Thumbnail

11 ადგილი საქართველოს რეკორდამდე - ბასილაშვილი მსოფლიოს 23-ე ჩოგანია!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ATP-მ რეიტინგ-ლისტი განაახლა
  • ბასილაშვილი - მხოლოდ 43 ქულა TOP-20-მდე
  • შანხაის მასტერსი: ბასილაშვილი v შაპოვალოვი

ATP-მ ვაჟ ჩოგბურთელთა რეიტინგ-ლისტი განაახლა - CHINA OPEN-ის ტრიუმფატორი და მსოფლიოს მე-4 ჩოგნის, ხუან-მარტინ დელ პოტროს დამმარცხებელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერის ახალ ნიშნულზეა. 1 757 ქულით 26 წლის ქართველი მსოფლიოს 23-ე ჩოგანია. 

პეკინში ტრიუმფალური გამარჯვებით ნიკამ 11 საფეხურით წაიწია წინ. მან ისეთ ჩოგბურთელებს გაუსწრო, როგორიც რიშარ გასკე, კარენ ხაჩანოვი და ფერნანდო ვერდასკოა. 

11 ადგილი მესხის რეკორდამდე

ბასილაშვილმა პეკინში ზედიზედ 5 მატჩი მოიგო

ნიკამ ჯერ კიდევ ივლისში დაამყარა დამოუკიდებელი საქართველოს რეკორდი ვაჟებში, როცა საკვალიფიკაციო ბადიდან გერმანიის ღია პირველობა მოიგო და 35-ე ჩოგანი გახდა. მაშინ მან ირაკლი ლაბაძის შედეგი (42) გააუმჯობესა. ამის შემდეგ ნიკამ 31-ე ჩოგნობამდეც წაიწია, შემდეგ კი იყო მცირე უკუსვლა. და აი, მორიგი ქართული რეკორდი.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არ არის საუკეთესო შედეგი - 1991 წლის აგვისტოში ლეილა მესხი მსოფლიოს მე-12 ჩოგანი იყო და ახლა ნიკას ეს რეკორდი აქვს მოსახდნელი. მანამდე კი მიზანი TOP-20-ში შესვლაა - ბასილაშვილი მსოფლიოს მე-20 ჩოგანი მილოშ რაონიჩს (კანადა) მხოლოდ 43 სარეიტინგო ქულით ჩამორჩება. ასე რომ, შანხაიში კარგი გამოსვლა მისთვის ბრწყინვალე შანსი იქნება. 

3 მილიონს გაცდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი 2008 წლიდან მონაწილეობს პროფესიულ ტურნირებში. ჩინეთის ღია პირველობის მოგებით მან კარიერაში სულ $ 3 370 578 დააგროვა. აქედან $ 1 920 089 წლევანდელ ტურნირებზე მოდის. 

შანხაის მასტერსი და TOP-20-ის შანსი

ნიკამ კარიერაში ATP-ის მეორე ტიტული მოიგო

ბასილაშვილი შანხაის მასტერსზე გადაერთო, ATP World Tour Masters 1000-ის მორიგ ტურნირზე. იქ როჯერ ფედერერია (შვეიცარია) პირველ ნომრად განთესილი, ხოლო ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) მეორე ნომერია. ის 9 ოქტომბერს ჩვენი დროით დაახლოებით დილის 8 საათიდან დაიწყებს კანადელი დენის შაპოვალოვის (29) წინააღმდეგ. ეს ჩოგბურთელები აპრილში ბუდაპეშტში შეხვდნენ ერთმანეთს და ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში, 6:2, 6:4 იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა. 

ნიკა 2017 წელსაც მონაწილეობდა შანხაის მასტერსზე, მან საკვალიფიკაციო ბადიდან ძირითადში გააღწია, სადაც ხუან-მარტინ დელ პოტროსთან წააგო - 2:6, 6:3, 4:6. ასე რომ, მას მხოლოდ 25 ქულა აქვს დასაცავი (საკვალიფიკაციოს მოგებისთვის). 

შანხაის ტურნირის მოგება 1 000 სარეიტინგო ქულად ფასობს. ფინალისტი 600 ქულას მოიპოვებს, ნახევარფინალისტი - 360-ს, ხოლო მეოთხედფინალისტი - 180-ს. შაპოვალოვის დამარცხებით კი ნიკა უკვე გაინაღდებს 90 სარეიტინგო ქულას. 

კომენტარები

ბოლო ამბები