Thumbnail
  • მფკ ტატიშვილი ევროასპარეზზე TMC თბილისის სახელით გამოვიდა
  • თბილისურმა გუნდმა მეინ რაუნდის ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა

საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  2017-18 წლების  ჩემპიონი, მფკ ტატიშვილი უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგას მეინ რაუნდიდან  გამოეთიშა. მედიკოსებმა სადებიუტო ევროტურნირზე TMC თბილისის სახელით იასპარეზეს. ალექსანდრე ძაბირაძის შეგირდებმა მოლდოვაში გამართული საკვალფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლიეს, მეინ რაუნდში კი სამი საინტერესო მატჩი გამართეს, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და სამწუხაროდ, მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდნენ.

TMC თბილისის ყველა გოლი ჩემპიონთა ლიგის მეინ რაუნდში

მეინ რაუნდში თბილისელებმა ყაზახურ აქტობესთან, ფინურ კამპუკსენ დინამოსთან და ხორვატულ ნოვო ვრიემესთან ერთად იასპარეზეს. ჯგუფის თამაშებს ხორვატიის ქალაქ მაკარასკამ უმასპინძლა. პირველ ტურში საქართველოს ჩემპიონი ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონ აქტობეს დაუპირისპირდა და 2:6 დამარცხდა. ქართველთა მხრიდან გოლები ვახტანგ კეკელიამ და გიორგი ქურდაძემ გაიტანეს. მეორე ტურის შეხვედრა TMC თბილისმა ჯგუფის ფავორიტის, მასპინძელ ნოვო ვრიემეს წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, 2:4 დამარცხდა. ქართული გუნდის რიგებში თავი კვლავ გიორგი ქურდაძემ და ვახტანგ კეკელიამ გამოიჩინეს.

თბილისურმა გუნდმა უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის მეინ რაუნდში ასპარეზობა დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა. დასკვნით შეხვედრაში ძაბირაძის გუნდი ფინურ კამპუკსენ დინამოს დაუპირისპირდა და 5:1 გაანადგურა მეტოქე. დუბლი თემურ ექიზაშვილმა შეასრულა, თითო გოლი კი ვახტანგ კეკელიას, გიორგი ქურდაძის და ვახტანგ ჯვარაშვილის ანგარიშზეა. ამ მოგებით საქართველოს ჩემპიონმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ელიტრაუნდის ერთადერთი საგზური ხორვატულმა ნოვო ვრიემემ მოიპოვა.

ვახტანგ კეკელია (ტატიშვილის კაპიტანი)
“პირველივე თამაში ძალიან ძლიერ მეტოქესთან მოგვიწია, აქტობე ცნობილი გუნდია. პირველივე წუთებში ორი გოლი გავუშვით, რაც პირველ რიგში, გამოცდილების ნაკლებობამ გამოიწვია. ისეთ მეტოქესთან, როგორიც აქტობეა, ასე დაწყებული თამაშის შემოტრიალება ძალიან ძნელი იყო და საბოლოოდ, წავაგეთ კიდეც.  მეორე თამაში მასპინძელ გუნდთან ნოვიე ვრიემესთან გვქონდა. თამაში ძალიან დაძაბული აღმოჩნდა, რადგან დავწინაურდით, მაგრამ ტაიმის მიწურულს დასანანი გოლები გავუშვით, ამას დაემატა ისიც, რომ ტრიბუნები გადაჭედილი იყო მეტოქე გუნდის მხარდამჭერებით. პლუს, ორი ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დაგვიდეს და საბოლოოდ, იმ თამაშში, რომლის მოგებაც კი შეგვეძლო, 2:4 დავმარცხდით. მესამე თამაშში ფინეთის გუნდს ვეთამაშეთ და ეს შეხვედრაც ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ 3 ქულა აგვეღო. პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა, მეორე ნახევარში კი  ოთხი უპასუხო გოლი შევაგდეთ. მინდა აღვნიშნო, რომ ქალაქში ფუტსალი ძალიან უყვართ და ამასთან, შესანიშნავი საფეხბურთო გარემო იყო შექმნილი. ეს ეხება როგორც დარბაზში მოსულ გულშემატკივარს, ასევე მთლიანად ქალაქს, სადაც ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იყო.“

კომენტარები

ბოლო ამბები