცვალა და კვლავ დაცვაში უფრო საიმედო 4-3-3-ს დაუბრუნდა, ძირითად შემადგენლობაში კი კვლავ მატუიდი გამოჩნდა. შედეგად, იუვემ მომდევნო 9 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი მიიღო.

დიდი ალბათობით, სწორედ 4-3-3 სისტემა იქნება იუვესთვის ძირითადი სქემა, თუმცა დაცვის გაძლიერების მიზნით ალეგრის შეუძლია ერთდროულად სამი ცენტრალური მცველითაც ითამაშოს ხოლმე, ან უფრო სუსტი გუნდების წინააღმდეგ შემტევი 4-5-1-ც გამოიყენოს.

ყველაზე სწრაფი გუნდი?

კრიშტიანოსთან ერთად იუვენტუსს შეუძლია შეტევაში ძალიან სწრაფი გუნდი ჰყავდეს - რონალდო, დუგლას კოშტა, დიბალა და კუადრადო ძალიან სწრაფები არიან, კარგად უტევენ სივრცეს და კარგად თამაშობენ დრიბლინგში. გასულ სეზონში იუვეს დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადასვლა უჭირდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ იუვეს ცენტრალური ფორვარდი გონსალო იგუაინი სწრაფი მოთამაშეების რიცხვში არასოდეს შედიოდა. იგუაინთან ერთად იუვე უფრო ნელი იყო, წელს კი პირველივე 10 შეხვედრაში იუვემ უკვე 4 გოლი შეაგდო კონტრშეტევების შედეგად.

ვინ ითამაშებს კრიშტიანოს ერთად?

შემტევ ხაზში იუვეს ძალიან დიდი კონკურენცია აქვს. ერთდროულად 6 მოთამაშე სამი სათამაშო ადგილისთვის იბრძვის. ნათელია, რომ რონალდოს ადგილი ეჭვს არ იწვევს. იტალიაში სეზონის დაწყებამდე ფიქრობდნენ, რომ რონალდოსთან ერთად აუცილებლად უნდა ეთამაშათ დუგლას კოშტას და დიბალას - ორ ტექნიკურ და შემოქმედებით ფეხბურთელს.

თუმცა სეზონის სტარტმა გვაჩვენა, რომ კრიშტიანოსთან ერთად ყველაზე კარგად მარიო მანჯუკიჩი თამაშობს. მარიოს ისევე, როგორც კრიშტიანოს, ერთდროულად ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია და მარცხენა ფლანგიდან, შემტევის პოზიციაზეც.

იგუაინთან ერთად მანჯუკიჩი მუდამ მარცხენა შემტევის პოზიციაზე თამაშობდა. იგუაინს პოზიციის შეცვლა არ შეეძლო და სტატიკური იყო. მისგან განსხვავებით, კრიშტიანო ბევრს მოძრაობს და პოზიციებს მუდამ იცვლის. მანჯუკიჩი და კრიშტიანო ძალიან კარგად ახერხებენ კოორდინირებულად და სინქრონულად მოძრაობას. როდესაც კრიშტიანო მარცხნივ გადადის, მანჯუკიჩი ცენტრალური ფორვარდის პოზიციას იკავებს. მაგალითად, სწორედ ასე გავიდა გოლი ნაპოლისთან.

კრიშტიანო მარცხნივ გადმოვიდა, მანჯუკიჩმა მისი პოზიცია შეავსო.

როდესაც კრიშტიანო საჯარიმოში შედის, გამოკვეთილი თავდამსხმელის პოზიციაზე, მაშინ მანჯუკიჩი მარცხნივ გადადის. ეს ორი მოთამაშე პოზიციურად იდეალურად ეწყობა ერთმანეთს.

მანჯუკიჩის პასი მარცხნიდან და კრიშტიანოს გოლი

ამის გარდა, მანჯუკიჩი აქტიურად აპრესინგებს, იღებს დაცვით თამაშში მონაწილეობას და ათავისუფლებს კრიშტიანოს დაცვითი ფუნქციებისგან. გარკვეულწილად, იგი დამხმარე ფორვარდის ფუნქციას ასრულებს, თუ შეიძლება ვთქვათ, ბენზემას გაუმჯობესებული ვარიანტია.

კრიშტიანო მუდამ აქტიურია და მცველების ყურადღებას იქცევს. ამით კი მანჯუკიჩი სარგებლობს, რომელმაც სეზონის სტარტზე სულ რაღაც 9 დარტყმაში 4 გოლი შეაგდო. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი დარტყმების დიდი ნაწილი, ძალიან კარგი, საგოლე პოზიციიდან არის შესრულებული. კრიშტიანოსთან ერთად, მცველებს მანჯუკიჩისთვის ყურადღება აღარ ყოფნით.

სავარაუდოა, რომ იუვეს შემტევ სამეულში მანჯუკიჩი მუდამ რონალდოსთან ერთად ითამაშებს. მით უმეტეს, რომ რონალდოსაც არ უყვარს, როდესაც იგი გუნდის ერთადერთი ფორვარდია. ამ შემთხვევაში იგი დინამიურობას კარგავს, რადგან უფრო მეტად უწევს პოზიციურად საჯარიმოში თამაში და დაცვის გაძლიერებული ყურადღების ქვეშ ხვდება. დიბალასა და დუგლას კოშტასთან ერთად თამაშის შემთხვევაში, ეს ორივე მოთამაშე უფრო ფლანგებზე (დუგლას კოშტა) ან მოედნის სიღრმეში (დიბალა) თამაშს ამჯობინებს, რონალდოს კი მოუწევს, თამაშის დიდი ნაწილი მარტომ გაატაროს მეტოქის საჯარიმოში.

დიბალა, დუგლას კოშტა და ახალგაზრდა ბერნარდესკი სასტარტოში მესამე შემტევის პოზიციისთვის იბრძოლებენ.

სულ მცირე 2006 წლის კალჩოპოლის შემდეგ, იუვეს ასეთი ძლიერი და დაბალანსებული გუნდი აღარ ჰყოლია. ბოლო სეზონების ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს კრიშტიანო რონალდო დაემატა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ თამაშებში ყველაზე სახიფათო იარაღია. წელს იუვეს ისტორიული შანსი აქვს, რომ ზედიზედ 5 წაგებული ფინალის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს.

კომენტარები

ბოლო ამბები