Thumbnail

ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი NBA-ში ლებრონ ჯეიმსის სახელს უკავშირდება. პლანეტის საუკეთესო კალათბურთელმა კარიერის გაგრძელება ლიგის ყველაზე პრესტიჟულ გუნდში გადაწყვიტა.

ლებრონის ეს ნაბიჯი რამდენიმე მიზეზით იყო გამოწვეული. ის, რომ მეფე ჯეიმსმა კალიფორნიაში თამაში გადაწყვიტა, არავის გაკვირვებია. გასულ სეზონშივე ნათელი გახდა, რომ ჯეიმსი კლივლენდს დატოვებდა. შარშან კლივლენდმა ძალიან სუსტი სეზონი ითამაშა და ფინალში გასვლა მხოლოდ პლეი ოფში ლებრონის სუპერთამაშის წყალობით შეძლო. ფინალი კლივლენდმა უშანსოდ დათმო და ნათელი გახდა, რომ ამ გუნდთან ერთად ლებრონს ჩემპიონობის მხოლოდ მიზერული შანსი ჰქონდა.

ლებრონს ურთიერთობა დაეძაბა გუნდის მფლობელ დენ გილბერტთან და კაირი ირვინგის წასვლის შემდეგ, კლივლენდის მენეჯმენტმა დემონსტრაციულად გადაწყვიტა, რომ აქცენტი გუნდის გაახალგაზრდავებაზე უფრო გაეკეთებინა, ვიდრე მის ხელთ არსებული ყველა რესურსით საჩემპიონო გუნდის გაკეთება ეცადა.

რატომ ლეიკერსი?

ამ სიტუაციაში ლებრონს რამდენიმე არჩევანი ჰქონდა. მისი გადაწყვეტილება მხოლოდ საკალათბურთო ფაქტორებით არ უნდა აიხსნას. ლეიკერსი პლეი ოფში 2012 წლის შემდეგ არ ყოფილა, ბოლო სეზონები ძალიან სუსტად ჩაატარა და, მხოლოდ საკალათბურთო მიზეზების გამო ლეიკერსი ლებრონისთვის მიმზიდველი არ უნდა ყოფილიყო.

ლეიკერსის გარდა ლებრონის აყვანის რეალური შანსი ჰიუსტონ როკეტსსა და ფილადელფია სიქსერსს ჰქონდათ. ორივე ეს გუნდი ბოლო სეზონებში ბევრად უფრო წარმატებული იყო, ვიდრე კალიფორნიელები. თუმცა, ლეიკერსს სხვა უპირატესობები ჰქონდა. პირველ რიგში, ეს არის ე.წ. big market team - გუნდი, რომელიც დიდ ბაზარს, ლოს ანჯელესსა და კალიფორნიას წარმოადგენს და მთელ მსოფლიოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მარკეტინგული თვალსაზრისით, ლოს ანჯელესში თამაში ყველაზე მეტად მომგებიანია.

გარდა ამისა, ლებრონის კომპანიების ბიზნეს-აქტივების უდიდესი ნაწილი (ლებრონი რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ბიზნეს-აქტივებს ფლობს) სწორედ კალიფორნიაშია თავმოყრილი, იქვე სწავლობს მისი შვილი და ზოგადად, ამინდი და ცხოვრების წესი განაპირობებს, რომ სპორტისა თუ შოუბიზნესის ვარსკვლავები უპირატესობას ლოს ანჯელესში ცხოვრებას ანიჭებენ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლეიკერსი NBA-ში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ტრადიციული გუნდია და კობის, შაკის, მეჯიქ ჯონსონის და უილტ ჩემბერლენის შემდეგ, გასაკვირი არ არის, რომ თავისი თაობის უდიდესმა კალათბურთელმაც გადაწყვიტა თავისი ძალები სწორედ ლეიკერსში მოესინჯა.

ლებრონის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია ლეიკერსის ლეგენდამ და ახალმა გენერალურმა მენეჯერმა მეჯიქ ჯონსონმა, ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანმა და რესპექტაბელურმა კაცმა.

 ახალგაზრდული გუნდი ლეიკერსში

მარკეტინგული და ფინანსური ფაქტორების გარდა, ლეიკერსს თავისი საკალათბურთო უპირატესობებიც ჰქონდა. შარშანდელ სეზონში გუნდმა აღმასვლა დაიწყო და პირველად კობის წასვლის შემდეგ, მოახერხა სეზონში 30 თამაშზე მეტის მოგება. ლეიკერსში ახალგაზრდა და პერსპექტიული მწვრთნელი ლუკ უოლტონი მუშაობს, რომელიც გოლდენ სტეიტში სტივ კერის თანაშემწე იყო. ლეიკერსის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ლუკ უოლტონთან ერთად კალიფორნიელები ახალ წარმატებულ ციკლს დაიწყებენ და საჩემპიონო გუნდს ააშენებენ.

გარდა ამისა, ლეიკერსის ხელმძღვანელობამ გასულ წელს მოახერხა და გუნდში რამდენიმე ახალგაზრდა და პერსპექტიული ტალანტი შეკრიბა. სწორედ მათ სახელთან არის დაკავშირებული ლეიკერსის იმედები. კაელ კუზმა, ბრენდონ ინგრემი, ლონზო ბოლო  და ჯოშ ჰარტი სპეციალისტთა აზრით, შემდეგ სეზონებში თამაშს კიდევ მოუმატებენ და ლეიკერსს ძალიან საინტერესო გუნდი ეყოლება. ლებრონის ერთ-ერთი ძირითად გამოწვევა ლეიკერსში ამ ახალგაზრდა ტალანტებისთვის თავისი გამოცდილების გაზიარება იქნება. ლეიკერსის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ლებრონთან ერთად, რომლის პროფესიონალიზმი მთელ ლიგაში სამაგალითოა, მათი ახალგაზრდების სათამაშო კლასი სწრაფად მოიმატებს.

მეორე ვარსკვლავი კალიფორნიაში

რაც არ უნდა სწრაფად პროგრესირებდნენ ლეიკერსის ტალანტები, დასავლეთ კონფერენციაში ისეთი კონკურენციაა (გოლდენ სტეიტი, ჰიუსტონი, ოკლაჰომა), რომ ამ შემადგენლობით სულ მცირე უახლოეს ორ სეზონში მაინც, ლეიკერსს ჩემპიონობის შანსი არ უნდა ჰქონდეს.

როდესაც წინა შემთხვევებში ლებრონი გუნდის იცვლიდა, მისი ტრანსფერი ჯაჭვურ რეაქციას იწვევდა. მაიმიში იგი კრის ბოშთან და დუეინ უეიდთან გაერთიანდა, კლივლენდში კი - კაირი ირვინგთან და კევინ ლავთან. სპეციალისტები ელოდებოდნენ, რომ ლებრონთან ერთად ლეიკერსში სხვა სუპერვარსკვლავიც გადავიდოდა.

ამ მოლოდინს ამყარებდა ის ფაქტიც, რომ ლეიკერსის ახალგაზრდულ გუნდს NBA-ს სტანდარტისთვის ძალიან დაბალი ხელფასები აქვს და კალიფორნიელებს ბიუჯეტში ჰქონდათ საკმარისი თანხები ლებრონის გარდა, სულ მცირე ერთი სუპერვარსკვლავის დასამატებლად. მით უმეტეს, რომ ამ ზაფხულში მათ მოახერხეს ლუოლ დენგის გაცვლა და მისი 18-მილიონიანი  კონტრაქტის მოცილება.

მოლოდინი არ გამართლდა. ლეიკერსში გადასვლის ორი ყველაზე რეალური კანდიდატი პოლ ჯორჯი და კავაი ლეონარდი იყვნენ. ორივე ეს მოთამაშე ლოს ანჯელესელია და მათ მშობლიურ ქალაქში თამაშის სურვილის შესახებ არაერთხელ განუცხადებიათ. პოლ ჯორჯმა ოკლაჰომასთან  ახალი კონტრაქტი გააფორმა, კავაი ლეონარდთან დაკავშირებით კი სან ანტონიომ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო და იგი გაცვალა არა ლოს ანჯელესში, სადაც კავაის წასვლა უნდოდა, არამედ ტორონტო რეპტორსში.

მიუხედავად ამისა, ლეიკერსს კვლავ ძალიან რეალური შანსი აქვს, რომ მომავალ ზაფხულს ლებრონთან ერთად გუნდში კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი დაიმატოს. ყველაზე რეალურ კანდიდატად კვლავ კავაი ლეონარდი რჩება, რომელსაც შემდეგ ზაფხულს ტორონტოსთან თავისი კონტრაქტი უმთავრდება და თავისუფალი აგენტი იქნება. გარდა ამისა, მომავალ ზაფხულს ბაზარზე ხელმისაწვდომი შესაძლოა კლეი ტომპსონი ან კევინ დურანტი გახდნენ, თუ, რა თქმა უნდა, ისინი გოლდენ სტეიტიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ. არ არის გამორიცხული ენტონი დევისის ტრანსფერიც. ლეიკერსის წლევანდელი გუნდი ძალიან მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება.

როგორ ითამაშებს ლეიკერსი

ლეიკერსის ეს გუნდი სპეციალისტებისთვის გამოცანაა. ლუკ უოლტონს გუნდში ლებრონის გარდა რამდენიმე საინტერესო მოთამაშე ჰყავს. წვრთნები კალიფორნიელებმა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყეს და პირველსავე ინტერვიუში ლებრონმა თავისი მოსაზრებები გამოთქვა, თუ როგორ უნდა ეთამაშა ლეიკერსს შემდეგ სეზონში. მან ძირითადი აქცენტი დაცვაზე გააკეთა.

ლებრონის სურვილია, რომ მისმა გუნდმა ე.წ. transition basketball-ი ითამაშოს, როდესაც გუნდი თავს აგრესიულად იცავს, ცდილობს მოწინააღმდეგეს ბურთი მოპაროს ან შეცდომა დააშვებინოს და შემდეგ, სანამ მეტოქე გადაწყობას და დაცვის დალაგებას შეძლებს, ღია სივრცეში შეუტიოს. 

ასე უტევდა მაიამი - აგრესიული დაცვა და სწრაფი შეტევა

ლუკ უოლტონთან საუბარში მან აღნიშნა, რომ წინა წლებში მისი კლივლენდი სტრატეგიულად არასწორი მიმართულებით განვითარდა. კლივლენდი შემტევ კალათბურთს თამაშობდა და გოლდენ სტეიტთან ბოლო ორ სეზონში უშანსოდ დამარცხდა.

ამ სიტყვებში სიმართლის მარცვალი არის. შემტევი კალათბურთით გოლდენ სტეიტის დამარცხება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ბოლო სეზონებში უორიორსს მხოლოდ ის გუნდები (ჰიუსტონი, კლივლენდი 2015-16)  უქმნიდნენ პრობლემებს, რომლებიც ბოლო წლების ჩემპიონს დაცვიდან, დაბალშედეგიან კალათბურთს ეთამაშებოდნენ.

ლუკ უოლტონის თქმით, აქცენტი სისწრაფეზე გაკეთდება, გუნდი სწრაფ კალათბურთს ითამაშებს. უოლტონის სიტყვები სიმართლეს მოკლებული არ არის, გასულ სეზონში ლეიკერსი მეორე იყო მთელ ლიგაში შეტევის სისწრაფით.

უფრო მეტი სამუშაო კალიფორნიელებს დაცვაზე ექნებათ. წლების მანძილზე ლეიკერსი ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გუნდი იყო დაცვითი მაჩვენებლებით. უოლტონის ხელში პროგრესი შეინიშნება, თუმცა გასულ სეზონშიც კალიფორნიელები 30 გუნდში მხოლოდ მე-13 პოზიციაზე იყვნენ დაცვითი რეიტინგით.  უნდა აღინიშნოს, რომ ლეიკერსის ოთხივე ახალწვეული (ლებრონი, რონდო, მაკგი, სტივენსონი) ძალიან კარგი მცველია და სავარაუდოა, რომ ლეიკერსი ამ სეზონში კიდევ უფრო უკეთ ითამაშებს დაცვით ფაზაში.

ვინ ითამაშებს რონდო თუ ლონზო?

ყველაზე მეტ კითხვას ლეიკერსის გამთამაშებლის პოზიცია იწვევს. ლუკ უოლტონს ორი კარგი გამთამაშებელი ჰყავს - ახალგაზრდა ლონზო ბოლი და ვეტერანი ახალწვეული რაჯონ რონდო. ლონზო ბოლისთვის შარშანდელი სეზონი არაერთგვაროვანი გამოვიდა. იგი ლიგაში დიდი ხმაურით მოვიდა, გასულ წელს ცუდად არ უთამაშია, თუმცა სპეციალისტები მისგან უფრო მეტს ელოდნენ. სეზონის მეორე ნახევარში კი მძიმე ტრავმა მიიღო, ბოლო 30 შეხვედრა გამოტოვა და სრულფასოვანი ვარჯიში სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო.

რაჯონ რონდოს შარშან ნიუ ორლეანში კარგი სეზონი ჰქონდა და ენტონი დევისთან ერთად, სწორედ ის იყო პლეი ოფში ნიუ ორლეანის წარმატებული თამაშის მთავარი შემოქმედი. საშუალოდ თამაშში, რონდო 26 წუთში 8.3 ქულასა და 8.2 პასს აკეთებდა. სტატისტიკური მაჩვენებლები მას და ლონზო ბოლს დიდად განსხვავებული არ აქვთ.

სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს გუნდში ლებრონის მოსვლა. მთელი კარიერის მანძილზე, ლებრონს გუნდში არასოდეს ჰყოლია გამთამაშებელი, რომელიც თავადაც დიდი ხანი ფლობს ბურთს. ნომინალურად მსუბუქ ფორვარდ ლებრონს გამთამაშებლის ფუნქიების შესრულება ძალიან კარგად შეუძლია. მას უყვარს, როდესაც იგი გუნდის შეტევას იწყებს და ბურთს ანაწილებს. სწორედ ამიტომ, ლებრონს გამთამაშებელი, რომელიც ბურთს დიდი ხანი ფლობს, გუნდში არ სჭირდება. მაიამიში მასთან ერთად წლების მანძილზე მარიო ჩალმერსი თამაშობდა, რომელიც ბურთს თავად ნაკლებად ანაწილებდა და უფრო მეტად სამქულიანების სროლაზე იყო ორიენტირებული, გასულ სეზონში კი კლივლენდის გამთამაშებელი დაახლოებით ამავე ტიპის მოთამაშე ჯორჯ ჰილი იყო.

ლებრონი ერთი შეხვედრის დროს ბურთს საშუალოდ 87.1 ჯერ იღებს. ამ მაჩვენებლით ის არამხოლოდ NBA-ს გუნდების გამთამაშებლების აბსოლუტურ უმრავლესობას აღემატება, არამედ ლიგაში მხოლოდ ოთხი მოთამაშეა, რომელიც მასზე ხშირად იღებს ბურთს შეხვედრაში (ვესტბრუკი, ბენ სიმონსი, კაზინსი, შრიოდერი). თითოეული შეტევის დროს ლებრონი საშუალოდ 6.7 წამს, ანუ შეტევის დიდ ნაწილში, ფლობს ბურთს.

შესაბამისად, ლებრონის გუნდში რთულად წარმოსადგენია ისეთი გამთამაშებელი, რომელსაც თავადაც დიდი ხნით უყვარს ბურთის ფლობა. ის უბრალოდ ლებრონთან ბურთს ვერ გაიყოფს. ლეიკერსს კი რონდოსა და ლონზო ბოლის სახით წელს ორი ისეთი გამთამაშებელი ჰყავს, რომლებსაც თვითონაც უყვართ ბურთის ფლობა - ლონზო ბოლი ერთ თამაშში საშუალოდ 80.8 ჯერ იღებს ბურთს და თითოეულ შეტევაში ბურთი მასთან საშუალოდ 5.2 წამია, რონდო კი 69.3 ჯერ იღებს ბურთს და მას თითოეული შეტევის დროს 4.7 წამით ფლობს. რონდოს შედარებით პატარა ციფრებმა არ მოგვატყუოს. იგი გასულ წელს მხოლოდ 26 წუთს თამაშობდა და ამ დროში მოახერხა 69 შეხების დაგროვება.

შედარებისთვის, გასულ სეზონში კლივლენდის გამთამაშებელი ჯორჯ ჰილი ბურთს მხოლოდ 54.4-ჯერ იღებდა და შეტევის დროს 4.1 წამი ფლობდა, ხოლო მეორე გარდი ჯეი არ სმიტი კი  - 31.7-ჯერ იღებდა ბურთს და მხოლოდ მას 1.3 წამი ფლობდა შეტევის დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ ლებრონი გასულ წელს უფრო მეტს ფლობდა ბურთს, ვიდრე მისი გამთამაშებელი და შემტევი გარდი, ერთად აღებული.

კიდევ ერთი დეტალი - ლებრონი ლიგაში საუკეთესოა სამწამიანში ბურთიანად შესვლის დროს.  მას გუნდში აუცილებლად სჭირდება სამქულიანის კარგი მსროლელები, რათა მათ  სივრცე შეუქმნან. თუ მოწინააღმდეგე სამწამიანს გაამაგრებს, შესვლის შემდეგ ლებრონს პერიმეტრზე გამოაქვს ბურთი სამქულიანის მსროლელებთან, ხოლო თუკი მეტოქის მცველები პერიმეტრზე მსროლელებთან რჩებიან, მაშინ ლებრონს სამწამიანში სივრცე უთავისუფლდება, შედის და თავად ასრულებს შეტევას.

ამ სტრუქტურულად მარტივმა კომბინაციამ რომ იმუშავოს, ლებრონს გუნდში სამქულიანის კარგი მსროლელები სჭირდება. რაჯონ რონდოც და ლონზო ბოლიც სამქულიანებს ძალიან ცუდად ისვრიან. რონდო თამაშში საშუალოდ ერთ სამქულიანსაც ვერ აგდებს (0.8 სამქულიანი თამაშში, 33% ზუსტი სროლები), ლონზო ბოლო კი  თამაშში 1.7 სამქულიანს აგდებს და პერიმეტრიდან ბურთს კატასტროფული 30.5 პროცენტით ისვრის.

ეს იმას ნიშნავს, რომ მეტოქის მცველებს მშვიდად შეუძლიათ ეს ორივე მოთამაშე პერიმეტრზე თავისუფალი დატოვონ, მათი სროლის არ შეეშინდეთ და თავად ლებრონის წინააღმდეგ სამწამიანი გაამაგრონ.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რონდოს ძალიან რთული და კონფლიქტური ხასიათი აქვს. გასულ წელს მან მოახერხა და ბურთს მეორე გამთამაშებელ ჯრუ ჰოლიდეისთან ინაწილებდა (76.7 შეხება თამაშში), თუმცა, რთული წარმოსადგენია, თუ რა ფუნქცია უნდა ჰქონდეთ მას ან ლონზო ბოლს ლებრონთან ერთად პარკეტზე.

ლებრონის სათამაშო სტილს კარგად ეწყობა ლეიკერსის სასტარტო გარდი კოლდუელ პოპი, რომელიც ბურთს მხოლოდ 42-ჯერ იღებს თამაშში და შეტევის დროს მას მხოლოდ 1.7 წამი ფლობს. ეს იმას ნიშნავს, რომ კოლდუელ პოპი ე.წ. catch and shoot-სტილის მოთამაშეა - ბურთს მიღებისთანავე ისვრის.

სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა - ლონზო ბოლი, კოლდუელ პოპი, ლებრონი, ინგრემი, მაკგი/კუზმა

ლებრონთან ერთად თამაში უნდა გაუადვილდეს ახალგაზრდა ჯოშ ჰარტს. ჰარტი ბევრად უფრო ნაკლებად ვარსკვლავური მოთამაშეა, ვიდრე მაგალითად, ლონზო ბოლო, თუმცა თამაშის სტილით ლებრონს ადვილად უნდა შეეწყოს.

ჰარტი, რონდოს ან ლონზო ბოლისგან განსხვავებით, ძალიან კარგად ისვრის სამქულიანებს და უქმნის სივრცეს სხვა მოთამაშეებს. ჩვეულებრივ იგი პერიმეტრზე დგას, ელოდება ბურთს და ისვრის. გასულ სეზონში მან თავისი 375 სროლიდან 197 პერიმეტრიდან სამქულიანი შეასრულა და შთამბეჭდავი ზუსტი სროლის პროცენტი ჰქონდა (39.6 %). ამ სროლების უმეტესობა (167 სროლა, 84.8 %) მან მიღებული პასის (და არა დრიბლინგის) შედეგად განახორციელა. ამ ტიპის პასების უმეტესობა კი სტატისტიკის თანახმად, მან არა ლონზო ბოლის, ან რომელიმე გამთამაშებლისგან მიიღო, არამედ ფორვარდებისგან, რომლებიც სამწამიანში შედიოდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ თავისი სტილით ჯოშ ჰარტი ლებრონისთვის იდეალური მოთამაშეა და ამ სეზონში კომბინაციას ჯეიმსის პასი + ჰარტის სამქულიანი ჩვენ ხშირად ვნახავთ. სასტარტოში ლონზო ბოლი და კოლდუელ პოპი ითამაშებენ, თუმცა ჰარტს სოლიდური წუთების გატარება მოუწევს პარკეტზე.

პრობლემა სახელად ჯავალ მაკგი

ჯავალ მაკგი NBA-ს ერთი-ერთი ყველაზე კომიკური პერსონაჟია. გასულ სეზონებში მაკგი გოლდენ სტეიტში თამაშში საშუალოდ 9.5 წუთს თამაშობდა, თუმცა კალიფორნიელები მას კარგად იყენებდნენ. მაკგი ძალიან ათლეტურია, კარგად ხსნის ბურთს, შესანიშნავად აფარებს და დაცვაში თავის გუნდს ძალიან ეხმარება.

მაკგის პრობლემები შეტევის დროს იწყება. მას სროლა საერთოდ არ აქვს. გოლდენ სტეიტში მაკგის საქმეს უიოლებდნენ. გასულ წელს მან თავისი 136 ჩაგდებული სროლიდან 108 (79.4 პროცენტი) ჩატენვის ან ცარიელ ფარში ლეი-აფის შედეგად გააკეთა. ლეიკერსი ბურთს გოლდენ სტეიტივით ვერ ათამაშებს და მაკგისაც იოლი სროლების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს.

რთული სათქმელია, თუ როგორ მოახერხებს მაკგი ლებრონთან ერთად თამაშს. ლებრონს არ უყვარს იმ ტიპის ცენტრებთან ერთად თამაში, რომელთაც სროლა არ აქვთ და თამაშის დიდ ნაწილს სამწამიანში ატარებენ. ლებრონისთვის იდეალური პარტნიორი კრის ბოშის ან  კევინ ლავის ტიპის ცენტრია, რომელიც გრძელ ორქულიანსაც ისვრის და სამიანსაც, სამწამიანიდან გადის, თავისი მეტოქეც გაყავს და სივრცეს ლებრონს უთავისუფლებს. ჯავალ მაკგი თავად სულ სამწამიანში თამაშობს და მისი მეტოქეც - მოწინააღმდეგის ცენტრი, ფარის სიახლოვეს რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ ლებრონს სამწამიანში შესვლისთვის ნაკლები სივრცე ექნება.

სავარუდოა, რომ მაკგის სათამაშოდ მცირე დრო ექნება და იგი თამაშის იმ მონაკვეთებს ჩაატარებს, როდესაც ლეიკერსს დაცვა დასჭირდება. თამაშის დიდი ნაწილში კი ლეიკერსი ე.წ. მსუბუქი ხუთეულით ითამაშებს და ცენტრის პოზიციაზე ნომინალური მძიმე ფორვარდი კაელ კუზმა იქნება. ლებრონის გარდა ლეიკერსის სამივე ახალწვეულს (რონდო, მაკგი, სტივენსონი) ერთწლიანი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული და დიდად სავარაუდოა, რომ ისინი გუნდს ამ სეზონის შემდეგ დატოვებენ.

კუზმა და ინგრემი - ლეიკერსის მთავარი აქტივები

კალიფორნიელთა იმედები ყველაზე მეტად ორ ახალგაზრდა ფორვარდს - ბრენდონ ინგრემს და კაელ კუზმას უკავშირდება. ორივე ამ მოთამაშეს შარშან ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. 20 წლის ბრენდონ ინგრემი კი გასულ სეზონში საერთოდაც ლეიკერსის ლიდერად მოგვევლინა. გუნდის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ეს ორი მოთამაშე ლებრონთან ერთად  კიდევ უფრო სწრაფად მოუმატებს. 

ორივე ეს მოთამაშე 2.06 სანტიმეტრის სიმაღლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეიკერსს შეუძლია ლებრონთან ერთად თავისი ორი ახალგაზრდა ვარსკვლავი ერთდროულად ათამაშოს. ამ შემთხვევაში კალიფორნიელებს ერთდროულად სამი მოთამაშე ეყოლებათ, რომლებსაც შეუძლიათ პოზიციები მუდამ ცვალონ და სიტუაციურად შეითავსონ, როგორც ფორვარდების, ასევე გარკვეულ შემთხვევებში ცენტრის პოზიცია და გაცვლის (ე.წ. switch) დროს თავი დაიცვან მეტოქის ნებისმიერი მოთამაშისგან.

შეტევის დროს კი სამივე მათგანი (ლებრონი, კუზმა, ინგრემი) ათლეტურია და კარგად ისვრის, როგორც ორქულიანი, ისე სამქულიანი დისტანციიდან. როდესაც ერთდროულად სამი ასეთი მოთამაშე გყავს პარკეტზე, მეტოქის დაცვა დიდი პრობლემის წინაშეა.

ლებრონთან ერთად თამაში ზეწოლას მოხსნის ბრენდონ ინგრემს, რომელსაც არცთუ ძლიერ ლეიკერსში გასულ წელს ხშირად უწევდა თამაშის საკუთარ თავზე აღება და მარტოს, ე.წ. იზოლაციით შეტევა. ე.წ. იზოლაციის დროს შემტევი მოთამაშე იღებს ბურთს და კომბინაციისა და ბურთის გათამაშების გარეშე მხოლოდ თავისი ოსტატობის იმედად უტევს მეტოქეს.

გასულ სეზონში ინგრემის შეტევების 14 პროცენტი სწორედ იზოლაციით შეტევა იყო. ეს ძალიან ბევრია ახალგაზრდა მოთამაშისთვის. ინგრემს უფრო მეტი იზოლაცია ჰქონდა, ვიდრე, მაგალითად, ბევრად უფრო ვარსკვლავურ პოლ ჯორჯს ან იანის ანტეტოკუნმპოს. თუმცა, იზოლაციის შედეგად ინგრემი ცუდად უტევდა - მხოლოდ 0.78 ქულა 1 შეტევაში და ბოლო ადგილზე იყო იმ მოთამაშეებს შორის, რომელთაც თამაშში საშუალოდ 2 იზოლაციაზე მეტის გაკეთება უწევდათ.

ლებრონთან ერთად, ინგრემს რთული იზოლაციების თამაში აღარ მოუწევს. გუნდის შეტევის ორგანიზებას ლებრონი აიღებს საკუთარ თავზე. ინგრემი ფორვარდისთვის ძალიან კარგი - 39 პროცენტით ისვრის სამქულიანი დისტანციიდან და ლებრონის გუნდში მოსვლის შემდეგ, მისი სტატისტიკური მაჩვენებლები კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ლებრონი მას იოლ სამქულიან სროლებს შეუქმნის.

ლეიკერსი მომავალ სეზონში საინტერესო გუნდი იქნება, თუმცა ტიტულისთვის ბრძოლას ვერ შეძლებს. გუნდი საბოლოოდ დაკომპლექტებული ჯერ კიდევ არ არის და მისი ლიდერები ახალგაზრდები არიან. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, კალიფორნიელები პლეი ოფში აუცილებლად უნდა გავიდნენ. თუკი ლეიკერსი მომავალ წელს პლეი-ოფში ითამაშებს და იქ თუნდაც 1 სერიას მოიგებს, ეს სეზონი მისთვის წარმატებულად ჩაითვლება. შემდეგ ზაფხულს ლეიკერსი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. ყველა შემთხვევაში, ლებრონის ტრანსფერის შემდეგ ლეიკერსის გულშემატკივარი ეკრანს უნდა დაუბრუნდეს - წელს ლეიკერსი ის გუნდია, რომლის ყურებაც ღირს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები