Thumbnail

ბრძოლა დე იონგისა და დე ლიხტისთვის - სიტის და ბარსას აიაქსის ფეხბურთელები სურთ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელებით სიტი და ბარსელონა ინტერესდებიან
  • ეს ტრანსფერები შესაძლოა ამ ზამთარსვე განხორციელდეს

მანჩესტერ სიტი და ბარსელონა ამსტერდამის აიაქსისა და ჰოლანდიის ნაკრების ორი ფეხბურთელის: ფრენკი დე იონგისა და მატეის დე ლიხტის გადაბირებას ცდილობენ. ამის შესახებ Goal იუწყება, რომლის ცნობით, კლუბები იანვარში ფეხბურთელების შეძენას, შემდეგ კი მათი იჯარით სეზონის ბოლომდე ამსტერდამულ კლუბში დატოვებას აპირებენ. 

ცნობილია, რომ კატალონიელები 21 წლის დე იონგის ხელში ჩაგდებას ზაფხულშიც ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ. მხარეები სატრანსფერო ფასზე ვერ შეთანხმდნენ: ბარსა ჰავბეკში 30 მილიონ ევროს იხდიდა, აიაქსი კი 50 მილიონ ევროს ითხოვდა. საბოლოოდ, ბარსელონას წარუმატებელმა მცდელობამ ინტერესი მანჩესტერ სიტის გაუღვივა, რომელმაც ზაფხულში ჩელსისთან ჟორჟინიოსთვის ბრძოლა წააგო.

ახალგაზრდა დე იონგის გადაბირებით გვარდიოლაა დაინტერესებული

ესპანური გამოცემები დარწმუნებულნი არიან, რომ დე იონგისთვის ბრძოლაში უპირატესობას ამ ეტაპზე სწორედ ინგლისური კლუბი ფლობს, რომლის სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი ვიზიტით ამსტერდამშიც იმყოფებოდა.

პორტალი Transfermarkt 21 წლის ნახევარმცველს 36 მილიონ ევროდ აფასებს, მანამდე კი დაიწერა, რომ მადრიდის რეალი ჰოლანდიელში 80 მილიონი ევროს გადახდაზეც თანახმაა.

მატეის დე ლიხტმა შესაძლოა ერთ დღეს ჟერარდ პიკეს ადგილი დაიკავოს

ბარსელონასთვის კი პრიორიტეტული აიაქსის ცენტრალური მცველის მეტეის დე ლიხტის გაფორმებაა, რომელსაც ჟერარდ პიკეს მემკვიდრედ განიხილავს. კატალონიურ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ სიტი ყურადღებას უფრო დე იონგზე გაამახვილებს.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, ბარსელონამ ლიხტის ტრანსფერზე აიაქსთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

19 წლის დე ლიხტმა ჰოლანდიის მიმდინარე ჩემპიონატში აიაქსის ღირსებას 7 მატჩში დაიცვა (ყველა ძირითადში) და ერთი გოლით გამოირჩა. მცველი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში 2017 წლიდან გამოდის, სადაც 9 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები