Thumbnail

'ჩვენი მიზანი სწრაფი გოლის გატანაა!' - ვაისის პრესკონფერენცია მატჩის წინ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 📅 13 ოქტომბერი 🏟 დინამო არენა ⌚ 20:00 ⚽ საქართველო V ანდორა
  • ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია მატჩის წინ

13 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მორიგ მატჩს გამართავს და თბილისში, დინამო არენაზე ანდორის ნაკრებს უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. პრესკონფერენციას საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილიც დაესწრო…

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

ყველაფერი ჩვენ ხელშია. ამ მნიშვნელოვანი თამაშისთვის მთელი კვირა ვემზადებოდით. ანდორა კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელსაც 5 თამაშია არ წაუგია. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ მოსაგებად.

ანდორას თამაშის ჩაკეტვა შეუძლია, საქართველოს ნაკრებს კი თავდასხნაში მხოლოდ ნიკა კაჭარავა ჰყავს. თუ მას არ წაუვიდა თამაში, რა გეგმა გაქვთ?

ვაისი: ანდორის ნაკრების საუკეთესო მოთამაშე მწვრთნელია. პირველ რიგში, ისინი კარგად თამაშობენ დაცვით ფაზაში და შედეგებიც აქვთ. ტრავმირებულია გიორგი ქვილითაია, ისევე როგორც ლევან მჭედლიძე. შეიძლება ამ პოზიციაზე ვაკო ყაზაიშვილის გამოყენება. თუმცა, გუნდის შეტევა მხოლოდ თავდამსხმელზე არაა დამოკიდებული და ჩვენ მთელი გუნდით უნდა შევუტიოთ. ვეცდებით მეტოქეს დავუპირისპიროთ ის ტაქტიკა, რომელიც დადებით შედეგს მოგვიტანს.

გიორგი ლორია უგუნდოდაა, როინ კვასხვაძე კი 8 თამაშია გოლს არ უშვებს. ხომ არ შეგიცვლიათ აზრი პირველ მეკარესთან დაკავშირებით?

ვაისი: გიორგი ლორია თავისუფალი აგენტია და უგუნდოდაა, რაც ეროვნული ნაკრებისთვის პრობლემაა. მიუხედავად ამისა, ის თბილისის დინამოში ვარჯიშობს და მისი გამოცდილების გათვალისწინებით, ლორია რჩება ნაკრების პირველ მეკარედ. როინი კარგ ფორმაშია და ელოდება თავის შანსს. ასევე გვყავს ახალგაზრდა ლაზარე კუპატაძე, რომელიც ბევრს სწავლობს გამოცდილი მეკარეებისგან.

ოთარ კიტეიშვილი და ვლადიმირ ვაისი

როგორ თამაშს ელოდებით და რა მოლოდინი გაქვთ მეტოქე გუნდისგან?

ვაისი: პატივს ვცემ მეტოქეს, რომელიც კარგად იცავს თავს, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. კლასი ჩვენ მხარესაა და ვიბრძოლებთ სამი ქულის მოსაპოვებლად. ვეცდებით სწრაფი გოლი გავიტანოთ, რომ გუნდი დამშვიდდეს, გავიმარჯვოთ და გავახაროთ მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი. ლატვიასთან თამაშს 50 ათასი ადამიანი დაესწრო და მათი მხარდაჭერა ანდორასთან მატჩშიც მნიშვნელოვანი იქნება.

როგორ ფორმაშია ჯანო ანანიძე და საინტერესოა, განიხილავთ თუ არა ცენტრფორვარდის გარეშე თამაშის შესაძლებლობას?

ვაისი: ჯანო 90 წუთი ვერ ითამაშებს, თუმცა მისი ერთი ჭკვიანური პასი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს შეხვედრაში. მას შეუძლია დაეხმარის გუნდს 20 წუთის, ან ნახევარი საათის განმავლობაში. ნიკა კაჭარავამ დაკარგა ადგილი კლუბის ძირითად შემადგენლობაში, თუმცა ჩემი აზრით, ამ მომენტში მასზე უკეთესი ფორვარდი არ გვყავს. ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ როგორც კაჭარავასთან ერთად, ისე მის გარეშე და თუ როგორ შემადგენლობას შევარჩევ, ეს ხვალ გამოჩნდება.

რა უნდა გააკეთოს გიორგი არაბიძემ რომ დაბრუნდეს ეროვნულ ნაკრებში?

ვაისი: ყველას გვინდა, რომ დავეხმაროთ მას, თუმცა როგორი ფეხბურთელი იქნება გიორგი არაბიძე, ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. მუდმივად ვეუბნები, რომ ფეხბურთი მარტო ბურთით თამაში და ფინტების კეთება არ არის. არაერთხელ მივეცით შანსი და შემთხვევითი არ არის, რომ ის დღეს არაა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.

ოთარ კიტეიშვილი (საქართველოს ნაკრები)
“კარგად გვაქვს გაანალიზებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. განვლილ ორ პაექრობაში 6 ქულა მოვიპოვეთ, ტურნირი კარგად დავიწყეთ და მნიშვნელოვანია, რომ ასევე გავაგრძელოთ. გაცნობიერებული გვაქვს პასუხისგებლობა და თითოეული ფეხბურთელი მზადაა ეროვნული ნაკრებისთვის მაქსიმალურად დაიხარჯოს”.

 

კომენტარები

ბოლო ამბები