Thumbnail

‘რეალმა 3 სასიკვდილო ცოდვა ჩაიდინა!’ - ყოფილმა მწვრთნელმა გულახდილად ისაუბრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კარლუშ კეირუშმა რეალში გატარებული დრო გაიხსენა
  • მადრიდელთა ყოფილი მწვრთნელის თქმით, ბოსებმა მაშინ უპატიებელი 3 შეცდომა დაუშვეს

რეალის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კარლუშ კეირუშმა მადრიდულ გრანდში მუშაობის პერიოდი გაიხსენა და გულახდილად ისაუბრა იმ 3 შეცდომაზე, რომელიც “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელებმა მისი აზრით, სატრანსფერო პოლიტიკაში დაუშვეს.

“როცა რეალში ვმუშაობდი, ამ კლუბმა 3 სასიკვდილო ცოდვა ჩაიდინა. სამივეს სახელი მ-ზე იწყება: მილიტო, მაკელელე და მორიენტესი,” - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა, რომელიც რეალს 2003/2004 წლების სეზონში ავარჯიშებდა, ახლა კი ირანის ნაკრების დამრიგებელია.

კლოდ მალელელ და კარლუშ კეირუში

65 წლის კეირუშმა ინტერვიუში მადრიდული გრანდის შეფების მაშინდელი საკადრო პოლიტიკა გაიხსენა: “გუნდში იყო 6 გალაქტიკო და ექვსივეს ძირითად შემადგენლობაში უნდა ეთამაშა. თანაც, ექვსივე შემტევი იყო. გუნდში იყვნენ ასევე კლოდ მაკელელე, რომელსაც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად მივიჩნევ და ფერნანდო მორიენტესი, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ცენტრფორვარდი იყო. სამწუხაროდ, რეალი ორივემ დატოვა.”

კეირუში ამბობს, რომ არცერთი მათგანის გაშვება არ სურდა: “ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელად, მორიენტესი მონაკოში გაანათხოვრეს, მაკელელე კი ჩელსის მიჰყიდეს. ეს ორი მიზეზით მოხდა - პირველი და მთავარი: მაკელელეს მაისურები არ იყიდებოდა; მეორე: დევიდ ბექჰემისთვის ძირითად შემადგენლობაში ადგილი უნდა გამოგვეძებნა და გადაწყდა, რომ ის ცენტრში ითამაშებდა და არა ფლანგზე.”

რაული, რონალდო, დევიდ ბექჰემი და კარლუშ კეირუში

გარდა ამისა, რეალს ცენტრალური მცველის, გაბრიელ მილიტოს შეძენა სურდა - მას ფერნანდო იერო უნდა შეეცვალა. მაგრამ არგენტინელმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. კეირუშმა მადრიდული კლუბის შეფებს პორტუგალიელი პეპე შესთავაზა: “მაშინ პეპეს ყიდვა 1,5 მილიონად შეგვეძლო, მაგრამ უარი თქვეს, 4 წლის შემდეგ შემდეგ კი მის სანაცვლოდ 30 მილიონი გადაიხადეს.”

აქვე ვთქვათ, რომ კეირუშის ხელმძღვანელობით რეალმა ლა ლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა...

კომენტარები

ბოლო ამბები