Thumbnail
  • ბოსტონისა და კლივლენდის წინასასეზონო მატჩი სკანდალური მატჩი გამოდგა
  • მარკუს სმარტი ჯეი არ სმიტს დაუპირისპირდა

ჯერ NBA-ს რეგულარული სეზონიც კი არ დაწყებულა, ბოსტონსა და კლივლენდს შორის სიძულვილი კი უკვე პლეი ოფის დონეზეა. “მოსისხლე მტრების” წინასასეზონო მატჩში, რომელიც კავალიერსმა 113:102 მოიგო, ვითარება არაერთხელ დაიძაბა, პირველი დაპირისპირება კი პირველივე მეოთხედში, 3 წუთისა და 38 წამის შემდეგ მოხდა. ჩხუბი ბოსტონელი მარკუს სმარტის გაძევებით დასრულდა, მაგრამ გაგრძელება აუცილებლად იქნება!

რა მოხდა? კლივლენდელმა ჯეი არ სმიტმა და ბოსტონის ცენტრმა არონ ბეინსმა მოხსნისთვის იჩხუბეს. ამის შემდეგ მათ სმარტი მიუახლოვდა, რის შემდეგაც სიტუაცია ძალიან დაიძაბა. მან სმიტს ხელი ჰკრა და, სავარაუდოდ, დარტყმასაც უპირებდა, მაგრამ კოლეგებმა ჯეისონ ტეიტუმმა და ტერი როზიემ შეაკავეს.

შედეგი: სმარტმა და სმიტმა ტექნიკური ჯარიმები მიიღეს. იმ დროს, როცა კავალიერსის მცველმა თამაშის გაგრძელების უფლება მიიღო, ბოსტონის Bad Boy გააძევეს. “სმიტს ვუთხარი, რომ გამომყოლოდა, მასთან სალაპარაკო მქონდა. ასეთი რამ პარკეტზე არ უნდა ხდებოდეს, ყველაფერი პარკეტს მიღმა უნდა გაგვერკვია. ჯეი არმა კარგად იცის, სადაც უნდა მიპოვოს,” - განაცხადა მატჩის შემდეგ სმარტმა.

სმიტის პასუხმაც არ დააგვიანა: “ქუჩაში შევხვდეთ!” - დაწერა კლივლენდის ვარსკვლავმა ტვიტერზე.

აღსანიშნავია, რომ სმიტმა ადრეც არაერთხელ იმოქმედა ბინძურად ბოსტონის მოთამაშეების წინააღმდეგ. წინა სეზონის კონფერენციის ფინალში მან ოლ ჰორფორდს ჩატენვის მცდელობისას ჰკრა ხელი და სელტიკსის ცენტრი ურთულეს ტრავმას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ გაუმართლა. სმიტს მაშინაც სმარტი დაუპირისპირდა და კლივლენდელს ვერბალურად შეუტია, რის გამოც ამ უკანასკნელმა ხელი ჰკრა. 2015 წელს სმიტმა ბოსტონელ ჯეი კრაუდერს სახეში იდაყვი ჩაარტყა.

კლივლენდ კავალიერსი და ბოსტონ სელტიკსი რეგულარულ სეზონში ერთმანეთს პირველად 1 დეკემბერს შეხვდებიან და ამ ამბავს გაგრძელება იმ თამაშში ექნება.

კომენტარები

ბოლო ამბები