Thumbnail
  • Guardian-მა Next Generation 2018-ის 60 ტალანტის სია გამოაქვეყნა
  • ეს Next Generation-ის მეხუთე გამოცემაა და ქართველები სიაში პირველად მოხვდნენ

The Guardian-მა Next Generation 2018-ის სია გამოაქვეყნა - ბრიტანულმა გამოცემამ 2001 წელს დაბადებული საუკეთესო 60 ტალანტი შეარჩია, რომელთა შორისაც ორი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა - ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია. ვნახოთ, რას წერს მათ შესახებ "გარდიანი":

ზურიკო დავითაშვილი

კლუბი: ლოკომოტივი

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

დაიბადა: 2001 წლის 15 თებერვალი

ზურიკო დავითაშვილი

"როცა სტუმრად ოთხი გოლი გაგაქვს, აუცილებლად შეგამჩნევენ. მით უმეტეს, როცა ამას საერთაშორისო დონეზე აკეთებ და ამპლუით ნახევარმცველი ხარ - ზურიკო დავითაშვილმა ეს მაკედონიაში 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში გააკეთა. ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ტურნირში მან 6 მატჩში 7 გოლი გაიტანა. ის სრულყოფილი შემტევი ნახევარმცველია, რომელიც ხშირად "ათიანზე" თამაშობს. ის ტექნიკურად ბრწყინვალეა, ყოველთვის უშიშრად მიდის მეტოქის მცველებზე, უყვარს შორიდან დარტყმები, მოედანს დიდებულად ხედავს, რაც მას საშუალებას აძლევს აკეთოს ჭკვიანური გამჭოლი პასები. 

იმის მიუხედავად, რომ 17 წლისაა და გუნდში ყველაზე ახალგაზრდაა, მას თვითრწმენა არ დაეწუნება. დავითაშვილი ხშირად ასრულებს სტანდარტულებს ლოკომოტივში. მისით უკვე დაინტერესდნენ რუსული ფეხბურთის გრანდები, თუმცა ჯერჯერობით, საზღვარგარეთ წასვლას არ ჩქარობს და პროგრესის მიღწევას ლოკომოტივის შემადგენლობაში ცდილობს.

სტატისტიკა

ეროვნული ლიგა 2018: 14 თამაში, 2 გოლი

ზურიკო დავითაშვილი v ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია

კლუბი: რუსთავი

პოზიცია: ვინგერი

დაიბადა: 2001 წლის 12 თებერვალი

ხვიჩა კვარაცხელია

საქართველო წარსულში ცნობილია მაღალი კლასის შემტევებით, თუმცა ბოლო დროს მათი ნაკლებობა შეინიშნებოდა. კვარაცხელია უახლოეს წლებში საქართველოს ფანების ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშე გახდება. ის ტექნიკურად სრულყოფილია, როგორც ბევრი ახალგაზრდა ქართველი, მაგრამ სხვა უპირატესობებიც გააჩნია. თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილი ფიზიკურად ძლიერია, უყვარს აჩქარება და ყოველთვის გამოუცნობია ერთ-ერთზე დუელისას.

კვარაცხელია ორივე ფეხით კარგად თამაშობს. ის ჯერ არავისთვის შეუდარებიათ, თუმცა ერთი შეხედვით იულიან დრაქსლერი, იულიან ბრანდტი და ლეროი სანე გვახსენდება. მას პროფესიულ ფეხბურთში 16 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი. 17-წლამდელთა ნაკრებში კარგი თამაშით მან ისეთი გუნდის დაინტერესება გამოიწვია, როგორიც მიუნხენის ბაიერნია. ასევე მისით დაინტერესდა მოსკოვის ლოკომოტივი და სერია A-ს რამდენიმე კლუბი. 

სტატისტიკა

ეროვნული ლიგა 2018: 11 თამაში, 1 გოლი

"გარდიანის" სიაში არიან სანტოსის ბრაზილიელი როდრიგო, ლილიან ტურამის ვაჟი ხეფრენ ტურამ-ულიენი და სხვები. 60-კაციან სიაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს საფრანგეთს - 5, სიაში 4 ესპანელია 3-3 ბრაზილიელი, გერმანელი და იტალიელი. ჩვენსავით 2-2 წარმომადგენელი ჰყავთ არგენტინელებს, ხორვატებს, ინგლისელებს, ჰოლანდიელებს, თურქებსა და ურუგვაელებს.

ბრიტანული გამოცემა Next Generation-ის ტალანტების 60-კაციან სიებს 2014 წლიდან მოყოლებული აქვეყნებს. ეს პირველი შემთხვევაა, რომ "გარდიანის" რჩეულებში ქართველი ფეხბურთელებიც მოხვდნენ.  

კომენტარები

ბოლო ამბები