Thumbnail
  • ჰოლანდიასთან წაგების შემდეგ, გერმანელებმა განგაში ატეხეს
  • ექსპერტები იოახიმ ლიოვის გათავისუფლებას ითხოვენ
  • ვინ და როდის შეიძლება შეცვალოს ბუნდესმწვრთნელი?

როგორც კი ჰოლანდიასთან მატჩი დასრულდა, იოახიმ ლიოვმა ამსტერდამის “იოჰან კრუიფ არენას” კატაკომბებში სიგარეტს მოუკიდა. გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმაზე მეტად განადგურებული ჩანდა, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიასკოს დროს.

“ყველა თავისას მიიღებს! ყველა მიიღებს ცხვირ-პირში. ცხადია, მეც მივიღებ, როგორც მწვრთნელი,” - თქვა იოვმა ARD-ს პირდაპირ ეთერში. “იოგი” ასეთ რაღაცებს იშვიათად ამბობს ხოლმე.

პრესკონფერენციაზე მას მომავლის შესახებაც დაუსვეს კითხვა (კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს), რაზეც ასე უპასუხა: “ეს მე არ უნდა მკითხოთ!”

გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში აი, ასეთი განწყობაა

და რას ამბობს ის, ვისთვისაც უნდა ეკითხათ? გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი რაინჰარდ გრინდელი მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებს სტადიონიდან გაეპარა და მხოლოდ კვირას გააკეთა განცხადება: “ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე კრახის შემდეგ, ყველაფერი მალე ვერ გამოსწორდებოდა.”

“ბილდის” ინფორმაციით, გრინდელი ლიოვს არც საფრანგეთის ნაკრებთან წაგების შემთხვევაში გაათავსუფლებს - ეს მატჩი სამშაბათს გაიმართება. მიზეზი: ჰოლანდიასთან საპასუხო მატჩამდე ძალიან ცოტა დროა (35 დღე), გერმანელებს კი აჩქარება არ უყვართ.

გერმანული მედია ლიოვს უკვე სასტიკად აკრიტიკებს. ჟურნალისტები პირდაპირ ითხოვენ მწვრთნელის შეცვლას, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ იოგიმ გერმანიის ნაკრებში საკუთარი შესაძლებლობები უკვე ბოლომდე ამოწურა. ლიოვის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ მისი ალტერნატივა არ ჩანს: ბუნდესგუნდის დამრიგებლის პოსტზე საუკეთესო კანდიდატი ალბათ იურგენ კლოპი იქნებოდა, მაგრამ 51 წლის სპეციალისტი დაკავებულია და ლივერპულიდან წასვლას არ აპირებს. ტოპ-მწვრთნელია თომას ტუხელიც, რომელიც პარი სენ-ჟერმენშია ბედნიერი. არის მათიას ზამერის ვარიანტიც, მაგრამ მას გერმანიის ნაკრების მენეჯერ ოლივერ ბირჰოფთან ცუდი ურთიერთობა აქვს.

ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს გერმანიის ნაკრებში აუცილებლად ლიოვი ჩაამთავრებს, ევროპის ჩემპიონატის ტრადიციული შესარჩევი ციკლი კი, რომელიც სტარტს მარტში აიღებს, შესაძლოა, მართლაც ახალმა მწვრთნელმა დაიწყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები