Thumbnail

ნოლემ როჯერს გადაუსწრო - ჯოკოვიჩმა შანხაის მასტერსი მოიგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:3, 6:4 ბორნა ჩორიჩი
  • 31 წლის სერბი მსოფლიოს მე-2 ჩოგანი გახდა

სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა (3) შანხაის მასტერსის ფინალში მე-13 ნომრად განთესილი ხორვატი ბორნა ჩორიჩი (19) იოლად დაამარცხა - 6:3, 6:4. ამით ნოლემ მსოფლიოს რეიტინგში როჯერ ფედერერს გადაასწრო და მეორე ჩოგანი გახდა. 21 წლის ჩორიჩი კი ორშაბათიდან მსოფლიოს მე-13 ჩოგანი გახდება. 

მატჩი საათსა და 37 წუთს გაგრძელდა და სერბი ფავორიტის უპირატესობა მთელი შეხვედრის განმავლობაში შესამჩნევი იყო. პირველ სეტში ჯოკოვიჩმა 3:2-ზე აართვა მეტოქეს მოწოდება და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. მეორე სეტიც ჯოკოვიჩის ბრეიქით დაიწყო, 3:5-ზე ბორნამ სამი მატჩ პოინტი გადაარჩინა, მაგრამ სულ ეს იყო.

"დიდი სლემის" ტურნირების 14-გზის გამარჯვებულმა 7 ეისი ჩააგდო და მოწოდებაზე ორმაგი შეცდომა ერთხელაც არ დაუშვია. დაჯილდოვების ცერემონიალზე ჯოკოვიჩმა პუბლიკას ჩინურად მიმართა. შანხაის მასტერსის საპრიზო ფონდი $ 7 086 700 იყო. 

ჯოკოვიჩმა კარიერაში 1001-ე მატჩი ითამაშა და 72-ე ტიტული მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ ტურნირში ნიკოლოზ ბასილაშვილიც მონაწილეობდა, რომელიც მეორე წრეში ალექსანდერ ზვერევთან დამარცხდა. ნიკამ სარეიტინგო ქულები გაიუმჯობესა, თუმცა რეიტინგში კვლავ 23-ე პოზიციაზე იქნება. ამ კვირაში ქართველი ჩოგბურთელი ისვენებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები