Thumbnail

ბლოგი ◈ დიდი ფეხბურთი

მაშინ პატარა ვიყავი. ჩემსავით პატარა იყო წითელი ტელევიზორიც. ორჯოხიანი ანტენა უერთდებოდა, რომლიდან ერთი, რა თქმა უნდა, გადატეხილი იყო, თუმცა გამოსახულებაზე არ მოქმედებდა. პერიოდულად ამ პატარა ეკრანზე ჩნდებოდნენ დიდი კაცები და ბურთით თამაშობდნენ.

დიდი კაცების დანახვა ხდებოდა მიზეზი იმის, რომ მეც იგივე მომდომებოდა, თუნდაც გაკვეთილების არმომზადების ხარჯზე და უბნის სტადიონზე მივდიოდი. პერიოდულად სულ ჩნდებოდნენ დიდი კაცები ეკრანზე და მათზე კიდევ უფრო დიდი - ჩემი ბაბუ ყოველთვის ჯდებოდა ტელევიზორის წინ და ჩემთან ერთად უყურებდა როგორ თამაშობდნენ ისინი ბურთით. დიდი კაცები იცვლებოდნენ. იცვლებოდა მათი მაისურის ფერიც. ერთხელ ნახევარ მათგანს ლურჯი ეცვა, ნახევარს კი ყვითელი. მე რატომღაც ლურჯებისკენ ვიყავი. განსაკუთრებით კი ერთერთი მათგანისკენ, რომელსაც გრძელი თმის ბოლო კუდად ქონდა შეკრული. ის პირველი დიდი კაცი იყო მოედანზე ვისი გულშემატკივარიც გავხდი მიუხედავად მისი წარუმატებლობისა ლურჯების და ყვითლების თამაშში. ასე დაიწყო ჩემი ფეხბურთისადმი სიყვარული.

ვუყურებდი, ვუყურებდი, ვუყურებდი, სულ ვუყურებდი. ვაკეთებდი რვეულებს ვინიშნავდი გვარებს, ვაგროვებდი „ნაკლეიკებს“, პლაკატებს, ჟურნალ-გაზეთებს. ფეხბურთი დიდი იყო, მე - პატარა, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ პარმა იტალიაში მდებარეობდა; არსებობდა ქვეყანა ტრინიდადი და ტობაგო; თვალის დაავადება გლაუკომა; რელიგია ბუდიზმი; ფრენის შიშს რომ აეროფობია ერქვა და ა.შ. ფეხბურთთან ერთად ვიზრდებოდი, მაგრამ ის მაინც ჩემზე დიდი იყო.

ამასობაში დიდი კაცები საოცრებებს ქმნიდნენ. ხან დამატებულ დროში იგებდნენ წაგებულ ფინალებს, ხან მაკრატელა დარტყმით გაყავდათ საკუთარი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე, ხან წარბს იკერავდნენ და თამაშს აგრძელებდნენ, ხან 1+8 ნომრიანი მაისურით გმოდიოდნენ, ხან თეთრ ბალეტს ცეკვავდნენ . . . მერე მეც ხან სახლში პატარა ბურთით, ხანაც სტადიონზე დიდით, ვცდილობდი გამემეორებინა ნანახი. ფეხბურთთან ერთად ვიზრდებოდი, მაგრამ ის ჯერ კიდევ ჩემზე დიდი იყო.

მე უკვე ინსტიტუტში ვსწავლობდი. მოედანზე ჩნდებოდნენ ჩემი ასაკის ფეხბურთელებიც, მაგრამ უმეტესობა მაინც დიდი იყო, ფეხბურთი მაინც დიდი იყო. მეც შესაბამისად ისევ ისე ბავშვურად ვუყურებდი და განვიცდიდი თითოეულ მატჩს, თითოეულ მომენტს. დიდი კაცები კი დიდ ფეხბურთს თამაშობდნენ. უკვე განცდილი მქონდა რას ნიშნავს, როცა შენი საყვარელი ფეხბურთელი დიდი ფეხბურთიდან მიდის. კიდევ ერთი, კიდევ ერთი, კიდევ ერთი . . . თითქოს ერთ წამში იზრდები ამის შემყურე. შენ იზრდები, შენი ბავშვობის დიდი კაცები კი მიდიან.

შემდეგ დგება მომენტი, როდესაც  ფეხბურთის ხელა ხდები. სულ უფრო ხშირად გხვდება ფეხბურთელების დოსიეში საკუთარი დაბადების წელი. თითქოს შენ იზრდები და ფეხბურთი პატარავდება. თითქოს ის დიდი კაციდან შენხელა ბიჭად გარდაისახა. შენ ვერ ეგუები, რომ შენზე ბევრად უმცროსი ბიჭის სახელს ბოლო ხმაზე ყვირი და ბავშვდები! ბრუნდები იქ საიდანაც დაიწყო ეს სიყვარული, ბრუნდები და ეს პატარა ბიჭები ისევ დიდი კაცები ხდებიან, შენ კი პატარა. იგივე ემოცია გავსებს, ისევე ცდილობ რვეულის, პლაკატების, ჟურნალ-გაზეთების მსგავსად ეხლა უკვე ტვინში ჩაიბეჭდო ყოველი მომენტი, ყოველი გამარჯვება, ყოველი ემოცია. შენ ელოდები მატჩს, მატჩს, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებს, თან ყველა შემთხვევაში დაგაბრუნებს, რადგან ყოველთვის ესე იყო და ესე იქნება - ფეხბურთი დიდია, შენ კი პატარა!

კომენტარები

ბოლო ამბები