Thumbnail

სომხეთის ნაკრები შერცხვა - გიბრალტარის ისტორიული გამარჯვება ერევანში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გიბრალტარის ნაკრებმა ერევანში ისტორიული წარმატება იზეიმა
  • პატარა ქვეყნის პირველმა გუნდმა პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო

ადრე თუ გვიან, ეს უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც: გიბრალტარის ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება იზეიმა. პატარა ქვეყანამ, რომელიც ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაზეა და იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთით, გიბრალტარის სრუტესთან მდებარეობს, ჩრდილოეთით კი ესპანეთი ესაზღვრება, უეფას ერთა ლიგის D4 ჯგუფში სტუმრად სომხეთის ნაკრები 1:0 დაამარცხა. 

ეს იმას ნიშნავს, რომ გიბრალტარის ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიგო ოფიციალური მატჩი!

ისტორიული გამარჯვების გოლის ავტორი იოზეპ ჩიპოლინაა - 30 წლის მცველმა, რომელიც ფუტსალსაც თამაშობს, 50-ე წუთზე პენალტი გაიტანა. არადა, სომხეთის ნაკრები უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ჰენრიხ მხითარიანმა და კომპანიამ სირცხვილი თავიდან ვერ აიცილეს.

უეფაში გაწევრიანების შემდეგ, გიბრალტარს ყველა ოფიციალური მატჩი წაგებული ჰქონდა, მათ შორის საქართველოს ნაკრებთან ევრო 2016-ის შესარჩევში და ახლაც, ერთა ლიგის პირველი ორი მატჩი. გიბრალტარელებს სომხეთთან გამარჯვებამდე მხოლოდ ორი ტესტ-მატჩი ჰქონდათ მოგებული (მალტასთან 1:0 და ლატვიასთან 1:0). გარდა ამისა, ორი ამხანაგური შეხვედრა ფრედ ჰქონდათ დამთავრებული (ლიხტენშტაინთან და ესტონეთთან).

P.S. ერევანში გამართული მატჩის წინ, გიბრალტარის ნაცვლად ლიხტენშტაინის ეროვნული ჰიმნი ჩართეს, რისთვისაც სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.

კომენტარები

ბოლო ამბები