Thumbnail

ვლადიმირ ვაისი: მატჩის წინ, ყაზაიშვილს ორი გოლის გატანა ვთხოვე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრებმა ანდორას სამი უპასუხო გოლი გაუტანა
  • ვლადიმირ ვაისის გუნდი 9 ქულით ჯგუფის ლიდერია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მესამე მატჩი გამართა და ანდორის ნაკრები 3:0 დაამარცხა (მიმოხილვა და გოლები). პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა თამაში შეაფასა და ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა…

ვაისი: ანგარიშის მიუხედავად, რთული მატჩი იყო. 3:0 კარგი შედეგია - მით უმეტეს, ასეთ ორგანიზებულ და დაცვაზე ორიენტირებულ გუნდთან. მოხარული ვარ ფეხბურთელების გამო, რომლებიც ძალიან გახარებულები არიან. მნიშვნელოვანი მოგება იყო გუნდისთვის და მთელი საქართველოსთვის.

რამდენად მძიმეა თორნიკე ოქრიაშვილის ტრავმა და აქვე მეორე შეკითხვა: ჯანო ანანიძეს თუ მისცემთ უფრო მეტ დროს ლატვიასთან შეხვედრაში?

ვაისი: სამწუხაროდ, ოქრიაშვილი ვარჯიშზე დაშავდა და ორი კვირა ვერ შეძლებს თამაშს. თორნიკე ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, განსაკუთრებით სასარგებლო კი შეუძლია იყოს ასეთ შეხვედრებში, როდესაც ერთი-ერთზე თამაში და კაცის მოტყუებაა საჭირო. რაც შეეხება ჯანო ანანიძეს, მხოლოდ ნახევარი საათი შეეძლო თამაში და აჩვენა კიდეც ის, რაც მას შეუძლია. 

ორი ფრე საკმარისია და საქართველოს ნაკრები გავა მომდევნო ეტაპზე. ლატვიასთან შეხვედრაში თქვენთვის ფრე მისაღები შედეგი იქნება, თუ მოსაგებად ითამაშებთ?

ვაისი: სამ დღეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩია. რა თქმა უნდა, მოგება გვინდა და სწორედ სამი ქულისთვის ვითამაშებთ. თუმცა, კარგად მესმის, რომ ლატვიაში თამაში ადვილი არ იქნება. ხომ ხედავთ, გიბრალტარმა სომხეთის ნაკრებს მოუგო, რაც ნათელი დადასტურებაა იმის, რომ ადვილი თამაშები აღარ არსებობს.

მომდევნო მატჩისთვის გარკვეული ცვლილებები მოგვიწევს, რაც ტაქტიკით და ფეხბურთელთა დაღლილობით არის განპირობებული. ორი-სამი ქულა გვჭირდება მიზნის მისაღწევად და ჩვენ ამ ქულებისთვის ვიბრძოლებთ. 

აქვე ვიტყვი, რომ მატჩის წინ, ვაკოს ორი გოლის გატანა ვთხოვე და შეასრულა კიდეც ჩემი დავალება. მოხარული ვარ ჯაბა კანკავას გამო, რომელიც გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს.

ნიკა კაჭარავას თამაშით თუ ხართ კმაყოფილი და უნდა ველოდოთ თუ არა მას ლატვიასთან ძირითად შემადგენლობაში?

ვაისი: კაჭარავასგან მეტს ველოდი. ცდილობდა, მაგრამ ეს ცოტაა იმისთვის, რომ გოლი გაიტანო. უფრო აქტიურად უნდა ემოძრავა, გამოეყენებინა სიმაღლე, მაგრამ შედარებით ინერტული იყო. ლატვიასთან მატჩისთვის კიდევ ერთი ფორვარდის გამოძახებას ვგეგმავ. ახალი თავდამსხმელი შესაძლოა ბუდუ ზივზივაძე იყოს, ან ლადო დვალიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები