Thumbnail

ქართული ჩოგბურთის დღესასწაული - ბასილაშვილის ტრიუმფი ჩინეთში!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა
  • ამ გამარჯვებით ნიკამ 1757 ქულა დააგროვა და 733 320 დოლარი გამოიმუშავა

ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელი ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა! გერმანიის ღია პირველობის მოგებისა და აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში გასვლის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა CHINA OPEN მოიგო! საქართველოს პირველმა ჩოგანმა ფინალში მსოფლიოს მე-4 ჩოგანი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო 6:4, 6:4 დაამარცხა!

ნიკამ სეზონში ATP-ის მეორე 500-იანი ტურნირი მოიგო და 500 სარეიტინგო ქულასთან ერთად, 733 320 დოლარი გამოიმუშავა! მას უკვე 1757 ქულა აქვს და მსოფლიო რეიტინგში ახალ სარეკორდო საფეხურზე ადის - ბასილაშვილი მსოფლიოს 23-ე ჩოგანი გახდება!

პირველი სეტი: ბრეიკი მე-3 გეიმში!

თამაში ქართველი ჩოგბურთელისთვის კარგად დაიწყო. მეტოქეებმა თითო გეიმი გაცვალეს, რის შემდეგაც, ბასილაშვილმა დელ პოტროს მოწოდებაზე შესანიშნავად ითამაშა, ბრეიკი აიღო და 2:1 დაწინაურდა. მე-4 გეიმი ნიკამ უშეცდომოდ მოიგო და ანგარიში 3:1 გახდა! 

მომდევნო გეიმი დელ პოტრომ ადვილად მოიგო, მე-6 გეიმში კი ბასილაშვილს თამაში არ წაუვიდა, მაგრამ 2 ბრეიკ პოინტის მოგერიება შეძლო და 4:2 დაწინაურდა. ნიკამ განსაკუთრებით კარგად მე-8 გეიმი ჩაატარა, რის შემდეგაც დელ პოტრომ თავისი მოწოდება ეისით მოიგო, მაგრამ ბასილაშვილმა სეტი მაინც უპრობლემოდ მიიყვანა გამარჯვებამდე - 6:4.

მეორე სეტი: ტრიუმფალური ბრეიკი და ტიტული!

მატჩის მეორე სეტი, რომელიც დელ პოტრომ დაიწყო, უაღრესად დაძაბულად წარიმართა. არგენტინელი და ქართველი ჩოგბურთელები თავიანთ მოწოდებებს იგებდნენ, დელ პოტროს 4:3-ისთვის 11 ეისი ჰქონდა შესრულებული (ბასილაშვილს - 2).

მე-8 გეიმში ბასილაშვილმა საკუთარ მოწოდებაზე 3 ბრეიკ პოინტი მოიგერია და ანგარიში მაინც გაათანაბრა (4:4). სწორედ ამ ურთულესი გეიმის შემდეგ, ბასილაშვილმა დელ პოტროს ბრეიკი აუღო და ანგარიში ქართველის სასარგებლოდ 5:4 გახდა!

მომდევნო გეიმში ბასილაშვილს 2 მატჩპოინტი გააფუჭა, თუმცა ეისით მესამეც მოიპოვა, რომელიც ბრწყინვალე თამაშით გამოიყენა და მეორე 500-იანი ტურნირის გამარჯვებული გახდა!

კომენტარები

ბოლო ამბები