Thumbnail

1,5 მლნ ევროს შანსი საქართველოს - უეფამ ერთა ლიგაში საპრიზო თანხები გაზარდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უეფამ ერთა ლიგა ევროპული ნაკრებებისთვის უფრო მიმზიდველი გახადა
  • საქართველოს ნაკრებს ევრო 2020-ის საგზურისა და 1,5 მლნ ევროს მიღების შანსი აქვს

უეფამ ერთა ლიგაში მონაწილე ნაკრებებისთვის საპრიზო თანხები გაზარდა. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალური საიტი იუწყება.

უეფას ახალი ტურნირის პირველი გამარჯვებული 2019 წელს გამოვლინდება 

ერთა ლიგა უეფას ახალი ტურნირია, რომელიც ამხანაგური მატჩების ჩასანაცვლებლად შეიქმნა. ევროპის 55 ქვეყნის ნაკრებები ოთხ ლიგაში, უეფას სანაკრებო კოეფიციენტის მიხედვით განაწილდა. ლიგების გამარჯვებულები ევრო 2020-ის საგზურს მიიღებენ.

სოლიდარობის (მონაწილეობისთვის) თანხა ყველა ნაკრებისთვის 50%-ით გაიზარდა. ახლა A ლიგაში თანხა 2,25 მილიონ ევროს შეადგენს (იყო 1,5 მილიონი, გაიზარდა 750 ათასით), B ლიგაში - 1,5 მლნ ევროს (იყო 1 მლნ), С ლიგაში 1,125 მლნ-ს (იყო 750 ათასი), ხოლო D ლიგაში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები გამოდის - 750 ათასს (იყო 500 ათასი). 

50%-ით გაზრდილია საბონუსე თანხა ჯგუფში გამარჯვებულებისთვისაც, ოდენობა კი სოლიდარობის თანხის ანალოგიურია. შესაბამისად, სოლიდარობისა და ბონუსების ჯამური თანხა  A ლიგაში 4,5 მილიონ ევროს შეადგენს. B ლიგაში - 3 მლნ-ს, С ლიგაში - 2,25, ხოლო D ლიგაში - 1,5 მლნ-ს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები D ლიგაში გამარჯვების შემთხვევაში ჯამში 1,5 მილიონ ევროს მიიღებს

ერთა ლიგის თასისთვის კი A ლიგის ჯგუფების ოთხი გამარჯვებული 2019 წლის ივნისში, ფინალურ ტურნირში ითამაშებს. საპრიზო თანხები გაიზარდა ფინალურ ეტაპზეც. ტურნირის გამარჯვებული 6 მილიონ ევროს მიიღებს (იყო 4,5 მლნ), ფინალისტი - 4,5 მლნ-ს, მესამე ადგილზე გასული - 3,5 მლნ-ს, მეოთხე ადგილზე გასული - 2,5 მლნ-ს. ამრიგად, უეფას ერთა ლიგის გამარჯვებული ნაკრები ჯამში (A ლიგასა და ფინალურ სტადიაზე გამარჯვებისთვის) 10,5 მილიონ ევროს მიიღებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები D ლიგის 1-ელ ჯგუფში ყაზახეთის, ანდორას და ლატვიის ნაკრებებთან ერთად გამოდის.

ვლადიმირ ვაისის გუნდი, ორ სასტარტო მატჩში - სტუმრად ყაზახეთსა (2:0) და შინ ლატვიასთან (1:0) გამარჯვების შემდეგ, ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი 13 ოქტომბერს თბილისში, ანდორასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები