Thumbnail

საქართველო ფავორიტია, თუმცა ანდორას 5 მატჩია არ წაუგია და მხოლოდ 1 გოლი გაუშვა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • უეფას ერთა ლიგა. D დივიზიონის პირველი ჯგუფი
  • 13 ოქტომბერი: საქართველო v ანდორა (20:00)

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მორიგი მატჩებისთვის ემზადება. ვლადიმირ ვაისის გუნდი 13 ოქტომბერს თბილისში, დინამო არენაზე ანდორას უმასპინძლებს, ხოლო 16 ოქტომბერს რიგაში ლატვიას ესტუმრება. საქართველოს ნაკრებმა პირველი ორი მატჩი მოიგო, ჯგუფის ლიდერია და გამოკვეთილი ფავორიტი.

ვლადიმირ ვაისის 24 რჩეული

საქართველოს ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის თბილისის ზღვასთან მდებარე ზესტაფონის ბაზაზე ემზადება. ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 24 ფეხბურთელია. პირველ ეტაპზე სლოვაკმა მწვრთნელმა 26 ფეხბურთელს უხმო, მაგრამ ლევან მჭედლიძე და გიორგი პაპუნაშვილი გუნდს ტრავმების გამო დააკლდნენ. მიუხედავად იმისა, რიმ ნაკრებს ორი შემტევი ფეხბურთელი გამოაკლდა, ვაისმა სხვა თავდამსხმელის გამოძახება არ ისურვა და ნაკრებიც უახლოესი ორი მატჩისთვის 24 ფეხბურთელით ემზადება.

საქართველოს ნაკრები ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე ემზადება | 📸 GFF

ანდორის ნაკრები 2018 წელს წაუგებელია

საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე, ანდორას ეროვნული გუნდი თბილისში 11 ოქტომბერს ჩამოვა. ანდორელები ერთადერთ ვარჯიშს 12 ოქტომბერს დინამო არენაზე გამართავენ, მეორე დღეს კი უკვე თამაშია. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ორი ტურის შემდეგ, ერთა ლიგის D დივიზიონის პირველ ჯგუფში საქართველოს ნაკრების შემდეგ, მეორე ადგილს სწორედ ანდორა იკავებს, რომელსაც ტურნირზე ჯერ მარცხი არ განუცდია. ბოლო პერიოდში, ანდორელებმა დიდი პროგრესი განიცადეს, რაზეც შედეგები და სტატისტიკა მეტყველებს.

2018 წელს ანდორას ნაკრებმა 5 მატჩი გამართა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჯერ მარცხი არ განუცდია. ანდორელებმა ნეიტრალურ მოედანზე 1:0 მოუგეს ლიხტენშტეინს, რასაც ზედიზედ 4 ფრე მოჰყვა: 0:0 კაბო-ვერდესთან, 0:0 არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან, გასვლითი 0:0 ლატვიასთან და 1:1 ყაზახეთთან. ბოლო 5 შეხვედრაში ანდორამ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა (!), რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათი პროგრესი ძირითადად დაცვით ფაზაში კარგი თამაშით არის განპირობებული. მაგალითად, 2017 წლის 10 ოქტომბერს ანდორამ 4:0 წააგო ლატვიის ნაკრებთან, რომელთანაც ერთა ლიგაზე ფრედ ითამაშა. ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებს კარგად ორგანიზებულ დაცვასთან მოუწევს დაპირისპირება და როგორც ვლადიმირ ვაისმა ლატვიასთან მატჩის შესახებ განაცხადა, ადვილი არაა იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც თერთმეტი ფეხბურთელით დაცვიდან გეთამაშება.

ანდორამ ყაზახეთთან ფრედ ითამაშა

ქვეყნის მთელი მოსახლეობა ერთ სტადიონზე დაეტევა

რა შეიძლება ვიცოდეთ ანდორას შესახებ? - ეს არის სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ესპანეთს და საფრანგეთს შორის მდებარეობს. მისი ფართობი 468 კვადრატული კილომეტრია და სიდიდით 193-ე ქვეყანაა მსოფლიოში. ანდორაში სულ 78 000 ადამიანი ცხოვრობს. ანუ, ანდორას მთელი მოსახლეობა ერთ დიდ სტადიონზე შეიძლება დაეტიოს. მაგალითად, დინამო არენაზე არაერთხელ შეკრებილა 78 000 გულშემატკივარი და კიდევ უფრო მეტიც, თუმცა დღეს ეს შეუძლებელია, რადგან ინდივიდუალური სკამების დამონტაჟების შემდეგ, ტევადობა 55 000-მდე შემცირდა. თუმცა, ანდორას დედაქალაქის, ანდორა ლა ველას 22 000-იანი მოსახლეობა სულ თავისუფლად დაეტევა არა მარტო დინამო არენაზე, არამედ მიხეილ მესხის სტადიონის ტრიბუნებზეც. წინ მნიშვნელოვანი მატჩია და საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოიპოვოს დაგეგმილი 3 ქულა.

სტადიონი, სადაც ანდორის ნაკრები საშინაო მატჩებს ატარებს

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (უკლუბოდ), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი).

ნახერვარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი).

თავდამსხმელი: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).

 

კომენტარები

ბოლო ამბები