Thumbnail

UCL | G ჯგუფი: რეალი მოსკოვში შერცხვა, ჯეკომ და რომამ პლზენი დაცხრილეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა
  • მადრიდის რეალმა სტუმრად ცსკა-სთან წააგო
  • რომამ ჩეხურ პლზენს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა

ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. მოსკოვში გაშვებული სწრაფი გოლის შემდეგ, რეალმა ვერაფრით მოახერხა ცსკა-ს კარში გატანა. რომამ კი პირველ ტურში მადრიდში განცდილი მარცხის შემდეგ, ჯავრი ჩეხურ პლზენზე იყარა. "ოლიმპიკოზე" ჰეთ თრიქი ედინ ჯეკომ გაიფორმა... 

ცსკა 1:0 რეალი

გოლი: 1:0 ვლაშიჩი (2’)

ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი - ფერნანდესი, ჩერნოვი, ბეკაო, ნაბაბკინი - ბიიოლი, ახმეტოვი - ვლაშიჩი, ძაგოევი (65' ეფრემოვი), ობლიაკოვი (90' კირნაცი) - ჩელოვი (78' სიგურდსონი).

რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი (43, ოდრიოზოლა), ვარანი, ნაჩო, რეგილონი - კროოსი, კაზემირო (58' მოდრიჩი), სებალიოსი - ვასკესი (58' მარიანო), ბენზემა, ასენსიო.

ხულიენ ლოპეტეგის გუნდი მოსკოვში წამყვანი მოთამაშეების გარეშე წარსდგა - ტრავმების გამო ბეილი, რამოსი, ისკო და მარსელო მოისაკლისა. "ლუჟნიკიზე" სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა ლუკა მოდრიჩიც… სამაგიეროდ, რეალში დებიუტი ჰქონდა 21 წლის მცველ სერხიო რეგილონ როდრიგესს.

რუსეთის მთავარ არენაზე შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამი სეზონის ტრიუმფატორისთვის კოშმარულად დაიწყო. დებიუტშივე ტონი კროოსმა უკან ცუდი (ძალიან რბილად ნათქვამია) გადაცემა შეასრულა, "არმიელთა" ხორვატმა ლეგიონერმა ნიკოლა ვლაშიჩმა კი ჩაჭრა და ნავასის კარისკენ დაიძრა. ვარანმა და კარვახალმა ხელი ვერაფრით შეუშალეს მეტოქეს, რომელმაც ბურთი მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაუშვა.  

მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგაში 2007 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი გოლი მიიღეს. ვლაშიჩს ანგარიშის გასახსნელად ზუსტად 65 წამი დასჭირდა. 11 წლის წინ ბაიერნის თავდამსხმელმა როი მაკაიმ კი რეალს მე-10 წამზე გაუტანა. 

რეალი ნელ-ნელა დაიქოქა. ნახევარი საათის გასვლის შემდეგ, სტუმრებს გათანაბრება მოსკოველთა საჯარიმოს მისადგომებიდან კაზემიროს გასროლით შეეძლოთ, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა. აკინფეევის კარი ათიოდე წუთის შემდეგაც გადარჩა, როდესაც ბენზემას თაური ხარიხას მოხვდა.

უპირატესობის მიუხედავად, რეალმა გატანა ვერც შესვენების შემდეგ მოახერხა, ხულიენ ლოპეტეგიმ კი ბოლო ნახევარ საათში თამაშში გარდატეხის შეტანა მოედანზე ლუკა მოდრიჩის შეშვებითა და 4-4-2 სათამაშო სქემაზე გადასვლით სცადა, მაგრამ არც აქედან გამოვიდა რამე.

წლის საუკეთესო ფეხბურთელმა თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა

ბოლო წუთებზე მარიანოს თაურის შემდეგ ბურთი კიდევ ერთხელ მოხვდა მოსკოველთა კარის ძელს. სულ ეს იყო. ცსკა-მ წვალებით, მაგრამ რეალს ისტორიაში პირველად მაინც მოუგო და ყველა სიკეთესთან ერთად, ჯგუფშიც გალიდერდა!  

რომა 5:0 პლზენი

გოლები: 1:0 ჯეკო (3‘), 2:0 ჯეკო (40’), 3:0 უნდერი (64'), 4:0 კლუივერტი (73'), 5:0 ჯეკო (90)

რომა (4-2-3-1): ოლსენი - ფლორენცი, ფასიო, ჟესუსი, კოლაროვი (75' ლუკა პელეგრინი) - კრისტანტე, ნ’ზონზი - უნდერი (74, შიკი), ლორენცო პელეგრინი (74, ძანოლო), კლუივერტი - ჯეკო.

პლზენი (4-2-3-1): კოზაჩიკი - რჟეზნიკი, ჰეიდა, ჰუბნიკი, ლიმბერსკი - პროხაზკა, ჰროსოვსკი - ზემანი (71' მოზესი), ჰორავა (64, კოლარჟი), კოვარიკი - კრმენჩიკი (78' რჟეზნიჩეკი). 

"ოლიმპიკოზე" ჩეხური გუნდის ოცნებები თავიდანვე მასპინძელთა ბოსნიელმა ფორვარდმა ედინ ჯეკომ დაამსხვრია, რომელმაც უკვე მესამე წუთზე კოლაროვის პასით გახსნა ანგარიში, ტაიმის მიწურულს კი უნდერის გადაცემის შემდეგ დუბლი შეასრულა.

21 წლის თურქმა ნახევარმცველმა მეორე ტაიმში უკვე თავად გაიტანა, როდესაც ლორენცო პელეგრინის პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა.

ჯენგიზი არც ამის შემდეგ გაჩერდა და მალევე თითქმის ანალოგიური პოზიციიდან კვლავ დაეუმუქრა კოზაჩიკის კარს, მაგრამ მეკარემ მოიგერია. სამაგიეროდ, გამოვარდნილ ბურთს ჯასტინ კლუივერტმა მიუსწრო. 19 წლის ჰოლანდიელმა რომაული კლუბის მაისურით პირველი გოლი მიითვალა.

ლეგენდარული პატრიკ კლუივერტის შვილმა რომაულ გუნდში პირველი გოლი მიითვალა

"ოლიმპიკოზე" წერტილი კი ისევ ჯეკომ დასვა, რომელმაც ფლორენცის პასის შემდეგ ყველას დაასწრო და თავით შეაგდო. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა დამაჯერებლად მოიგო და პირველ ტურში მადრიდში განადგურება დაივიწყა. 

მეორე ტურის შემდეგ G ჯგუფს 4 ქულით მოსკოვის ცსკა ლიდერობს. 3-3 ქულა აქვთ რეალსა და რომას. ბოლო ადგილზე კი პლზენია (1 ქულა). მომტევნო ტურში რომა რუს არმიელებს მიიღებს, რეალი კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" პლზენს დაუხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები