Thumbnail

ახალგაზრდული ოლიმპიადა | ქართველი სპორტსმენები და წარუმატებელი სტარტი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ახალგაზრდული ოლიმპიადა საზეიმო ცერემონიალით გაიხსნა
  • ოლიმპიურ თამაშებში 15 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. ორიგინალური ცერემონია ღია ცის ქვეშ, ქალაქის ცენტრში აღმართულ ობელისკთან ჩატარდა. გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სპორტსმენებმა ბუენოს აირესის მთავარ ქუჩაზე შეკრებილი მაყურებლის წინ ჩაიარეს, საქართველოს მედროშე კი კალათბურთელი ლუკა მაზიაშვილი იყო. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა: 

“ვიდრე აქ ჩამოხვიდოდით, თითოეული თქვენგანი ბევრს ვარჯიშობდა და შეჯიბრებებში მონაწილეობდა. აი, ამიტომაც იმსახურებთ ამ თამაშებზე ყოფნას. თქვენ ჩამოხვედით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, გაქვთ სხვადასხვა კულტურა, მაგრამ თქვენ გაერთიანებთ ოლიმპიური ფასეულობები: მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა. მისდევთ რა ამ ღირებულებებს, თქვენ ხართ მნიშვნელოვანი ადამიანები სპორტში და ცხოვრებაში”.

ახალგაზრდული ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი

პირველი საშეჯიბრო დღე ქართველი სპორტსმენებისთვის წარუმატებელი გამოდგა. ანა მაქაცარია ირლანდიელ გეორგია დრიმთან ერთად წყვილთა ტურნირში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშით გამოვიდა. ეს არის საჩოგბურთო ოლიმპიური ტურნირის ახალი დისციპლინა, რომელიც სწორედ სოკ-ის რეკომენდაციით შევიდა ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. პირველ წრეში ქართულ-ირლანდიური დუეტი იაპონელებს: იუკო ნაიტოს და ნაო სატოს დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა, 1:6, 5:7. 

ტაეკვონდში ზურაბ კინწურაშვილმა (48 კგ.) პირველივე შეხვედრა დათმო (11:30) კორეელ იმ სონგბინთან და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. საბოლოოდ კორეელი სპორტსმენი თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ოქროს მედალი კი რუსმა დმიტრი შიშკომ მოიგო.

ზურაბ კინწურაშვილი კორეელ სპორტსმენთან დამარცხდა

ბუენოს აირესში, ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, 12 დღის განმავლობაში მსოფლიოს 178 ქვეყნის 4 ათასამდე სპორტსმენი სპორტის 32 სახეობაში მედლების 241 კომპლექტს გაითამაშებს. მათ შორის იქნება საქართველოს 15 წარმომადგენელი, რომლებმაც ოლიმპიადის ლიცენზიები სპორტის 10 სახეობაში მოიპოვეს.

ბუენოს აირესში გამოვლენ ქეთევან არბოლიშვილი (მხატვრული ტანვარჯიში), ანა მაქაცარია (ჩოგბურთი), ნინო ხუციბერიძე (ტყვიის სროლა - 10 მ, პნევმატური პისტოლეტი), გიორგი გეგელაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 48 კგ), გიორგი თოხაძე  (ბ/რ ჭიდაობა, 51 კგ), გიორგი ჩხიკვაძე ( ბ/რ ჭიდაობა, 60 კგ), ილია სულამანიძე (ძიუდო, 100 კგ), არჩილ მალაყმაძე (ძალოსნობა, 69 კგ), ზურაბ კინწურაშვილი (ტაეკვონდო, 48 კგ), გიორგი კეკიშვილი (მძლეოსნობა, უროს ტყორცნა), გაგა ხიჯაკაძე (თანამედროვე ხუთჭიდი), 3X3 კალათბურთელთა გუნდი: ლუკა მაზიაშვილი, ლაშა მიქელაძე, ოთარ პერტაია და ზურაბ ჟღენტი.

კომენტარები

ბოლო ამბები