Thumbnail

საქართველო ოკუპირებული რეგიონების გარეშე და პრეზიდენტად არჩეული პუტინის ასისტენტი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბათუმის 43-ე ოლიმპიადაზე სტუმრებს სკანდალური რუკა დაურიგეს
  • ბათუმში ფიდეს პრეზიდენტად მედვედევისა და პუტინის ყოფილი თანაშემწე აირჩიეს
სკანდალური რუკა

ბათუმში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მომსახურე მოხალისეებს უსიამოვნო სიურპრიზი ელოდათ, სასაჩუქრე ჩანთებში აღმოჩნდა მინიატურული გასაშლელი რუკები, რომლებზეც საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშეა დატანილი. ასევე, ყირიმი რუსეთზეა მიკუთვნებული და არა უკრაინაზე. ეს რუკები ოლიმპიადაზე რუსეთის, ხანტი-მანსიისკის მხარის ჭადრაკის დელეგაციის წარმომადგენელმა გაავრცელა. ოლიმპიადის ორგანიზატორებმა რუკა დროულად ამოიღეს. 

ეს დელეგაცია ბათუმში საპატიო სტუმრის სტატუსითაა მიწვეული, რადგან მომავალი საჭადრაკო ოლიმპიადა სწორედ რუსეთის ამ მხარეში გაიმართება. დელეგაციას კი ქალაქის მერი ვასილი ფილიპენკო ხელმძღვანელობს. 

გია გიორგაძე (ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი): "მოხალისეებმა აღმოაჩინეს მინი რუკა, რომელზეც საქართველოს რუკა იყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების გარეშე. როგორც კი ეს გავიგეთ, სასწრაფოდ დავუკავშირდით რუსულ მხარეს. პირადად გამოვთქვი ოფიციალური პროტესტი, ხოლო რუკები ამოვიღეთ. რუსულმა მხარემ გვიპასუხა, რომ არ იცოდნენ ამის შესახებ. მათი მიზანი მხოლოდ ხანტი-მანსიისკის პოპულარიზაცია იყო. მათ ამ გაუგებრობისთვის ბოდიში მოიხადეს და შეგვპირდნენ, რომ გაარკვევენ, რატომ მოხდა ეს გაუგებრობა".

მარკ ლუხოვსკი (რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი): "ეს არის დიზაინერის შეცდომა, რის გამოც ბოდიშს ვიხდით. ეს რუკა პირადად ნანახიც არ მქონდა. არა მგონია, რომ ეს იდეოლოგიური დივერსიაა. პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია. შეცდომა მოუვიდა დიზაინერს, რის გამოც ძალიან ვწუხვართ".

ვინ არის ფიდეს ახალი პრეზიდენტი არკადი დვორკოვიჩი

არკადი დვორკოვიჩი (მარჯვნივ) ფიდეს პრეზიდენტი ბათუმში გახდა

ოლიმპიადის პარალელურად ბათუმში ფიდეს კონგრესი გაიმართა, სადაც ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. კირსან ილუმჟინოვის შემცვლელი რუსი პოლიტიკოსი არკადი დვორკოვიჩი გახდა. მან 180 ხმიდან 103 მიიღო და მსოფლიო ჭადრაკს მომდევნო 4 წლით უხელმძღვანელებს.

ვინ არის არკადი დვორკოვიჩი? ის 2008-2012 წლებში რუსეთის პრეზიდენტის (ჯერ მედვედევის, მერე პუტინის) თანაშემწედ მუშაობდა.

აი, რა თქვა მან 2011 წელს რუსულ-ფინურ ბიზნეს-ფორუმზე, როგორც რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა: "რუსეთი აღარასოდეს იტყვის უარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. ვფიქრობ, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ამ დათმობაზე ჩვენ ვერ წავალთ და არც არასოდეს წავალთ". 

ვერ ვიტყვით, რომ ვინმემ გააპროტესტა ეს ფაქტი. მეტიც, დვორკოვიჩი დიდი ზარ-ზეიმითაც აირჩიეს ფიდეს პრეზიდენტად ბათუმში. ერთადერთი ევროპული ჭადრაკის ხელმძღვანელმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა (ის დღესაც აირჩიეს ამ თანამდებობზე კიდევ ერთი ვადით) განაცხადა, რომ "დვორკოვიჩიც პასუხისმგებელია ქართული მიწების ოკუპაციაში". 

რუკას კი ეშველა, მაგრამ...

ბათუმში ოლიმპიადა 6 ოქტომბერს დასრულდება

"რუკის სკანდალი" საჭადრაკო ოლიმპიადაზე მალევე მოგვარდა, მაგრამ რა ეშველება იმ ფაქტს, რომ კაცს, რომელიც ზუსტად იმას აცხადებს საერთაშორისო ტრიბუნებიდან, რაც იმ სკანდალურ რუკაზე იყო დახატული, საქართველოში ვუცეკვეთ, ვუმღერეთ და შემდეგ ზარ-ზეიმით საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის პრეზიდენტად ავირჩიეთ?

ქართული ჭადრაკის ლეგენდები და არკადი დვორკოვიჩი

კომენტარები

ბოლო ამბები