Thumbnail

გმირი ჩიპოლინა - გიბრალტარელს, ვინც სომხეთს გაუტანა, ბაქოს კლუბი იწვევს

  • გიბრალტარის ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთთან გამარჯვებით ისტორია დაწერა
  • აზერბაიჯანელები სომხეთის კარში გოლის ავტორს თავიანთ კლუბში იწვევენ
  • ვინ არის ჟოზეფ ჩიპოლინა

სომხეთის ნაკრებმა ერევანში გამართულ უეფას ერთა ლიგის მატჩში გიბრალტარის ეროვნულ გუნდთან წააგო (0:1). ვაზგენ სარქისიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე 13 ოქტომბერს ჩატარებული შეხვედრა სომხებისთვის სამარცხვნიო, გიბრალტარელებისთვის კი ისტორიული აღმოჩნდა - ოფიციალურ შეხვედრაში ისტორიაში პირველად მოიგეს.

ჰიმნი შეცდომით, ჩხუბი თამაშის შემდეგ

ჩვენი მეზობლებისთვის გიბრალტართან 13 ოქტომბრის მატჩი "დანავსული" სხვა რამითაც გამოდგა. ერევნის სტადიონზე თამაშის დაწყების წინ ტრადიციული ჰიმნების შესრულებისას, სომხებმა გიბრალტარის ნაცვლად, ლიხტენშტაინის ეროვნული ჰიმნი დაუკრეს.

ამის გამო გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაციამ უკმაყოფილება გამოთქვა, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ კი ბოდიში მოიხადა.

ინციდენტი მოხდა თამაშის დასრულების შემდეგაც. გავრცელებული ინფორმაციით, ფან-კლუბებს შორის ჩხუბი გაჩაღდა და მხარეების დასაშოშმინებლად სამართალდამცველთა მობილიზება გახდა საჭირო.

ისტორიული გამარჯვება

სომხებთან თამაშამდე გიბრალტარს, რომელიც უეფას წევრი 2013 წლიდანაა, თავის ისტორიაში 22 ოფიციალური მატჩი ჰქონდა ჩატარებული - არცერთი მოგება, არცერთი ფრე, 5 გატანილი და 107 გაშვებული ბურთი. გამარჯვების სიხარული კი ამ ნაკრებს აქამდე სულ ორჯერ, ამხანაგურ შეხვედრებში ჰქონდა განცდილი (მალტასა და ლატვიასთან). 

"ეს ისტორიული გამარჯვებაა ჩვენთვის, რადგა უეფაში გაწევრიანების დღიდან, ეს გუნდის პირველი წარმატებაა ოფიციალურ მატჩებში. ჩვენ ისტორია დავწერეთ", - თქვა გიბრალტარის მთავარმა მწვრთნელმა ხულიო სესარ რიბასმა ერევანში მოგების შემდეგ.

გმირი ჯოზეფ ჩიპოლინა

ჰენრიხ მხითარიანსა და კომპანიასთან გამარჯვების გოლის ავტორი 50-ე წუთზე, ჯოზეფ ჩიპოლინა გახდა, რომელმაც 11-მეტრიანიდან გაიტანა. 

გიბრალტარელებისთვის 13 ოქტომბერი განსაკუთრებულ თარიღად იქცა

ცნობისთვის, გიბრალტარის ნაკრების 30 წლის მარცხენა მცველი (თამაშობს ნახევარმცველის პოზიციაზეც) ამ ქვეყნის კლუბის ლინკოლნ რედ იმპისის ღირსებას იცავს, ფეხბურთთან შეთავსებით კი, საოფისე საქმიანობითაცაა დაკავებული - ერთ-ერთ კომპანიაში ადმინისტრატორად მუშაობს. 

სომხეთის კარში გატანილი გოლი ჟოზეფისთვის ეროვნულ გუნდში პირველია, საერთოდ კი ის გიბრალტარულ ფეხბურთში გამორჩეული პიროვნება აქამდეც იყო - 2014 წელს ჩიპოლინა პირველი გიბრალტარელი ფეხბურთელი გახდა, ვინც უეფას ჩემპიონთა ლიგაში (საკვალიფიკაციო ეტაპზე) გოლი გაიტანა. 

ბუნებრივია, სომხეთის ნაკრების ფიასკომ, ამ ქვეყანასთან დაპირისპირებულ აზერბაიჯანში ბევრი გაახარა. azerisport.com-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანული კლუბი ბაქოს კეშლია (ყოფილი ბაქოს ინტერი) ჯოზეფ ჩიპოლინას გუნდში მიწვევითაა დაინტერესებული და უახლოეს დღეებში ფეხბურთელს წინადადებითაც მიმართავს.

სამი ტურის შემდეგ სომხეთის ნაკრები უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის მე-4 ჯგუფში მესამე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 16 ოქტომბერს, შინ ლიდერ მაკედონიის ნაკრებთან ჩაატარებს, რომელთანაც სკოპიეში 0:3 წააგო. გიბრალტარი ამავე დღეს ლიხტენშტეინს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები