Thumbnail

MOBA - eSports-ის ყველაზე პოპულარული ჟანრი

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • MOBA, ანუ საბრძოლო არენა, eSports-ის ყველაზე პოპულარული ჟანრია
  • პირველი საბრძოლო არენა StarCraft-ის ბაზაზე შეიქმნა
  • სწორედ MOBA ტურნირებზეა ყველაზე დიდი საპრიზო ფონდი

MOBA, ანუ საბრძოლო არენა, eSports-ის უდავოდ ყველაზე პოპულარული ჯანრია.

თამაშის ფორმულა მარტივია. საბრძოლო არენას სამი მთავარი 'გზა' აქვს, მათ შორის კი ჯუნგლები/ტყეა, რომელიც მონსტრებითაა დასახლებული. აგრეთვე, თითოეულ გზაზე მუდმივად და გაუჩერებლად მოდის 'მინიონთა' ჯგუფი, რომლების დახოცვისთვისაც, მოთამაშე, გაძლიერებისათვის საჭირო იარაღების შესაძენ რესურსებს იღებს.

რას ნიშნავს MOBA

ტერმინი MOBA  სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება - 'მრავალ მოთამაშიანი ონლაინ საბრძოლო არენა'. ეს განმარტება ჟანრის არსს საკმაოდ კარგად ხსნის. რითი განსხვავდება MOBA სხვა არენებისგან, რომლებიც World of Warcraft-ში, ან თუნდაც Counter Strike-ში გვხვდება? ამის ახსნას მცირე განმარტება სჭირდება.

გეიმერების ნაწილი, როდესაც WarCraft 3-ს და სხვა RTS-ებს (სტრატეგიებს) თამაშობდნენ, მიზნად მთავარი გმირის გაძლიერებას და მათ სხვა გმირებთან შერკინებას ისახავდნენ. MOBA-ც სწორედ იმ ადამიანებისთვის განკუთვნილი სტრატეგიული თამაშების ქვეჟანრია, რომლებიც ამ კუთხით უდგებოდნენ RTS-ს.

მთავარი, რაც MOBA-ს RTS-ისგან განასხვავებს, ისაა რომ, მეორე ხარისხოვანი პერსონაჟები ავტომატიზირებულები არიან და მოთამაშეს მათი მართვა არ უწევს. თამაშის დაწყებისთანავე, გეიმერი მხოლოდ ერთ პერსონაჟზე, მის გაძლიერებაზეა და გამარჯვების მისაღწევად თანაგუნდელებთან შეთანხმებულ ქმედებებზეა პასუხისმგებელი. 

პოპულარული MOBA თამაშები

Aeon of Strife

პირველი თამაში, რომელსაც ვახსენებთ, ალბათ არასდროს გაგიგიათ. ეს Aeon of Strife-ა, რომელიც StarCraft-ის ბაზაზე შეიქმნა და ვერასდროს მიაღწია პოპულარობის იმ ხარისხს, როგორსაც ამ სიაში მყოფმა სხვა საბრძოლო არენებმა. აღნიშნულის მიუხედავად, ეს უმნიშვნელოვანესი მოდიფიკაციაა, რადგან სწორედ ის იყო ჟანრის პიონერი. სამწუხაროდ, Aeon of Strife ცაკლე მდგომ თამაშად არასდროს გამოსულა, შესაბამისად მისი ისტორიაც მალევე, DoTA-ს გამოჩენისთანავე დასრულდა.

DoTA

DoTA და DoTA 2 ის თამაშებია, რომლებმაც MOBA ჟანრის პოპულარობა განსაზღვრა. WarCraft 3-ის პერსონაჟების მოდელების გამოყენებით - ეულმა, სტივმა, ფიკმა და აისფროგმა საბრძოლო არენა შექმნეს და ალბათ საერთოდ არ ელოდნენ იმ უდიდეს გამოხმაურებას, რომელიც მიიღეს.

Aeon of Strife-ს მსგავად, DoTA-ც სხვა თამაშის (WarCraft 3) ბაზაზე შეიქმნა, მაგრამ მისმა დიზაინმა დეველოპერების ყურადღება მალევე მიიპყრო.

მის განახლებაზე, ან გნებავთ შემდგომ ვერსიაზე (DoTA 2), მძლავრი კომპანია, Valve (Halflife, Halflife 2) მუშაობდა. შეიცვალა თამაშის გრაფიკა და დაემატა პერსონაჟები, მაგრამ DoTA მაინც DoTA-დ დარჩა და პირველი ვერსიის გეიმერთა ბაზა უმტკივნეულოდ გადავიდა მეორეზე.

განახლების გამოსვლის შემდეგ, DoTA 2-ს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში თამაშობენ. ყველაზე მასშტაბური და მაღალ ბიუჯეტიანი პროფესიონალური ტურნირებიც ზუსტად ამ თამაშში იმართება.

League of Legends

ერთ-ერთი პირველი 'ცალკე მდგომი', ანუ სხვა, საბაზო თამაშის გარეშე შექმნილი MOBA - League of Legends იყო. პროდუქტი ახლად ჩამოყალიბებულმა კომპანიამ, Riot Games-მა შექმნა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი DoTA-ს შემქმნელი - სტივ ფიკი იყო. LoL-მა მომხმარებელს ყველაფერი მისცა რაც მათ შეიძლება ნდომებოდათ და ეჭვი არ არის, რომ ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საბრძოლო არენაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ თამაშმა, დიდწილად განაპირობა ელექტრონული სპორტის სცენის წარმატებულობა. League of Legends-ის პირველი 'თრეილერი' YouTube-ზე 22 000 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.

გამოვტოვოთ ისეთი თამაშები, რომლებიც გარკვეული დროით სარგებლობდნენ პოპულარობით, მაგრამ ახლა უკვე ნაკლებად იქცევენ ყურადღებას (HoN, HoTS და ა.შ.) და შემდეგ დიდ ფენომენზე გადავიდეთ.

Overwatch

ბაზარზე უამრავი MOBA თამაში გამოჩნდა, რომლებიც ერთმანეთს გავდნენ, მაგრამ ამ ჟანრმა გარკვეული ევოლუცია მაინც განიცადა. Overwatch, რა თქმა უნდა ტრადიციული საბრძოლო არენა არ არის. იგი ორი ჟანრის – 'შუთერის' და MOBA-ს ნაჯვარია და პოპულარობა დიდწილად სწორედ ამან მოუტანა. Blizzard-ს ახალ ქმნილებას მალე გამოუჩდნენ მიმბაძველები და სცენაზე Paladins გამოჩნდა, თუმცა Overwatch ამ ახალ ჟანრში, მაინც ყველაზე პოოპულარული თამაშია.

იმედია მეტნაკლებად გაერკვიეთ იმაში, თუ რას ნიშნავს ტერმინი MOBA და რით განსხვავდება ეს ჟანრი სხვა პოპულარული ელექტრონული სპორტებისგან. 

მოცემულ მომენტში, League of Legends-ის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურებადი ღონისძიება, The Worlds მიმდინარეობს და თუ eSports-ის ამ სახეობით დაინტერესდით - Twitch.tv-ზე შეგიძლიათ უყუროთ.

კომენტარები

ბოლო ამბები