Thumbnail
  • ლიგა 1-ის კლუბმა გუნდის თავკაცი თანამდებობიდან გაათავისუფლა
  • მონაკოს საქმე ფრანგულ ჩემპიონატშიც ცუდად აქვს და ჩემპიონთა ლიგაშიც

ლეონარდო ჟარდიმი მონაკოს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.

44 წლის პორტუგლიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მონაკომ საფრანგეთის ლიგა 1-ში გასულ 9 ტურში 6 ქულა (ერთი მოგება, სამი ფრე) დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა. გუნდი ვერც ჩემპიონთა ლიგაში ბრწყინავს - A ჯგუფში ორი მარცხით ბოლო ადგილზეა.

მონაკოს ლიგა 1-ში ასეთი ცუდი სტარტი 1973 წლის შემდეგ არ ჰქონია

ლეონარდო ჟარდიმმა მონაკო 2014 წლის ზაფხულში ჩაიბარა. 2016/17 წლების სეზონში კი მონეგასკური კლუბი საფრანგეთის ჩემპიონი გახადა და ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო მწვრთნელადაც დასახელდა. 

"მადლობელი და ამაყი ვარ იმის გამო, რომ მონაკოს ოთხ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ვწვრთნიდი. ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი მისთვის. ჩვენ ერთად დიდი გამარჯვებები ვიზეიმეთ და ეს არასდროს დამავიწყდება", - ამბობს ჟარდიმი.

"მსურს გაწეული სამუშაოს გამო უდიდესი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო ლეონარდუს მიმართ. მან ძალიან პოზიტიური კვალი დატოვა, მისი აქ ყოფნის პერიოდი კი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ფურცლად ჩაიწერება. ლეონარდუ ყოველთვის მონაკოს ოჯახის წევრი იქნება", - თქვა მონაკოს ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაწვრთნის მონაკოს. მანამდე მედიაში დაიწერა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატები ფრანგი ტიერი ანრი და იტალიელი კლაუდიო რანიერი არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები