Thumbnail

ზაზას 15 წელი NBA-ში! ფაჩულიას ამერიკული კარიერა ციფრებში

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

მალე პლანეტის უძლიერესი საკალათბურთო ლიგაში ახალი სეზონი იწყება და ზაზა ფაჩულია NBA-ში თავის მე-16 სეზონს დაიწყებს. ქართველ გულშემატკივარს ახარებს ფაქტი, რომ 34 წლის ზაზა კვლავ მოთხოვნადია ყველაზე ვარსკვლავურ საკალათბურთო ლიგაში და ახალ სეზონს იგი ახალ გუნდში - დეტროიტ პისტონსში შეხვდება. ამ ფაქტის ისტორიული მნიშვნელობა სრულად რომ გავიაზროთ, მხოლოდ რამდენიმე სტატისტიკური დეტალი.

სპურსის ვარსკვლავური დუეტი - ტონი პარკერი და მანუ ჯინობილი, დალასის ლეგენდარული ცენტრი დირკ ნოვიცკი, პაუ გასოლი, კაცი, რომელმაც კობისთან ერთად ლოს ანჯელეს ლეიკერსს ბოლო ჩემპიონობა მოუტანა, 90-იანების ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი ვლადე დივაცი, აივერსონის მარჯვენა ხელი ფილადელფია სიქსერსში - დიკემბე მუტომბო, ბრაზილიელი ნენე და ამერიკაში აღზრდილი გერმანელი დეტლეფ შრემპფი არიან ის 8 არაამერიკელი მოთამაშე, რომელთაც ზაზასთან ერთად NBA-ში 15 სეზონზე მეტი აქვთ ნათამაშები. დამეთანხმებით ალბათ, რომ არცთუ ისე ურიგო კომპანიაა?!

შენიშვნა: ამ სიაში არ არიან გათვალისწინებული ის მოთამაშეები, რომლებიც აშშ-ს მეზობელ ქვეყნებში არიან დაბადებულები და ამერიკაში აღიზარდნენ. მაგალითად: ტიმ დანკანი ვირჯინიის კუნძულებზე დაიბადა, სტივ ნეში კი - კანადაში.

15 წლის საიდუმლო - როგორ დარჩა ზაზა ლიგაში?

პროფესიონალი ათლეტის კარიერა, ჩვეულებრივ, არცთუ ისე დიდხანს გრძელდება. 15 წელი სპორტსმენისთვის ძალიან დიდი დროა. იმისთვის, რომ ამ ხნის განმავლობაში უმაღლეს დონეზე დარჩენა შეძლოს, სპორტსმენისგან აუცილებელია სამაგალითო დისციპლინა და პროფესიონალიზმი. ვარჯიშებზე გაწეულ შრომას გულშემატკივარი ვერ ხედავს, თუმცა, უდავოა, რომ ზაზას მთელი ამ ხნის მანძილზე სამაგალითო მონდომებითა და პროფიონალიზმით უნდა ეზრუნა თავის სათამაშო ფორმაზე და არ მიეცა საკუთარი თავისთვის მოშვების საშუალება.

ამ მხრივ, ფაჩულია სამაგალითო სპორტსმენია. NBA-ს ორგზის ჩემპიონის სიმაღლეზე იგი პირველ რიგში თავისი შრომისმოყვარეობითა და მონდომებით ავიდა. ზაზას არასოდეს ჰქონია NBA-ს სტანდარტისათვის ექსტრაორდინალური ტალანტი, რომლის ხარჯზეც ითამაშებდა. განსხვავებით მაგალითად, იგივე დირკ ნოვიცკისგან, რომელსაც ფენომენალური სროლა აქვს. ვერავინ აკეთებს ნოვიცკის საფირმო მოძრაობას, როდესაც იგი ზურგით, პოსტში, დგას, ტრიალდება, ნაბიჯს უკან დგამს და ისე ისვრის, რომ მცველს დაფარების საშუალება არ აქვს (ე.წ. stepback).

თავისი სროლით ნოვიცკი ლიგაში შეუცვლელია. მისგან განსხვავებით, ზაზას გზა ბევრად უფრო რთული იყო.

არ დაგვავიწყდეს ფაქტი, რომ ტრადიციულად ევროპელთათვის NBA-ში ადგილის დამკვიდრება რთული ამოცანაა. წლიდან წლამდე ლიგაში არაამერიკელების რიცხვი მატულობს და გასულ სეზონში NBA-ში საერთოდაც სარეკორდოდ ბევრი 74 ევროპელი თამაშობდა. წლებში, რომლებშიც ზაზამ ლიგაში თავი დაიმკვიდრა, ევროპელთათვის NBA-ში კარიერის აწყობა ბევრად უფრო რთული იყო.

მოკლედ, პარალელისათვის: ევროპული კალათბურთისთვის ლეგენდად ქცეულმა ოლიმპიაკოსის ლიდერმა ვასილის სპანულისმა ლიგაში მხოლოდ 1 წელი შეძლო თამაში; იგივე დრო გაატარა ამერიკაში - ბარსელონას ლეგენდა ხუან კარლოს ნავარომ; სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრებს პანათინაიკოსის გამთამაშებელმა ნიკ კალატესმა გაუშრო სისხლი, მოედანზე იგი თავის თანაგუნდელებს ერთი თავით აღემატებოდა, ამის მიუხედავად, კალატესმა NBA-ში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და 2 სეზონის შემდეგ ევროპაში დაბრუნდა; 3 წარუმატებელი წელი გაატარა ამერიკაში რუსული კალათბურთის ვარსკვლავმა ალექსეი შვედმა, 2 - საფრანგეთის ნაკრებისა და მოსკოვური ცსკას ლიდერმა ნანდო დე კოლომ. ამ სიის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაქტს, რომ ევროპელთათვის ამერიკაში ფეხის მოკიდება რთულია.

ზაზას წარმატებაში დიდი როლი ითამაშა იმან, რომ იგი NBA-ში სულ ახალგაზრდა 19 წლის აღმოჩნდა. მას უკვე ჰქონდა ევროლიგაში თამაშის ორწლიანი გამოცდილება თურქულ ულქერთან ერთად. ევროპული კალათბურთი თავისი დინამიკით, თამაშის სტილითა და ტემპით NBA-სგან დიამეტრულად განსხვავდება. ფაქტობრივად, ეს სხვა სპორტია. შედეგად, იმ მოთამაშეებს, რომელთაც ევროპაში ბევრი წელი აქვთ გატარებული და ევროპულად თამაშს არიან მიჩვეულები, NBA-ს თამაშზე გადაწყობა ძალიან უჭირთ. მათი აბსოლუტური უმეტესობა ახალ სათამაშო სტილზე გადასვლას ვერ ახერხებს. ზაზა ლიგაში მაშინ მივიდა, როდესაც ჯერ კიდევ საკალათბურთო ზრდის პროცესში იყო და მან, ფაქტობრივად, კარიერის დასაწყისიდანვე ამერიკული კალათბურთი ისწავლა.

19 წლის ასაკში ათლეტის ფიზიკური ზრდა დასრულებული არ არის. ევროპულ და ამერიკულ კალათბურთს შორის ყველაზე დიდი სხვაობა სწორედ სისწრაფესა და ათლეტურობის ხარისხშია. 19 წლის ზაზას საშუალება ჰქონდა, რომ თავისი ათლეტიზმი თავიდანვე NBA-ს სტანდარტზე აეყვანა და არ ეცადა, უკვე მოგვიანებით, ჩამოყალიბებულ კალათბურთელს, გადაწყობოდა სხვა თამაშზე. შედარებისათვის, დანარჩენმა წარმატებულმა ევროპელებმაც კარიერა ამერიკაში ადრეულ ასაკშივე დაიწყეს - ტონი პარკერი ლიგაში 19 წლის მოხვდა, დირკ ნოვიცკი - 20-ის, ხოლო პაუ გასოლი - 21-ის.

თამაშების რაოდენობა: ორლანდო - 59, მილუოკი -74, ატლანტა -556, მილუოკი -141, დალასი -76, გოლდენ სტეიტი -139

ევროპელთათვის NBA-ში ადაპტაციას ართულებს ამერიკული კალათბურთის აგრესიული ხასიათი. ამერიკაში ევროპელებს ჩვეულებრივ მენტალურად უფრო სუსტ მოთამაშეებად აღიქვამენ, რომელთა პარკეტზე დაჩაგვრა და შეშინება უფრო იოლია. გადმოცემით, ლარი ბერდი პირად შეურაცხყოფად აღიქვამდა, თუკი მეტოქის მწვრთნელი მის წინააღმდეგ თამაშს არააფროამერიკელს დაავალებდა.

ზაზა თავისი ხასიათითა და ბრძოლისუნარიანობით ამერიკულ კალათბურთს კარგად შეეწყო. წლების მანძილზე ლიგაში მან თავი დაიმკვიდრა, როგორც აგრესიულმა და მებრძოლმა კალათბურთელმა. კარიერის დასაწყისშივე მისი გაწევ-გამოწევა ლიგის ყველაზე ცნობილი thrash talker-სა და ხისტ მოთამაშე კევინ გარნეტთან კი, ზაზას, როგორც უკომპრომისო და მებრძოლი მოთამაშის, სავიზიტო ბარათად მთელი მისი კარიერის მანძილზე იქცა.

ზაზას ამერიკული კარიერის ხანგრძლივობას მისი სათამაშო პოზიციაც უწყობს ხელს. შემთხვევითი არ არის, რომ ზემოთჩამოთვლილ 8 კალათბურთელს შორის, ზაზას მსგავსად, 5 მოთამაშე (ნოვიცკი, მუტომბო, გასოლი, დივაცი, ნენე) ნომინალური ცენტრია. ცენტრის პოზიცია უფრო მეტად მოითხოვს პოზიციურ და სტატიკურ თამაშს, ვიდრე ბევრ და სწრაფად მოძრაობას. შედეგად, ასაკის მატებასთან ერთად სისწრაფის დაქვეითების პრობლემა ნომინალურ ცენტრებს ყველაზე ნაკლებად აწუხებთ. ზაზაც არ არის გამონაკლისი და 34 წლის ასაკშიც აგრძელებს NBA-ში თამაშს.

არ ენდოთ ზაზას სტატისტიკას

მხოლოდ სტატისტიკური მონაცემების ანალიზით ზაზას კალათბურთს ვერასოდეს მივხვდებით. ზაზას თამაში და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი სტატისტიკაში ნაკლებად აისახება.

ზაზას კარიერული მაჩვენებელი NBA-ში

ერთი შეხედვით, ზაზას საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი აქვს. ჩნდება კითხვა, თუ როგორ მოახერხა დრაფტის მეორე რაუნდში, 42-ე ნომრად არჩეულმა კაცმა, რომელსაც საშუალოდ თამაშში 7 ქულა და 6 რებაუნდი აქვს, 15-ზე მეტი წლის განმავლობაში მოთხოვნადი ყოფილიყო მსოფლიოს უძლიერეს და ყველაზე ვარსკვლავურ ლიგაში და ეთამაშა 1030 თამაში.

სტატისტიკა ვერ აჩვენებს ზაზას ყველაზე მთავარ ღირსებას, რის გამოც იგი იმ ტიპის მოთამაშეა, რომელიც ნებისმიერ გუნდს სჭირდება. ზაზა დაცვითი ტიპის ცენტრია, იგი ძალიან კარგად იცავს თავს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურ დაცვაში და კარგად ამაგრებს სამწამიანს.

ზაზას მთავარი სათამაშო ღირსება მისი სათამაშო ინტელექტი და გუნდისთვის თავდადების უნარია - ის, რასაც ამერიკელები sacrifice-ს უწოდებენ. ზაზა დიდი მოცულობით დაცვით, "შავ სამუშაოს" ასრულებს - მზად არის დაუპირისპირდეს მოწინააღმდეგის ყველაზე სახიფათო შემტევ ცენტრებსა და მძიმე ფორვარდებს, დააზღვიოს თანაგუნდელები, ბევრი იბრძოლოს, მოხსნას რებაუნდები. მასთან ერთად თამაში უფრო ადვილია. იგი თანაგუნდელებს საქმეს უიოლებს, ასრულებს რა დიდი მოცულობით შავ სამუშაოს, საქმეს, რომელიც ჰაილაითებში არ ხვდება და გულშემატკივარი ნაკლებად ხედავს, თამაშის მოსაგებად კი აუცილებელია.

შემთხვევითი არ იყო, რომ ვარსკვლავურმა გოლდენ სტეიტმა, რომელსაც ბაზარზე ბევრი არჩევანი ჰქონდა, აქცენტი სწორედ ზაზა ფაჩულიაზე გააკეთა და არა რომელიმე სხვა მოთამაშეზე, რომელსაც, შესაძლოა, უფრო უკეთესი კარიერული სტატისტიკა ჰქონდა.

ზაზა კარგად გრძნობს თამაშს და ხვდება, თუ რა ტიპის თამაში სჭირდება გუნდს მისგან და მზად არის ეს სამუშაო შეასრულოს. კარიერის მანძილზე, როდესაც აცნობიერებდა, რომ გუნდს ეს სჭირდებოდა, იგი ყოველთვის უპრობლემოდ თანხმდებოდა თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩართვაზე - ლიგაში ჩატარებული 1030 თამაშიდან ნახევარზე ცოტა მეტში იგი სკამიდან ეხმარებოდა გუნდს და ამ ფაქტს მისი პროდუქტიულობა არ შეუმცირებია.

2005-2007 წლებში ზაზა ატლანტა ჰოუქსის სასტარტოში თამაშობდა და ჯოშ სმიტთან და ჯო ჯონსონთან ერთად, ახალგაზრდა და პერსპექტიულ გუნდში კარიერის საუკეთესო ციფრებს აჩვენებდა - 11 ქულასა და 7 რებაუნდზე მეტი თამაშში. შემდეგი სეზონიდან გუნდმა სასტარტო ცენტრის პოზიციაზე ახალგაზრდა ალ ჰორფორდი დაიმატა, პლეი ოფში გავიდა და ამ წლის მომავალ ჩემპიონ ბოსტონ სელტიკსს 7 თამაში ეომა. ზაზას სათადარიგო სკამზე გადასვლისა და ჰორფორდის, სტილურად სრულიად განსხვავებული მოთამაშის, შეცვლის პრობლემა არ ჰქონია.

ზაზას ციფრებს კიდევ უფრო მეტი ფასი აქვს, თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი კარიერულად საშუალოდ თამაშში 20.7 წუთს თამაშობდა, ანუ შემოდიოდა იმ როლის (დაცვითი ცენტრის) შესასრულებლად, რომელიც მას ყველაზე უკეთ შეეძლო. კარიერაში იგი ბურთს 47 პროცენტით ისვრის და ორლანდოში გატარებული პირველი სეზონის შემდეგ, არასოდეს, არცერთ გუნდში ჩამოსცდენია სიზუსტის 40 პროცენტიან მაჩვენებელს.

ეს ნიშნავს, რომ იგი ძალიან კარგად აანალიზებდა თამაშს და იღებდა კარგ, მაღალპროცენტიან სროლებს. ზაზასთან ერთად გუნდს ყოველთვის ყავს მოთამაშე, რომელიც კარგად ხვდება თავის ძლიერ და სუსტ მხარეებს და იცის, როდის უნდა შეუტიოს კალათს.

სხვა ევროპელი მოთამაშეებისგან განსხვავებით, ზაზას ძალიან კარგად შეეძლო სწორად შეეფასებინა და გადაეწყო თამაში. ეს პრობლემა იყო, მაგალითად, ხუან კარლოს ნავაროსთვის და სხვა ევროპელი მოთამაშეებისთვის, რომლებიც ევროპაში პირველ როლში თამაშს იყვნენ მიჩვეულნი, ბევრად უფრო კონკურენტულ NBA-ში კი არ აღმოაჩნდათ რესურსი, გადაეწყოთ თავისი თამაში და შეესრულებინათ ის როლი, რომელიც მის გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

შემთხვევითი არ არის, რომ ზაზას სტატისტიკური მაჩვენებელი საქართველოს ნაკრებში დიამეტრულად იცვლებოდა. როდესაც ნაკრებს ზაზა შეტევის უმთავრეს ოპციად სჭირდებოდა, მას ამ როლის აღება ძალიან კარგად შეეძლო. გულშემატკივარს მრავალგზის ახსოვს, თუ როგორ ახერხებდა ორთაბრძოლაში ზაზა იმ ვიზავის დაჩაგვრას, რომელსაც NBA-ში თითქოს მასზე უკეთესი სტატისტიკური მაჩვენებელი ჰქონდა.

ყველაზე კარგ მაგალითად ევროპის ჩემპიონატზე ლიტვის ნაკრებთან საპლეიოფო შეხვედრა მახსენდება, როდესაც ტორონტოს რეპტორსისა და ლიტვის ნაკრების ცენტრი იონას ვალანჩუნასი ზაზასთან ორთაბრძოლაში უპირობოდ დაიჩაგრა, ფოლები აიღო, მხოლოდ 20 წუთი ითამაშა და 5 ქულას დასჯერდა, მაშინ, როცა ზაზამ 35 წუთში 23 ქულა დააგროვა. არადა NBA-ში ვალანჩუნასი ზაზაზე თითქმის ორჯერ მეტს ყრის თამაშში და მისი მონაგარი თამაშში საშუალოდ 11 ქულას სცდება.

2 სეზონი გოლდენ სტეიტში

ამ თვისებების გამო, ზაზამ ბოლო ორი წელიწადი გოლდენ სტეიტ უორიორსში, თანამედროვე საკალათბურთო სამყაროს ყველაზე ძლიერ და ვარსკვლავურ გუნდში გაატარა და NBA-ს ორი ჩემპიონობაც მოიპოვა. გოლდენ სტეიტში ზაზას ქულების მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა ზუსტი სროლების პროცენტმა მოიმატა. 

ჯამში 139 თამაში (127 სასტარტოში)

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფაჩულია მაღალი საკალათბურთო ინტელექტის მქონე მოთამაშეა. გუნდში, რომელშიც სტეფ კარი და კევინ დურანტი თამაშობენ, უცნაური იქნებოდა, რომ ზაზა შემტევი ოპცია ხშირად ყოფილიყო. შედეგად, მისი სროლების რაოდენობა შემცირდა, პროცენტი კი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაზა მხოლოდ მაშინ უტევდა ფარს, როდესაც მაღალპროცენტიანი სროლა ჰქონდა, ცუდ სროლებზე კი უარს ამბობდა.

კალიფორნიელებს ფაჩულია პირველ რიგში დაცვაში ეხმარებოდა, რადგან უორიორსს სიმაღლის პრობლემა ჰქონდა და ხშირად აგებდა ფარს მეტოქეებთან. ფაჩულიას მისვლამდე, წინა სეზონში, უორიორსი ფინალში კლივლენდთან დამარცხდა და კალიფორნიელებმა ფარი და მოხსნები პირწმინდად დათმეს კლივლენდის ცენტრ ტრისტან ტომპსონთან.

შედეგად, გოლდენ სტეიტმა ცენტრის პოზიციაზე მაღალი, დაცვითი ტიპის მოთამაშის დამატება გადაწყვიტა, რომელიც უკვე დალაგებულ შემტევ თამაშში გაუაზრებელი მოქმედებებით ხელს არ შეუშლიდა, საჭიროების შემთხვევაში კი თავისი ფიზიკური ძალით და აგრესიით ფარს დაიცავდა.

