Thumbnail
  • 44 წლის არგენტინელი გუნდს მომავალი წლიდან უხელმძღვანელებს
  • არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი წარმატებული მწვრთნელია

გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის გუნდს - სან ხოსე ეზკვეიკს წარსულში ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი მატიას ალმეიდა გაწვრთნის. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება. 

44 წლის სპეციალისტი, რომელსაც მშობლიურ რივერ პლეიტსა და ბანფილდის გარდა, მექსიკური გვადალახარაში უმუშავია, MLS-ის ბოლოადგილოსანი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მომავალი წლიდან იმუშავებს, იქამდე კი სან ხოსეს კვლავაც დროებითი თავკაცი სტივ რალსტონი უხელმძღვანელებს.

  
ფეხბურთელობისას 44 წლის ალმეიდას ევროპაში ხუთ კლუბში (სევილია, ლაციო, პარმა, ინტერი, ბრეშა) უთამაშია. ის რივერ პლეიტის აღზრდილია და პროფესიული კარიერაც რივერში დაიწყო და იქვე დაასრულა 2011 წელს. არგენტინის ნაკრებში ჩამშლელ ნახევარმცველს 35 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. 

"მილიონარიოსი" ალმეიდამ სეგუნდადან გადმოიყვანა, რის შემდეგაც კლუბი დატოვა და ბანფილდი ჩაიბარა, რომელიც იმ დროს ასევე სეგუნდაში თამაშობდა. 2013-14 წლების სეზონში ბანფილდმა მისი ხელმძვანელობით პრიმერა B ნასიონალი მოიგო. 

განსაკუთრებული წარმატებით ალმეიდა მექსიკაში მუშაობდა, სადაც იგი 2015 წლიდან  სათავეში გვადალახარას ედგა. არგენტინელთან ერთად ამ მექსიკურმა კლუბმა 9-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ტიტული - ქვეყნის თასი მოიგო, რასაც მექსიკის სუპერთასზე გამარჯვებაც მოჰყვა, მთავარი კი 2018 წელს მიღწეული წარმატება იყო, როდესაც გვადალახარელებმა კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გაიმარჯვეს.

სან ხოსე დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-12 ადგილზეა, გუნდმა ზედიზედ 6 მატჩი დათმო. 

ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ის სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში 1ო გოლი გაიტანა. გურამ კაშიამ 12 შეხვედრაში ითამაშა.

ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებში ოქტომბრის მატჩებისთვის არიან გამოძახებულნი.

კომენტარები

ბოლო ამბები