Thumbnail
  • ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გერმანიასთან გამარჯვებას წინასწარმეტყველებს
  • ჰოლანდიელები დღეს ვან დერ ვაარტს და კუიტს გააცილებენ

დღეს, ერთა ლიგის A1 ჯგუფში ძალიან საინტერესო მატჩია: ჰოლანდიის ნაკრები გერმანიას მასპინძლობს. ჯგუფს საფრანგეთის ნაკრები ლიდერობს - მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს ორი მატჩის შემდეგ 4 ქულა აქვთ (გერმანიაში 0:0 ითამაშეს, ჰოლანდია 2:1 დაამარცხეს). ჰოლანდიელებს და გერმანელებს კი თითო მატჩი აქვთ ჩატარებული - ბუნდესგუნდი 1 ქულით მეორე ადგილზეა, ჰოლანდია კი - უქულოდ მესამეზე.

ვან დერ ვაარტმა ნაკრებში ბოლოს 2013 წელს ითამაშა

შესაბამისად, მათ დაპირისპირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ესეც რომ არ იყოს, ჰოლანდიისა და გერმანიის ნაკრები გუნდების დუელი ყოველთვის განსაკუთრებით მძაფრია. ეს არის ერთგვარი დერბი სანაკრებო დონეზე.

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლები გერმანულ ჰამბურგში აქვს გატარებული, დარწმუნებულია, რომ ჰოლანდია ბუნდესგუნდს დაამარცხებს.

“ეს განსაკუთრებული თამაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მჯერა, რომ გერმანიას დავამარცხებთ და, თანაც, დამაჯერებლად. ჩემი პროგნოზია 3:0 ჰოლანდიის ნაკრების სასარგებლოდ,” - განაცხადა 35 წლის ვან დერ ვაარტმა თოქშოუ Pauw-ში სტუმრობისას.

ვან დერ ვაარტს, რომელიც კარიერის მიწურულს დანიურ ესბიერგში თამაშობს, გერმანიასტან მატჩის შემდეგ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებიდან ოფიციალურად გააცილებენ. ამსტერდამის პუბლიკა ასევე დაემშვიდობება 38 წლის დირკ კუიტს, რომელსაც ნაკრებში 104 მატჩი აქვს ჩატარებული (ვან დერ ვაარტს 109).

სავარაუდო შემადგენლობები

ჰოლანდია (4-3-3): სილესენი - დუმფრისი, დე ლიხტი, ვან დაიკი, ბლინდი - ვეინალდუმი, ფ. დე იონგი, სტროოტმანი - პრომესი, დეპაი, ბაბელი.

გერმანია (4-3-3): ნოიერი - გინტერი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰექტორი - კიმიხი, რუდი, კროოსი - მიულერი, ვერნერი, სანე.

კომენტარები

ბოლო ამბები