Thumbnail
  • სლოვაკეთის ნაკრები იან კოზაკის გადადგომის შემდეგ უმწვრთნელოდ დარჩა
  • სლოვაკები სავარაუდო კანდიდატებს შორის ვლადიმირ ვაისსაც განიხილავენ 
  • 54 წლის სპეციალისტს სფფ-სთან კონტრაქტი 2019 წლის ბოლომდე აკავშირებს

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი, შესაძლოა, სამუშაოდ სამშობლოში - სლოვაკეთის ეროვნულ გუნდში დაბრუნდეს, რომელსაც 2008-2012 წლებში წვრთნიდა. სლოვაკეთის ნაკრები ახლახან უმწვრთნელოდ დარჩა, 54 წლის სპეციალისტი კი სავარაუდო კანდიდატებს შორის სახელდება.

სლოვაკეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელები - ვლადიმირ ვაისი და იან კოზაკი

რამდენიმე დღის წინ სლოვაკეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იან კოზაკმა, გუნდში ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობა დატოვა. 

კოზაკის ხელმძღვანელობით სლოვაკეთის ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ⅛-ფინალში ითამაშა, თუმცა რუსეთში გამართულ 2018 წლის მუნდიალის საგზური ვეღარ მოიპოვა. გუნდმა უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფში ორივე მატჩი წააგო - სტუმრად უკრაინასთან (0:1) და შინ ჩეხეთთან (1:2). 64 სპეციალისტმაც თამამდებობის დატოვების გადაწყვეტილება სწორედ ბოლო, 13 ოქტომბერს ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მიიღო. ფედერაციის ხელმძღვანელობამ, რომლისთვის კოზაკის ნაბიჯი მოულოდნელი იყო, ნაკრების დროებით მწვრთნელად შტეფან ტარკოვიჩი დანიშნა.

დღეს, 16 ოქტომბერს, სწორედ ტარკოვიჩის ხელმძღვანელობით ჩაატარებს სლოვაკთა გუნდი ამხანაგურ მატჩს სტოკჰოლმში შვედეთის ნაკრებთან.

სლოვაკეთიდან საქართველომდე

ვაისის გაწვრთნილმა სლოვაკებმა მუნდიალის ჯგუფში იტალიას 3:2 მოუგეს

ვლადიმირ ვაისი თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს სათავეში 2008 წლის ივნისში ჩაუდგა და გუნდი ისტორიაში პირველად გაიყვანა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე. სლოვაკებმა სამხრეთ აფრიკაში 2010 წელს ჩატარებულ მუნდიალზე ჯგუფში იტალია ჩატოვეს და ⅛-ფინალში გააღწიეს.

ვაისმა თანამდებობა 2012 წლის დასაწყისში, მას შემდეგ დატოვა, რაც ნაკრები ევრო 2012-ის ფინალურ სტადიაზე ვეღარ გაიყვანა. ეროვნული გუნდის შემდეგ, ვლადიმირ ვაისი ბრატისლავის სლოვანსა და ალმათის ქაირათს წვრთნიდა, 2016 წლის გაზაფხულიდან კი სათავეში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგა. 

სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 5 მატჩი ფრედ დაასრულა, ამდენივე წააგო და 5 ქულით ჯგუფში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა. ამის მიუხედავად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვაისთან თანამშრომლობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო და 2017 წლის ბოლოს მწვრთნელთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით, 2019 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა.

უეფას ერთა ლიგაში ვაისი გაცილებით წარმატებულია - D ლიგის 1-ელ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს სამი თამაშიდან სამი მოგება აქვს და 9 ქულით ჯგუფის ლიდერია. დღეს ვაისი და მისი გუნდი სტუმრად ლატვიასთან ითამაშებენ.

ვაისს საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი 2019 წლის ბოლომდე აკავშირებს

თუ ვლადიმირ ვაისი მოინდომებს...

"სიმბოლური იქნებოდა, რომ სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ იან კოვაჩიკს წლების წინ სამსახურიდან გაშვებული ვაისი დაებრუნებინა. დღეს სლოვაკეთში რომელიმე მწვრთნელზე თუ შეუძლება ითქვას, რომ კადრების მომზადება და ეროვნული გუნდის ჩაბარება შეუძლია, ეს უპირველესად ვლადიმირ ვაისია. ძნელი წარმოსადგენია, რომ მას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იოლად შეელიოს, მაგრამ თუკი ვაისი მართლაც მოინდომებს მშობლიური ქვეყნის ნაკრებში დაბრუნებას, ქართული მხარე პრობლემა არ იქნებოდა. საკითხავი ისაა, მიმართავს მას სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაცია წინადადებით?", - წერს sport7.sk.

ვაისის ნაკრებში დაბრუნებას სლოვაკეთში ბევრი მიესალმება

კიდევ ერთმა სლოვაკურმა საიტმა futbal.pravda.sk-მ გამოკითხვა წამოიწყო იმის დასადგენად, თუ ვის ისურვებდნენ გულშემატკივრები ეროვნულ ნაკრებში იან კოზაკის ადგილზე. ხუთ სავარაუდო კანდიდატს შორის ვლადიმირ ვაისიცაა დასახელებული, თუმცა ამ დროისთვის მას ხმების მხოლოდ 12% აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები