Thumbnail
  • ლუის ჰემილტონმა იაპონიის გრან პრი მოიგო და მეხუთე ტიტულთან ახლოსაა
  • სებასტიან ფეტელი მხოლოდ მე-6 ადგილზე გავიდა

სებასტიან ფეტელმა იაპონიის გრანპრიზე უამრავი შეცდომა დაუშვა და ჩემპიონობის შანსი, ფაქტობრივად, საბოლოოდ დაკარგა. ლუის ჰემილტონმა კი კიდევ ერთი აბსოლუტურად დამაჯერებელი და დამსახურებული გამარჯვება იზეიმა და მეხუთე ტიტული თითქმის გაინაღდა. ფეტელი, მაქს ფერსტაპენთან შეჯახების შემდეგ, რაშიც ბრალი თვითონვე მიუძღვის, მხოლოდ მე-6 ადგილზე გავიდა.

მერსედესისთვის მოპოვებული 50-ე გამარჯვების (კარიერაში 71-ე მოგება ფორმულა 1-ში) შემდეგ, ჰემილტონმა გერმანელთან უპირატესობა საერთო ჩათვლაში 50-დან 67 ქულამდე გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანელს მსოფლიოს ჩემპიონობის განაღდება 21 ოქტომბერს, აშშ-ის გრანპრიზე შეუძლია. თანაც, ოსტინის ტრასა მისი საყვარელი ტრეკია (4 გამარჯვება ზედიზედ). საკმარისია, აშშ-ში ჰემილტონმა ფეტელზე 8 ქულით მეტი აიღოს, რომ ჩემპიონობას ოფიციალურად გაიფორმებს. დიდი ალბათობით სწორედ ასე მოხდება და ბრიტანელი ტიტულების რაოდენობით (5) ლეგენდარულ არგენტინელს, ხუან მანუელ ფანხიოს გაუტანაბრდება, ამაზე მეტი ჩემპიონობა კი მხოლოდ მიხაელ შუმახერს აქვს (7).

სუძუკაზე მეორე ადგილი ჰემილტონის თანაგუნდელმა ვალტერი ბოტასმა დაიკავა, რომელმაც ბოლო წრეებზე კარგად გაუძლო მაქს ფერსტაპენის (რედ ბული) შეტევებს. ფერსტაპენის თანაგუნდელმა დანიელ რიკარდომ კი იმდენი შეძლო, რომ მე-15 სასტარტო ადგილიდან, საბოლოოდ მე-4 პოზიცია დაიკავა.

“ბედნიერი ვარ, რადგან პარასკევსაც, შაბათსაც და კვირასაც, ბრუტალურად ძლიერები ვიყავით. ამ უქმეების თითოეულმა წამმა უდიდესი სიამოვნება მომანიჭა. ბოლიდი უბრალოდ სრულყოფილი იყო,” - განაცხადა რბოლის შემდეგ ჰემილტონმა.

მიუხედავად იმისა, რომ მერსედესი მთელი უქმეების განმავლობაში დომინირებდა და გამარჯვება ერთხელაც არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, მოქმედი ჩემპიონი გუნდის ხელმძღვანელებმა ბოტასს გამარჯვება მაინც არ აჩუქეს - არადა, ფინელი მთელი სეზონის განმავლობაში ერთგულად ემსახურება მერსედესსაც და ჰემილტონსაც...

საერთო ჩათვლა - TOP 5

1. ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) - 331

2. სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) - 264

3. ვალტერი ბოტასი (მერსედესი, ფინეთი) - 207

4. კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) - 196

5. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული, ჰოლანდია) - 173

კონსტრუქტორთა თასი - TOP 5

1. მერსედესი - 538

2. ფერარი - 460

3. რედ ბული - 319

4. რენო - 92

5. ჰაასი - 84

კომენტარები

ბოლო ამბები