შეტევის დროს ზაზას საქმე ე.წ. სქრინებით მსროლელებისთვის სროლის შექმნა იყო. ორი სეზონის შემდეგ ზაზამ უკვე NBA-ს ორგზის ჩემპიონის რანგში დატოვა კალიფორნია.

შენიშვნა: სქრინი საკალათბურთო ტერმინია. ცენტრი ან რომელიმე სხვა მოთამაშე ბლოკავს დამცველს თავისი სხეულით, ზღუდავს მის მოძრაობას და აძლევს ბურთიან თანაგუნდელს, თავისუფალ ზონაში გასვლის და სროლის საშუალებას.

ქართველი დეტროიტულ Bad Boys-ში

ზაზას ლიგაში მოსვლის შემდეგ თამაში საგრძნობლად შეიცვალა და ეს ცვლილებები მის სათამაშო სტილს არცთუ ისე კარგად ერგება. თუკი 10 წლის წინ NBA-ში თითქმის ყველა გუნდს ჰყავდა ცენტრი, რომელიც სამწამიანს იცავდა და თამაში უფრო სტატიკური, კონტაქტური და პოზიციური იყო, დღეს თამაში უფრო სწრაფი, დინამიური და სროლაზე ორიენტირებული გახდა.

პოზიციური და ფიზიკურ კონტაქტზე დაფუძნებული თამაში ზაზას ძლიერი მხარეა, მაშინ როდესაც ზაზა არც ლიგის ყველაზე სწრაფი მოთამაშეების რიცხვში შედის და არც ყველაზე კარგი მსროლელია. თანამედროვე თამაშში ის ფაქტი, რომ ნომინალური ცენტრები სამქულიანს ისვრიან, უკვე ნორმად იქცა. ზაზას კი NBA-ში არცერთი სამქულიანი არ ჩაუგდია.

ეს ტენდენცია ფაჩულიას თამაშზე კარგად არ აისახება. ზაზა ვერც თვითონ ისვრის სამქულიანს და უფრო და უფრო ხშირად უწევს, რომ სამწამიანის დაცვის ნაცვლად პერიმეტრზე გაყვეს მეტოქის ცენტრებს, რომლებიც სამიანებს ისვრიან. სწორედ ამიტომ, როდესაც, მაგალითად გოლდენ სტეიტი თამაშის გადამწყვეტ მომენტებს იმ ტიპის ხუთეულით თამაშობდა, რომელშიც სამქულიანის სროლა ყველა მოთამაშეს უნდა შეძლებოდა, ბუნებრივია, ამ ტიპის ხუთეულში ფაჩულიას ადგილი ვერ მოიძებნებოდა.

ზაზას ახალი გუნდი დეტროტ პისტონსი მის სათამაშო სტილს ყველაზე მეტად ერგება. დეტროიტი ის იშვიათი გუნდია, რომელიც ახალ სათამაშო ტენდენციას არ მიყვება და კვლავ მძიმე, ფიზიკური და პოზიციური თამაშისკენ იხრება. წლების მანძილზე დეტროიტის მთავარი ვარსკვლავი ანდრე დრამონდია, ათლეტური ცენტრი, რომელიც ლიგაში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესოა დაცვით თამაშსა და მოხსნებში. დრამონდი არათუ სამიანს, არამედ გრძელ ან საშუალო ორიანსაც კი ვერ ისვრის და დეტროიტი ცდილობს თავის ლიდერს სამწამიანში მიაწოდოს ბურთი.

სტატისტიკური მაჩვენებელი 2017/18 სეზონში

სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ დრამონდი თამაშში დაახლოებით 14-15 წუთს ისვენებს, ზუსტად იმდენს, რამდენსაც თამაშობს საშუალოდ ზაზა. ორივე მათგანი დაახლოებით თანაბარი პროცენტით უტევს მეტოქის კალათს. დრამონდი 1 ქულას საშუალოდ, დაახლოებით, 130 წამში ერთხელ აგდებს, ზაზა კი - 170 წამში ერთხელ და ეს არ არის დრამატულად დიდი განსხვავება. დიდი სხვაობაა მოხსნებში, რაც ადვილად ასახსნელია, იმის გათვალისწინებით, რომ ანდრე დრამონდი ამ კომპონენტში ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით, ზაზამ დრამონდის შეცვლა მისთვის განკუთვნილ წუთებში ღირსეულად უნდა შეძლოს.

შემთხვევითი არ იყო, რომ წლების მანძილზე დეტროიტის მთავარი მწვრთნელი სტენ ვან განდი იყო - კაცი, რომელმაც 10 წლის წინ ორლანდო მეჯიქი ასევე დაცვითი ტიპის, ათლეტურ ცენტრზე, დუაიტ ჰოვარდზე ააწყო და შესანიშნავ შედეგებს მიაღწია. გუნდში ირიცხება კიდევ ერთი დიდი და მძიმე ფორვარდი ბლეიქ გრიფინი, რომელიც თანამედროვე NBA-ს გუნდების უმეტესობაში საერთოდაც ცენტრად ითამაშებდა. დეტროიტში ფაჩულიას ანდრე დრამონდის შეცვლა მოუწევს და ეს იმას ნიშნავს, რომ იგი იმ გუნდსა და იმ სისტემაში მოხვდა, რომელიც მისთვის ხელსაყრელი ტიპისა და სტილის კალათბურთს თამაშობს. ფაჩულიას ქართველ გულშემატკივარს წლევანდელი სეზონისგან მხოლოდ დადებითი მოლოდინები უნდა ჰქონდეს.

გასათვალისწინებელია დეტროიტის სათამაშო კულტურაც. დეტროიტი მუშების ქალაქია, წლების მანძილზე სწორედ ამ ქალაქში მდებარეობდა საავტომობილო ინდუსტრიის გიგანტი "ჯენერალ მოტორსი", რომელიც ქალაქში ძირითადი დამსაქმებელი იყო. სწორედ აქედან მოდის დეტროიტის მეტსახელი - Motor City. დღესაც დეტროიტში, ძირითადად, უბრალო და მუშა ხალხი ცხოვრობს, რომელიც სპორტში მებრძოლ სტილს ყველაზე მეტად აფასებს.

80-იანებში აიზია ტომასის და ჩაკ დეილის ლეგენდარული დეტროიტელი "bad boys", თავისი ეპოქის ყველაზე მებრძოლი გუნდი, მეჯიქის ლეიკერსის, ჯორდანის ჩიკაგოსა და ლარი ბერდის ბოსტონის ძირითადი კონკურენტი იყო. 2000-იანებში უკვე ლარი ბრაუნის მიერ გაწვრთნილი გუნდი უპირისპირდება შაკის და კობის ლეიკერსს და ჩემპიონობას იგებს. თამაშის ათლეტური და დაცვითი სტილი ყოველთვის იყო დეტროიტისთვის სახასიათო. შემთხვევითი არ არის, რომ 80-იანებში გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ათლეტური და ხისტი ცენტრი ბილი ლამბირი იყო, 2000-იანებში კი - ბენ უოლასი.

თანამედროვე NBA სულ უფრო და უფრო ნაკლებად კონტაქტური ხდება. გასულ სეზონებში ზაზას ხისტი თამაშისა და განსაკუთრებით კი, კავაი ლეონარდსა და რასელ ვესტბრუკთან ორთაბრძოლების შემდეგ (შედეგად, ლეონარდმა მძიმე ტრავმა მიიღო) ბევრი კრიტიკა შეხვდა, როგორც სპეციალისტების, ასევე მეტოქე გუნდების გულშემატკივრის მხრიდან.

დეტროიტში მებრძოლი და ხისტი ზაზა თავისიანი იქნება და ქართველ bad boy-ს გულშემატკივრის მხარდაჭერა გარანტირებული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები