Thumbnail

სუპერკლასიკო მეფე აბდულას სტადიონზე: ბრაზილია V არგენტინა

  • 📅 16 ოქტომბერი 🏟 ჯიდა, მეფე აბდულას სტადიონი ⌚ 21:45 ⚽ ბრაზილია V არგენტინა
  • ნეიმარი სუპერკლასიკოს მოუთმენლად ელის
  • ფრის შემთხვევაში თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნება

კაპიტნის სამკლაური მიიღო, პასუხისმგებლობა იგრძნო და ფეხბურთსაც ძველებურად თამაშობს - მსოფლიოს ჩემპიონატზე შერცხვენის შემდეგ, ბრაზილიელთა სუპერვარსკვლავი ნეიმარი ისევ მოწოდების სიმაღლეზეა და წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება. მართალია, ეს მხოლოდ ამხანაგური თამაშია, მაგრამ ბრაზილიისა და არგენტინის დაპირისპირება ყოველთვის უდიდეს ინტერესს იწვევს - მაშინაც კი, როცა საუდის არაბეთში, კერძოდ კი ჯიდაში, მეფე აბდულას სახელობის სტადიონზე ტარდება.

სუპერკლასიკოდ წოდებული მატჩის მთავარი გმირი ნეიმარი უნდა იყოს, რადგან ლიონელ მესი ნაკრებში არ არის. “უაზრობაა, ლიდერობა დააბრალო ისეთს, ვინც თამაშის წინ 20-ჯერ შედის ტუალეტში. მესის გაღმერთებას უნდა შევეშვათ!” - ეს სიტყვები დიეგო მარადონას ეკუთვნის. დიდმა არგენტინელმა ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონმა, რომელიც ახლა მექსიკის მეორე ლიგის გუნდს დორადოსს წვრთნის, ისიც თქვა, არგენტინის ნაკრების დამრიგებელი რომ ვიყო, მესის არც გამოვიძახებდიო. გამოძახებას აზრიც არ ექნებოდა, რადგან 31 წლის ლეომ თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ ნაკრებისგან დაისვენოს. შესაბამისად, ალბისელესტეს დროებითი მწვრთნელი ლიონელ სკალონი მას არც იძახებს.

და იმ დროს, როცა მესი ისვენებს და ინსტაგრამზე ოჯახთან ერთად ვახშმობის დროს გადაღებულ ფოტოებს დემონსტრაციულად პოსტავს, ნეიმარი ნაკრებშიც კარგად გამოიყურება - აშშ-სთან (2:0) და სალვადორთან (5:0) თითო გოლი გაიტანა, საუდის არაბეთთან (2:0) კი, ორი საგოლე პასი გააკეთა.

კითხვაზე, რატომ დუმდა მუნდიალის შემდეგ დიდხანს, ნეიმარი ასე პასუხობს: “ლოგიკურია, რომ არ ვეთანხმებოდი ყველაფერს, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ითქვა, მაგრამ ჩემი კოლეგებისთვის ურთულეს სიტუაციაში აზრის გამოთქმა არ მინდოდა.” - როგორც იცით, 26 წლის სუპერვარსკვლავს სიმულანტობის გამო აკრიტიკებდნენ.

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების კაპიტანია

ნაკლები ეგოიზმი, მეტი გუნდურობა - ნეიმარი ამბობს, რომ ძალიან შეიცვალა: “ბედნიერი ვარ ყველა თამაშით, რომელსაც ვატარებ. საგოლე პასების გაკეთებაც ისე მსიამოვნებს, როგორც გოლების გატანა,” - ამბობს ბრაზილიელი და ცდილობს, ლიდერად წარმოჩინდეს: “საუდის არაბეთთან მატჩის შემდეგ, გასახდელში ბიჭებს ვუთხარი, რომ მომდევნო მატჩი განსაკუთრებულია, რადგან არგენტინას ვეთამაშებით!”

სუპერკლასიკოს გამარჯვებულს სპეციალური თასი ელოდება, რის გამოც, ფრის შემთხვევაში, პენალტების სერია დაინიშნება. სანაკრებო დონეზე თასის (თუნდაც ამ უმნიშვნელო თასის) აწევა ნეიმარისთვის დიდი ამბავი იქნებოდა, მესისთვის კი ასეთი თასის აწევაც ოცნებად რჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები