Thumbnail
  • კრასნოდარის ქართველმა ლეგიონერმა ევროპალიგის მატჩში ულამაზესი გოლი შეაგდო
  • თორნიკეს "მაკრატელამ" კრასნოდარს გამარჯვება და ჯგუფში ლიდერობა მოუტანა
  • "მას სხვანაირად გატანა უბრალოდ არ შეუძლია"

"ჯადოქარი ოქრიაშვილი!" - ასეთი სათაური აქვს პოპულარული რუსული სპორტული გამოცემა "სპორტ ექსპრესის" პუბლიკაციას კრასნოდარი-სევილიას მატჩზე და ამაში გადაჭარბებული არაფერია - თორნიკეს ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი გოლის გასატანად სულ 4 წუთი დასჭირდა. 

ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში კრასნოდარმა თურქულ ახისარს სტუმრად მოუგო (1:0) და თორნიკე იმ მატჩის განაცხადში არ ყოფილა. მე-2 ტურში კი, სევილიასთან, 26 წლის ქართველი ნახევარმცველი, რომელსაც მძიმე ტრავმის გამო დიდი პერიოდი გაუცდა და თამაში ახლახან განაახლა, გუნდის შემადგენლობაში მოხვდა. 

ოქრიაშვილი სევლიასთან მატჩის წინ ასე ხურდებოდა

ოქრიაშვილი მოედანზე 84-ე წუთზე, შეცვლაზე შევიდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, 88-ზე კი, საჯარიმოს გათამაშების შემდეგ, ვიკტორ კლასონის პასით ეფექტური "მაკრატელათი" გაიტანა და თავის გუნდს გაამარჯვებინა - 2:1.

ოქრიაშვილის "მაკრატელა" სევილიასთან

"რთულია ამის სიტყვების გადმოცემა. არცკი დავიჯერე, როდესაც ბურთი ბადეში დავინახე. ახლა ვგრძნობ, რომ ასი პროცენტით მზად ვარ. მწვრთნელმა შემადგენლობაში ადგილი მანდო, შემიშვა მოედანზე და მადლობა მას ნდობისთვის. გავიტანე გოლი და დავეხმარე გუნდს. მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისა და არარეალური ატმოსფეროსთვის. მადლობა ყველას…", - ემოციებს ვერ მალავდა მატჩის შემდეგ თორნიკე.

როგორ შეხვდნენ კრასნოდარის გასახდელში მატჩის გმირს

კრასნოდარმა ამ გამარჯვებით 6 ქულა დააგროვა და ევროპალიგის J ჯგუფში პირველ ადგილზეა. მესამე ტურში, 25 ოქტომბერს, რუსული გუნდი სტუმრად ბელგიურ სტანდარდს დაუპირისპირდება.

რთულია, ასეთ დაბრუნებაზე იოცნებო

თორნიკეს სუპერგოლის გასატანად ოთხი წუთი დასჭირდა

სევილიას კარში სუპერგოლი პირველი არაა, რომელიც თორნიკეს კრასნოდარის მაისურით მნიშვნელოვან მატჩში გაუტანია. თითქიმის ორი წლის წინ, 2016 წლის 27 ნოემბერს, ოქრიაშვილმა "მაკრატელათი" ზენიტთან რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურის შეხვედრაშიც შეაგდო.

ოქრიაშვილის "მაკრატელა" ზენიტთან

სევილიასთან თამაშის შემდეგ, "სპორტ ექსპრესის" კორესპონდენტმა ოქრიაშვილს სწორედ ზენიტთან გატანილი სუპერგოლი შეახსენა:

გუნდი ხომ არ აგერიათ? ზენიტს კვირას ეთამაშებით.

ოქრიაშვილი: ზენიტისთვისაც შემოვინახავ, რა თქმა უნდა. როდესაც ბურთს კლასონი დაეუფლა, ძალიან მინდოდა, ჩემკენ ისე გადმოეგდო, რომ "მაკრატელა" დამერტყა. მან იდეალური პასი მომცა და მეც გამოვიყენე.

სწორედ ასეთ დაბრუნებაზე ოცნებობდით?

ოქრიაშვილი: რთულია, ასეთ დაბრუნებაზე იოცნებო. იფიქრო იმაზე, გაიტან თუ არა ასეთ გოლს. მაგრამ ასე გამოვიდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. მეორეც, მიხარია, რომ დავბრუნდი. სავსე ვარ ემოციებით.

მხოლოდ მნიშვნელოვან გოლებს იტანთ. შეიძლება კრასნოდარელი ედერი გიწოდოთ?

ოქრიაშვილი: კარგით, დამიძახეთ კრასნოდარელი ედერი, წინააღმდეგი არ ვარ. 

სხვანაირად გატანა არ შეუძლია

თორნიკეს მიმართ საქებარი სიტყვები სევილიის მეკარემაც არ დაიშურა

ოქრიაშვილის გოლს კრასნოდარის მეკარე სტანისლავ კრიჩიუკი ასე გამოეხმაურა:

"სევილია იმდენად მაღალი დონის გუნდია, რომ ერთი უყურადღებო მომენტისთვისაც კი შეიძლება გოლით დაგსაჯოს. ჩვენ კი ზედიზედ ერთბაშად 2-3 მომენტი ვერ გამოვიყენეთ. სამაგიეროდ, ბოლოს იღბალი და ოქრიაშვილი დაგვეხმარა. როგორც ჩანს, მას სხვანაირად გატანა არ შეუძლია. ასე რომ, მას ყოველთვის "მაკრატელა" დარტყმის შესაძლებლობა უნდა მივცეთ". 

გოლი უკომენტაროდ არც სევილიის ჩეხმა გოლკიპერმა ტომაშ ვაცლიკმა დატოვა:

"მეტოქემ დიდებულად დაარტყა და ამისთვის მას საკადრისი უნდა მივაგოთ. სიმართლე გითხრათ, გოლი კი ძალიან საწყენი იყო, რადგან ბოლო წუთებზე მივიღეთ".

ოქრიაშვილის გოლისგან შეშლილი რუსი კომენტატორი (ვიდეო თორნიკეს ინსტაგრამზე)

View this post on Instagram

👆🏽 spasibo vsem !!!

A post shared by Tornike Okriashvili (@okriashvilii) on

კრასნოდარის ბრაზილიელი თავდამსხმელი ვანდერსონი კი აღიარებს, რომ ასეთი გოლი პირველად ნახა:

"ყველანი ძალიან ბედნიერი ვართ. ეს სამი ქულა დავიმსახურეთ. დღეს პირველად ვნახე ასეთი გოლი. ოქრიაშვილი მსგავსს ზოგჯერ ვარჯიშებზე აკეთებს ხოლმე, როდესაც ამის შესაძლებლობა ეძლევა".

საპატიო ფოტო მატჩის გმირთან

თორნიკემ უკანასკნელ პერიოდში მძიმე ტრავმა ზედიზედ მიიღო. მეორედ ის შარშან სექტემბრის ბოლოს, ტულის არსენალთან შეხვედრაში დაშავდა - მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რისთვისაც ოპერაციის გაკეთება და ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდა. 

თორნიკე ოქრიაშვილმა საქართველოს ნაკრებში უეფას ერთა ლიგის მატჩში ლატვიასთან (1:0) გამარჯვების გოლი გაიტანა

კომენტარები

ბოლო ამბები