Thumbnail

'გავჭერით გზა, რომელზეც თაობები ივლიან' - ინტერვიუ მევლუდ მელაძესთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მევლუდ მელაძე 2017 წლის საქართველოს დრიფტის ჩემპიონია
  • ქართველმა მრბოლელმა ევროპის დრიფტის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა

მევლუდ მელაძეს ავტოსპორტის ქართველი გულშემატკივრები კარგად იცნობენ. პროფესიონალი მრბოლელია, თუმცა მისი საქმიანობა უფრო მრავალმხრივია და მის სახელს არაერთი პროექტი, შეჯიბრი და ღონისძიების ორგანიზება უკავშირდება. ბოლო პერიოდში, მელაძე ავტოსპორტის ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ სახეობაზე, დრიფტზე გადაერთო, რბოლებშიც მონაწილეობს და საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის ორგანიზებაშიც ჩართულია. მევლუდმა დრიფტის ევროპის ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა და მწირი რესურსების მიუხედავად, წარმატებას მიაღწია. ამასთან, მევლუდი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ ვითარდება მოვლენები ქართულ ავტოსპორტში და ამაში საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტ შოთა აფხაზავას ადანაშაულებს, რომელიც ამავდროულად რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მფლობელია. ამ ყველაფერზე მევლუდ მელაძე popsport.com-ს ესაუბრა...

popsport: ბოლო პერიოდში, დრიფტში მოღვაწეობ და მოკლე დროში ბევრ წარმატებასაც მიაღწიე. რამ განაპირობა ეს არჩევანი?

მელაძე: მსოფლიო ავტოსპორტის პულსზე მიდევს ხელი და კარგად ვიცი, რომელი სახეობები ვითარდება. ბოლო პერიოდში, დრიფტი განსაკუთრებულად პოპულარულია, რადგან ეს სახეობა ყველაზე სანახაობრივია. შესაბამისად, მეც დრიფტზე გავაკეთე არჩევანი და სწორედ ამ მიმართულებით ვიღვწვი. იაპონიასა და ამერიკაში დრიფტის დიდი კულტურაა, ევროპაში კი სულ უფრო პოპულარული ხდება. პირველად ჩატარდა დრიფტის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 6 ეტაპისგან შედგებოდა და სწორედ ამ ჩემპიონატში მივიღე მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონის სტატუსით. აქამდე, ავტოსპორტის ყველა სახეობაში ვიყავი ქვეყნის ჩემპიონი გარდა დრიფტისა და ეს ტიტულიც მოვიგე. სწორედ ამან მომცა საშუალება, რომ ევროპის ჩემპიონატზე წავსულიყავი, რადგან იქ მხოლოდ ჩემპიონები და უძლიერესი სპორტსმენები ასპარეზობენ. 

მევლუდ მელაძე

popsport: ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა ფინანსებთან იქნებოდა დაკავშირებული...

მელაძე: პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ პროექტს ჩემი პირადი ავტომობილი, "პონტიაკი" შეეწირა. ჩვენ გავჭერით გზა ევროპაში და ამ გზაზე შემდეგ თაობებმა უნდა იარონ. შესაბამისად, არ მქონდა იმის უფლება, რომ უსახსრობის გამო ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა არ მიმეღო. ევროპის ჩემპიონატზე თუ მანქანას 500 ცხენის ძალა არ აქვს, იქ არაფერი გესაქმება, მე კი გავმართე ჩემი BMW E36, რომელიც ალბათ 250 ცხენის ძალას თუ ქაჩავდა. როგორც აღვნიშნე, ევროპის ჩემპიონატი 6 ეტაპისგან შედგება, მე კი მხოლოდ 2 ეტაპზე მივიღე მონაწილეობა: პოლონეთსა და გერმანიაში, სხვა ეტაპებს კი უსახსრობის გამო გამოვაკლდი.

popsport: დავიწყოთ პოლონეთის ეტაპით...

მელაძე: როდესაც მანქანა ტექდათვალიერებაზე მივიყვანე, არ შეესაბამებოდა სტანდარტებს, მაგრამ პოლონეთიდან უკან ხომ არ გამომაბრუნებდნენ და შეჯიბრში მონაწილეობის უფლება მომცეს. თუმცა, იქვე მაგრძნობინეს, რომ ასეთი მანქანით კონკურენციას ვერავის გავუწევდი. საკვალიფიკაციო ეტაპზე 70 მრბოლელი მონაწილეობდა და აქედან მხოლოდ 32 გააგრძელებდა ბრძოლას წყვილთა შეჯიბრში. საუკეთესო 32-ეულში ჩემი მოხვედრა წარმოუდგენლად მოჩანდა, მაგრამ 27-ე ადგილი დავიკავე და მომდევნო ეტაპის საგზური მოვიპოვე. ამ მოვლენამ მთლიანად ქართული ავტოსპორტის იმიჯი აწია და მაშინვე თქვეს, რომ თუ საქართველოში ასეთი მანქანებით ასე წარმატებით რბოლობენ, მაშინ ქართული ავტოსპორტი მეტ ყურადღებას იმსახურებს. ამიტომ, მივაღწიეთ შეთანხმებას და სამომავლოდ, საქართველოს ჩემპიონატის სამი საუკეთესო მრბოლელი მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის ლიცენზიას, ასეთი პატივი კი ბევრ ქვეყანას არ აქვს. რაც შეეხება პოლონეთის ეტაპს, წყვილთა შეჯიბრში მე-5 ნომრად განთესილ რედ ბულის მრბოლელს შევხვდი და მძაფრ კონკურენციაში დავმარცხდი, რასაც ასევე არავინ ელოდა. 

მევლუდ მელაძის დუელი რედ ბულის პილოტთან

popsport: შემდეგ იყო გერმანიის ეტაპი და ასევე წარმატებული გამოსვლა...

მელაძე: პოლონეთში წარმატებულ ასპარეზობას ყველა მილოცავდა, თუმცა იქვე მეუბნებოდნენ რომ ამ მანქანით გერმანიაში ჩასვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან იქ კიდევ უფრო რთულ ტრეკზე მომიწევდა რბოლა. ლაპარაკია ფორმულა 1-ის ტრასაზე, სადაც მოსახვევში 170 კმ. სიჩქარით უნდა შეხვიდე და როდესაც ეს მოსახვევი პირველად ვნახე, მართლა დავფიქრდი რომ უშანსოდ ვიყავი. ერთადერთი შანსი ამ მოსახვევში ინერციით შესვლა იყო და არა გაზით, რამაც გაამართლა. საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დავძლიე და მე-16 შედეგი ვაჩვენე. შემდეგ, მრბოლელებისთვის თეორიული ვარჯიში ჩატარდა, სადაც ამ მოსახვევში ჩემი შესვლის ტრაექტორია საუკეთესო მაგალითად წარმოადგინეს, რამაც ჩემში უხერხულობაც კი გამოიწვია, რადგან იქ მსოფლიოს საუკეთესო დრიფტერები იყვნენ წარმოდგენილნი. გერმანიაში 1/16 ფინალში გავედი, სადაც ევროპის ჩემპიონს, რუბიკ ზალევსკის შევხვდი და დაძაბულ ბრძოლაში დავმარცხდი. ერთი სიტყვით, ორივე ეტაპზე იდენტური შედეგი ვაჩვენე. 

popsport: ალბათ მომდევნო ევროპის ჩემპიონატზე უკეთეს შედეგს უმიზნებ...

მელაძე: მე მრბოლელი ვარ, თუმცა ამავდროულად, საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის ორგანიზებაში ვმონაწილეობ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ საქართველოში სპორტის ეს სახეობა განვითარდეს. ჩემთვის ყველაზე დიდი პატივი საქართველოს ჩემპიონობაა, თუმცა ამავე დროს, შიდა პირველობაზე წარმატებულ დრიფტერებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალება. უნდა არსებობდეს კიბე, რომელზეც სპორტსმენმა უნდა იაროს და განვითარდეს. არ შეიძლება მხოლოდ საკუთარ სივრცეში ვიყოთ ჩაკეტილი. 2018 წლის საქართველოს დრიფტის ჩემპიონი ბათუმელი ვახტანგ ხურციძეა და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას ხელი შევუწყო საერთაშორისო ჩემპიონატზე წასასვლელად. მე მეორე ადგილი დავიკავე, ასევე ვაპირებ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას და უკეთესი შედეგის ჩვენებას. აქვე ვიტყვი, რომ ამ პრესტიჟული ტურნირის 6-ვე ეტაპზე მონაწილეობის ხარჯი 40 000 ევროა და ბუნებრივია, რომ ქართველ დრიფტერებს მხარდაჭერა სჭირდებათ.

მევლუდ მელაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა

popsport: სოციალურ ქსელში ღიად გამოხატე უკმაყოფილება საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტის, შოთა აფხაზავას მიმართ, რომელიც ამავდროულად რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მფლობელია. რა ხდება დღეს ქართულ ავტოსპორტში? 

მელაძე: ორ წელიწადზე მეტია, რაც ავტოსპორტის ფედერაციის პროცესებში აღარ ვმონაწილეობ და ეს მიუხედავად იმისა, რომ ვიცე-პრეზიდენტი და გამგეობის წევრი ვარ. მე და შოთა აფხაზავას სხვადასხვა ხედვები გვაქვს და შესაბამისად, ჩვენი გზები გაიყო. მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ საქართველოს ჩემპიონატი უნდა ყოფილიყო ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი და შემდეგ, წარმატებული ქართველი მრბოლელები საერთაშორისო ჩემპიონატებზე უნდა წასულიყვნენ, აფხაზავას კი პირიქით, საერთაშორისო ტურნირების რუსთავში ჩამოტანა უნდოდა, რომელშიც წინა პლანზე უცხოელი მრბოლელები იქნებოდნენ და არა ქართველები. ჩვენი გზები გაიყო და მას შემდეგ, ქართული ავტოსპორტის საქმე უკან წავიდა. იყო დრო, როდესაც რუსთავის ავტოდრომზე ფორმულა ალფას კლასში სტარტზე 24 მანქანა იდგა, დღეს კი ამისგან პრაქტიკულად აღარაფერია დარჩენილი. ჩემი აზრი იყო, რომ დაბალ კლასებსაც უნდა ჰქონოდა ხელშეწყობა, რადგან საქართველო ღარიბი ქვეყანაა. გვქონდა BMW-ს კომპაქტ კლასი, 36 მონაწილე, სპონსორები და საპრიზო ფონდი, თუმცა შოთა აფხაზავა ამ პროექტშიც ჩაერია, მრბოლელებს გადასახადები გაუძვირა და ეს კლასიც გაუქმდა. ამ მრბოლელების უმეტესობა დღეს დრიფტზე გადმოდის, რადგან აქ ხედავენ განვითარების შესაძლებლობას.

popsport: ფიქრობ, რომ შოთა აფხაზავამ უნდა დატოვოს ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი?

მელაძე: ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი შოთა აფხაზავაა და ის ერთპიროვნულად განაგებს პროცესებს, რამაც ქართული ავტოსპორტი ჩიხში შეიყვანა. ბუნებრივია, რომ მრბოლელთა უმრავლესობას მისი ფედერაციიდან წასვლა სურს. მრბოლელები დიდი ხანია ითხოვენ ავტოსპორტის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობის ჩატარებას, სადაც ახალი პრეზიდენტის არჩევა მოხდება. ამ მიზნით 117 ხელმოწერაც კი შეგროვდა, მაგრამ პროცესები ხელოვნურად იწელება. კანონმდებლობით დადგენილია, რომ სპორტული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ხმის უფლება აქვთ მხოლოდ სპორტულ კლუბებს, რომლებიც კონკრეტულ ფედერაციაში არიან გაწევრიანებული და არა ინდივიდუალურ პირებს. სწორედ ამიტომ, ფედერაციაში უკვე 70-ზე მეტმა კლუბმა შეიტანა განაცხადი, რომლებიც მზად არიან რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ეს განაცხადები უბრალოდ დევს და განხილვასაც არავინ აპირებს. შოთა აფხაზავა არიდებს თავს ამ საკითხზე ლაპარაკს, არადა, უკვე 5 წელი გავიდა, რაც ის ფედერაციას მართავს და დროა, არჩევნები ჩატარდეს. აქვე ვიტყვი, რომ სახელმწიფო ყოველწლიურად საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციას 120 000 ლარს ურიცხავს და ამ ფულსაც შოთა აფხაზავა განკარგავს.

მევლუდ მელაძე ავტოსპორტის ყველა სახეობაში საქართველოს ჩემპიონია

popsport: როგორი იქნება შენი და შენი თანამოაზრეების შემდეგი ნაბიჯი?

მევლუდ მელაძე და სანდრო ლომაძე

მელაძე: დრო არ გვაქვს დასაკარგი და უნდა ვიმოქმედოთ. ავტოსპორტის ფედერაციის გამგეობის წევრები უნდა დავარწმუნო, რომ დროა ეს კლუბები გავაწევრიანოთ ფედერაციაში და ყრილობა ჩავატაროთ, სადაც საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციის ახალ პრეზიდენტს ავირჩევთ. ეს პროცესები შეიძლება მოქმედი პრეზიდენტის გარეშეც წარიმართოს, რომელიც საქართველოში ისედაც იშვიათად არის. უნდა ავირჩიოთ საუკეთესო პრეზიდენტი და ხაზგასმით ვამბობ, რომ ის არ უნდა იყოს პარალელურად რუსთავის ავტოდრომის მფლობელი. შოთა აფხაზავა იმუქრება, რომ თუ ის აღარ იქნება ფედერაციის პრეზიდენტი, საერთოდ დახურავს ავტოდრომს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შევახსენებთ მას, რომ როდესაც ავტოდრომს სიმბოლურ ფასად ყიდულობდა, ხელშეკრულებაში იყო პუნქტი, რომელიც მას ავალდებულებს, რომ ეს სივრცე ყოველთვის უნდა ფუნქციონირებდეს როგორც ავტოდრომი. ჩვენ ვაპირებთ შეკრებას და აქციის ჩატარებას, რათა დავანახოთ ყველას, რომ ის, რასაც მე ვამბობ, არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პოზიცია და ქართველი მრბოლელების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ აზრზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები