Thumbnail

სკანდალი | 6 ქართველი მოფარიკავე ისრაელში არალეგალურად დარჩა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საერთაშორისო სკანდალი ქართულ ფარიკაობაში
  • საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას საჯარიმო სანქცია დაუწესეს

2018 წლის 5 სექტემბერს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი ზაზა მჭედლიძემ დატოვა. მასთან ერთად, ფედერაციიდან წავიდა გენერალური მდივანი დავით სახვაძე. არის ვარაუდი, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს საერთაშორისო სკანდალი: ლაპარაკია 6 მოყვარულ ქართველ მოფარიკავეზე, რომლებიც ისრაელში არალეგალურად დარჩნენ.

როგორც საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ბაზაძე პირველ არხთან საუბარში აცხადებს, მოყვარულმა სპორტსმენებმა მიმართეს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას, რომ უნდოდათ ისრაელში წასვლა და ადგილობრივ ნაკრებთან ერთად საწვრთნელი შეკრების ჩატარება. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ მიმართა ისრაელის ფარიკაობის ფედერაციას, რომ გამოეგზავნათ მოწვევა, რაზეც დასტური მიიღეს. ისრაელის ფარიკაობის ფედერაცია საქმის კურსში იყო, რომ მოყვარული სპორტსმენები ჩადიოდნენ. ექვსი მოყვარული მოფარიკავე საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტ ზაზა მჭედლიძესთან და გენერალურ მდივან დავით სახვაძესთან ერთად შევიდნენ ქვეყანაში. გამოვიდა ისე, რომ სპორტსმენები დარჩნენ, ხოლო ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი უკან დაბრუნდნენ.

საქართველოში დაბრუნებისთანავე, მჭედლიძემ და სახვაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს. თავის მხრივ, ისრაელის ფარიკაობის ფედერაციამ საქმის კურსში ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია ჩააყენა. აღნიშნულ ფაქტს საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას სანქციები დაუწესდა (5000 ფრანკის ოდენობით). ზაზა მჭედლიძე და დავით სახვაძე გარკვეული დროით დისკვალიფიცირებულნი არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები