Thumbnail
  • ზაზა ფაჩულიამ დეტროიტის შემადგენლობაში პირველად ითამაშა
  • 34 წლის ქართველმა ცენტრმა 14 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა
  • პისტონსმა ოკლაჰომა 97:91 დაამარცხა

NBA-ს პრესეზონი დეტროიტმაც დაიწყო და პირველივე შეხვედრაში, რომელიც პისტონსმა ოკლაჰომასთან ჩაატარა, ზაზა ფაჩულიას დებიუტი შედგა. ქართველი ცენტრის გუნდმა 97:91 მოიგო - ფაჩულიამ 14 წუთი ითამაშა. ზაზას მონაგარი ასეთია: 10 ქულა, 3 მოხსნა (სამივე დაცვაში), 2 პასი, 1 დაფარება. ფაჩულიამ 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და ორივე საჯარიმო ზუსტად ისროლა.

დეტროიტის გამარჯვება პირველ რიგში პისტონსის პირველი ცენტრის, ანდრე დრამონდის დამსახურებაა, რომელმაც პარკეტზე 33 წუთი გაატარა და 31 ქულითა და 16 მოხსნით არა მარტო ორმაგი დუბლი შეასრულა, არამედ შეხვედრაში საუკეთესოც იყო.

აღსანიშნავია, რომ დეტროიტს მხოლოდ ბლეიკ გრიფინი აკლდა, ოკლაჰომას კი - არც რასელ ვესტბრუკი ჰყავდა და არც პოლ ჯორჯი. ეს უკანასკნელი თამაშს პირადი მიზეზების გამო გამოაკლდა, ვესტბრუკი კი მუხლის ოპერაციის შემდეგ ჯერ კიდევ ისვენებს და რეგულარული სეზონის სტარტისთვის მზად იქნება. შესაბამისად, ვესტბრუკისა და ფაჩულიას დუელი არ შედგა.

პრესეზონის მომდევნო მატჩს დეტროიტი 6 ოქტომბერს, სან ანტონიოსთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები