Thumbnail

საჭადრაკო ოლიმპიადა | საქართველოს ქალთა ნაკრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ქალთა ნაკრებმა ბოლო ტურში სომხეთი დაამარცხა
  • ქართული გუნდი მხოლოდ ჩინეთს და უკრაინას ჩამორჩა

მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის ბოლო დღეს, მე-11 ტურში ქართველი გულშემატკივრების მთელი ყურადღება საქართველოს ქალთა პირველი ნაკრებისკენ იყო მიპყრობილი. მე-10 ტურში ჩეხეთთან დაკარგული ქულების შემდეგ, მცირე იყო იმის შანსი, რომ ქართულ გუნდს საპრიზო მესამე ადგილი დაეკავებინა, თუმცა საბედნიეროდ, დასკვნით ტურში ყველაფერი ელიზბარ უბილავას გუნდის სასიკეთოდ წარიმართა.

საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა მეტოქე. ნანა ძაგნიძემ შავი ფიგურებით დაამარცხა ელენა დანიელიანი, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა თეთრი ფიგურებით მოუგო ლილიტ მკრტიჩიანს. ნინო ბაციაშვილმა და ნინო ხოტენაშვილმა თავიანთი პარტიები ყაიმით დაასრულეს და საქართველოს ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი, ბრინჯაოს მედლების მომტანი გამარჯვება მოიპოვა.

მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქალებში პირველი ადგილი ჩინეთმა დაიკავა. მეორე ადგილზე უკრაინაა. ბრინჯაოს მედლები ქართველმა ქალმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს. საქართველოს პირველმა ნაკრებმა რუსეთი ჩამოიტოვა, რომელიც მეოთხე ადგილზე დარჩა. 

კომენტარები

ბოლო ამბები