Thumbnail

‘მონაკო ყოველთვის ჩემს გულში იყო!’ - ტიერი ანრიმ ყოფილი გუნდი ჩაიბარა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლეგენდარუილ ფრანგი თავდამსხმელი სამწვრთნელო კარიერის ახალ ეტაპს იწყებს
  • ტიერი ანრი მონაკოს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

როგორც მოსალოდნელი იყო, ლონდონის არსენალისა და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარული ფორვარდი ტიერი ანრი მონაკოს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამრიგად, ანრი ბრუნდება იქ, საიდანაც მთელმა საფეხბურთო მსოფლიომ გაიცნო და, ამავდროულად, მთავარი მწვრთნელის რანგში ეს მისი პირველი გუნდია.

ანრი საფეხბურთო მსოფლიომ მონაკოდან გაიცნო

41 წლის ფრანგმა მონაკოელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ყოფილ კლუბს ბედი 2021 წლის ივნისამდე დაუკავშირა. ეს ინფორმაცია მონაკომ შაბათს ოფიციალურად დაადასტურა. ანრიმ ამ თანამდებობაზე ლეონარდო ჟარდიმი შეცვალა.

ანრი მონაკოში ურთულესი ამოცანის წინაშე დგას. 9 ტურის შემდეგ გუნდი ყველასათვის მოულოდნელად მე-18 ადგილზეა და მხოლოდ 1 მატჩი აქვს მოგებული. არადა, წინა სეზონში მონაკო საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

“პირველ რიგში დიდი მადლობა მონაკოს იმისათვის, რომ მომეცა საშუალება, ჩემთვის ასე მნიშვნელოვანი გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიყო. ძალიან მიხარია, რომ ისევ მონაკოში ვარ. უდიდესი გამოწვევის წინაშე ვდგავარ და მჯერა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მოუთმენლად ველი იმ წუთს, როცა ფეხბურტელებს შევხვდები და ვარჯიშებს დავიწყებთ. მონაკო ყოველთვის ჩემს გულში იყო!” - განაცხადა ანრიმ.

ანრი მონაკოში 1993-დან 1999 წლამდე თამაშობდა და 141 შეხვედრაში 28 გოლის გატანა შეძლო. როგორც იცით, მონაკოში გადასვლამდე ფრანგი ლეგენდა ბელგიის ნაკრებში, მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები