Thumbnail

'ამას უხეშად ვაკეთებდით. ის არ ყვიროდა' - რონალდოს აღირება ყალბია?

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჰაკერულმა საიტმა გაუპატიურების საქმეზე კრიშტიანოს ჩვენება გამოაქვეყნა
  • პორტუგალიელის ადვოკატი კი აცხადებს, რომ დოკუმენტები გაყალბებულია

გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა იუვენტუსისა და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს სიტყვები გამოაქვეყნა, რომელიც თითქოს ფეხბურთელმა, დიდი ხნის წინ, გაუპატიურების ბრალდების საქმეზე ჩვენების მიცემისას წარმოთქვა. 

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ამერიკელმა ქალბატონმა კეტრინ მაიორგამ ახლახან რონალდო გაუპატიურებაში დაადანაშაულა და სასამართლოში უჩივლა. მაიორგა ირწმუნება, რომ ფაქტი ლას ვეგასში 2009 წელს მოხდა. გავრცელდა ცნობა, რომ ქალმა 2010 წელს პორტუგალიელი ფეხბურთელის წარმომადგენლებისგან დუმილის სანცვლოდ 375 ათასი დოლარი მიიღო, თუმცა, სექტემბერში მედიის მეშვეობით ამბავი მაინც გაასაჯაროვა.

კრიშტიანოს დაკითხვის დეტალები იმ დოკუმენტებიდან გამომზეურდა, რომელიც Football Leaks-ზე გამოქვეყნდა. ცნობისთვის, ეს ჰაკერული საიტი ფეხბურთთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის პუბლიკაციაზეა სპეციალიზირებული. დოკუმენტებში რონალდო ფიგურირებს კოდური სიტყვით "ტოფერი". 

ამას უხეშად ვაკეთებდით. ამბობდა, რომ არ უნდოდა, მაგრამ ამის გაკეთების საშუალებას მაინც მაძლევდა...

წყაროს თანახმად, დაკითხვისას ფეხბურთელს მაიორგთან სქესობრივი კავშირის დეტალურად აღწერა მოსთხოვეს.

"ის გვერდულად იწვა, მე - მის უკან. ამას უხეშად ვაკეთებდით, პოზა არ შეგვიცვლია. ეს 5-7 წუთი გაგრძელდა. ის ამბობდა, რომ არ უნდოდა, მაგრამ ამის გაკეთების საშუალებას მაინც მაძლევდა. ვტაცე ხელი და გვერდზე გადავაბრუნე, შესაძლოა, ამის გამო რამდენე ადგილას კანი ჩაულურჯდა. მას შემდეგ, რაც ყველაფერი დასრულდა, ბოდიში მოვუხადე. ის არ ყვიროდა და დახმარებას არ ითხოვდა", - აქვეყნებს რონალდოს სიტყვებს Football Leaks.

რონალდო და მაიორგა ლას ვეგასის ღამის კლუბში

  მოგვიანებით კრიშტიანო რონალდოს ადვოკატმა პიტერ კრისტიანსენმა განაცხადა, რომ ფეხბურთელის ჩვენება გაყალბებულია.

"კრიშტიანო მიჩვეულია პრესისგან ყურადღების ცენტრში ყოფნას, მაგრამ სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მასობრივი ინფორმაციის ნებისმიერი საშუალება მზადაა, გამოაქვეყნოს დეზინფორმაციის შემცველი მონაცემები. დიახ, მაიორგი და რონალდო შეთანხმდნენ, რომ ლას ვეგასში შეხვედრის შესახებ არ გაესაჯაროებინათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მხარემ შეთანხმება დაარღვია და გაუპატიურება დააბრალა, ბატონი რონალდო მიიჩნევს, რომ მოვიდა დრო, ყველაფერს საჯაროდ ნათელი მოეფინოს.

დოკუმენტები, რომელიც მედიაში გამოქვეყნდა და თითქოს შეიცავს ბატონი რონალდოს აღიარებას, ფაბრიკაციაა. დოკუმენტები მოპარულია და ჟურნალისტებისგან მნიშვნელოვნადაა შეცვლილი", - აქვეყნებს კრისტიანსენის ნათქვამს AFP.

ცნობილია, რომ თავად 33 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მადრიდის რეალისა და მისი პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის მიერ, მის წინააღმდეგ აგორებული შეთქმულების ნაწილია.

პრობლემების გამო, კრიშტიანო რონალდომ პორტუგალიის ნაკრებიდან წლის ბოლომდე გათავისუფლება ითხოვა და ეროვნულ გუნდს უახლოეს მატჩებში არ დაეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები