Thumbnail

იუვენტუსი ევროპის სათავეში? პრეზიდენტმა ანიელიმ 6-წლიანი გეგმა წარმოადგინა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იუვენტუსის პრეზიდენტს უდიდესი მიზნები აქვს
  • ტურინულ გრანდში ახალი ინვესტიციები ჩაიდება
  • ანდრეა ანიელიმ ახალი, 6-წლიანი გეგმა წარმოადგინა

იუვენტუსმა სეზონი იდეალურად დაიწყო - მასიმილიანო ალეგრის გუნდს ყველა ოფიციალური მატჩი მოგებული აქვს. ტურინული გრანდი სერია A-ში წლებია დომინირებს და ამ პერიოდში ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ორჯერ იყო. ახლა იუვემ კრიშტიანო რონალდოს სახით სუპერვარსკვლავიც გადაიბირა და მილიონობით ახალი გულშემატკივარიც გაიჩინა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი მიღწეულით არ კმაყოფილდება.

ანიელიმ დაადასტურა, რომ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის ტრანსფერი მხოლოდ დასაწყისია - იუვენტუსში ინვესტიციები კიდევ ჩაიდება და კლუბი კიდევ უფრო გაძლიერდება. ანიელის მიზანია, რომ იუვე ევროპის უძლეველ ტოპ-გრანდად ჩამოყალიბდეს. 

იუვენტუსი იტალიაში უკვე არის ასეთ დონეზე - წლებია, სერია A-ში რეალურ კონკურენციას ვერცერთი სხვა იტალიური კლუბი ვეღარ უწევს. ანიელი აცხადებს, რომ ახლა გუნდი ახალ საფეხურზე უნდა გადავიდეს და ევროპის მასშტაბით გახდეს მრისხანე გრანდი, რომელიც არა ერთხელ, არამედ ახლო მომავალში რამდენჯერმე მოიგებს ჩემპიონთა ლიგას.

ანიელიმ 6-წლიანი გეგმა წარმოადგინა, რომელშიც საორგანიზაციო სტრუქტურებსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. იუვეს პრეზიდენტმა კონცეფცია კლუბის აქციონერებს წარუდგინა. მისი მიზანია, უახლოესი 6 წლის განმავლობაში, ფიფასთან და უეფასთან ინტენსიური დიალოგი ჰქონდეს.

"ჩემი სურვილია, რომ იტალიურმა ფეხბურთმა განიცადოს პროგრესი და დაუბრუნდეს იმ დონეს, რომლითაც ახლო წარსულში ყველა იტალიელი ამაყობდა"

“ჩვენ ძალიან დიდი და ამბიციური გეგმები გვაქვს. იუვენტუსი იტალიაში უკვე უძლეველია. ახლა, ასეთივე დონეზე ევროპის მასშტაბით უნდა ავიდეთ. გარდა ამისა, ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვფიქრობთ. იუვენტუსმა დაიწყო და ახლა სხვა იტალიურმა კლუბებმა უნდა გააგრძელონ ეს გზა. ჩემი სურვილია, რომ იტალიურმა ფეხბურთმა განიცადოს პროგრესი და დაუბრუნდეს იმ დონეს, რომლითაც ახლო წარსულში ყველა იტალიელი ამაყობდა,” - განაცხადა იუვენტუსის პრეზიდენტმა.

კომენტარები

ბოლო ამბები