Thumbnail

‘ახლა უარეს დღეში ვართ!’ - ბონუჩი იტალიურ ფეხბურთს მისტირის

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იტალიის ნაკრების კაპიტანმა სკუადრა აძურას კრიზისზე ისაუბრა
  • ლეონარდო ბონუჩი შიშობს, რომ კრიზისი უფრო გაღრმავდება

იტალიის ნაკრების დაცვის ხაზის ლიდერის, ლეონარდო ბონუჩის აზრით, “სკუადრა აძურა” სერიოზულ კრიზისშია. უეფას ერთა ლიგის A3 ჯგუფში იტალია პორტუგალიასთან და პოლონეთთან ერთად ასპარეზობს. ორი ტურის შემდეგ, რობერტო მანჩინის გუნდი 1 ქულით ბოლო ადგილზეა და ლიდერ პორტუგალიას უკვე 5 ქულით ჩამორჩება. პირველ შეხვედრაში იტალიამ პოლონეთს ვერ მოუგო (1:1), მეორე ტურში კი პორტუგალიაში 0:1 დამარცხდა. კვირას, მანჩინის გუნდი პოლონეთს სტუმრობს და თუ ვერ მოიგებს, ერთა ლიგის B ლიგაში დაქვეითების საფრთხე დაემუქრება.

“B ლიგაში დაქვეითების საფრთხე ამ მატჩს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. ეს ძალიან რთული შეხვედრა იქნება. ვალდებულები ვართ, რომ მოვიგოთ,” - განაცხადა ბონუჩიმ “კორიერე დელო სპორტთან” ინტერვიუში. ერთა ლიგის B ლიგაში დაქვეითების შემთხვევაში, იტალია ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლაში საქმეს გაირთულებს. შეგახსენებთ, რომ “სკუადრა აძურამ” 2018 წლის მუნდიალი გამოტოვა.

“ერთი წლის წინ, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოვიპოვეთ, ფსკერზე აღმოვჩნდით. სამწუხაროდ, ამ 1 წელიწადში არაფერი შეიცვალა. უფრო მეტიც: შესაძლოა, ახლა უფრო უარეს დღეშიც ვართ. იმედი მაქვს, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები სიტუაციას შეცვლის. იტალია, იტალიელი ფეხბურთელები და ტიფოზები უკეთესს იმსახურებენ. იტალიურ ფეხბურთს ძირეული ცვლილებები და დიდი რეფორმა სჭირდება,” - დასძინა ბონუჩიმ.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტს 22 ოქტომბერს აირჩევენ. ერთადერთი კანდიდატი ჯერჯერობით 63 წლის ბიზნესმენი გაბრიელე გრავინაა, რომელიც ამავდროულად მესამე ლიგის პრეზიდენტია. მას მერე, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა კარო ტავეკიომ პოსტი დატოვა, იტალიურ ფეხბურთს დროებითი კომისარი რობერტო ფაბრიჩინი ხელმძღვანელობს.

კომენტარები

ბოლო ამბები