Thumbnail

პორტუგალია რონალდოს გარეშე - კრიშტიანომ ნაკრებიდან გათავისუფლება ითხოვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვეს 33 წლის ფორვარდი ერთა ლიგის სამ და ერთ ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს
  • რონალდო ნაკრებს პოლონეთთან, იტალასა და შოტლანდიასთანაც არ დაეხმარება
  • ამის მიზეზად გაუპატიურების ბრალდება სახელდება
  • ნაკრებისგან ისვენებს ლიონელ მესიც...

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის ნაკრებს მომავალ წლამდე აღარ დაეხმარება. შესაბამისად, 33 წლის ფეხბურთელი გამოტოვებს ოქტომბერსა და ნოემბერში დაგეგმილ ოთხ სანაკრებო შეხვედრას. 

კრიშტიანო ნაკრებში არც ერთა ლიგაში, სექტემბრის მატჩებისთვის იყო მიწვეული, რათა უფრო მეტად კონცენტრირებული ყოფილიყო ტურინულ კლუბში ადაპტაციაზე.

როგორც O Jogo იუწყება, რონალდომ ეროვნული გუნდის ოქტომბრისა და ნოემბრის მატჩებისთვის შემადგენლობის მიღმა დატოვება თავად ითხოვა. ნაკრების მთავარი მწვრნელის ფერნანდუ სანტუშის თქმით, გადაწყვეტილება მან, კრიშტიანომ და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ერთობლივად მიიღეს.  

skysports წერს, რომ მიზეზი გაუპატიურების ბრალდებაა, რომელსაც რონალდოს აშშ-ის მოქალაქე კეტრინ მაიორგი უყენებს.

პორტუგალიის ნაკრები უეფას ერთა ლიგაში მატჩებს პოლონეთსა (11 ოქტომბერს სტუმრად, 20 ნოემბერს - შინ) და გასვლაზე იტალიასთან (17 ნოემბერს) ჩაატარებს. ამას გარდა, ფერნანდუ სანტუშის გუნდი 14 ოქტომბერს გლაზგოში შოტლანდიასთან ამხანაგურად ითამაშებს.

კრიშტიანო რონალდო ეროვნული გუნდის ღირსებას 2003 წლიდან იცავს, მისი მაისურით ჩატარებულ 154 მატჩში 85 გოლი აქვს გატანილი. ნაკრებთან ერთად მან ევრო 2016 მოიგო.

მანამდე ეროვნულ ნაკრებში 2019 წლამდე პაუზის აღება არგენტინელმა ლიონელ მესიმ ითხოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები