Thumbnail

eSports-ის ისტორია - 'არკადული' დარბაზებიდან დიდ არენებზე

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • ელექტრონული სპორტი 'არკადულ' დარბაზებში დაიბადა
  • 1997 წელს, 'Quake'-ს ტურნირის გამარჯვებულმა, საჩუქრად ფერარი მიიღო
  • პსჟ-ს eSports-ში არაერთი გუნდი ჰყავს და მის მაგალითს სხვა სპორტული კლუბებიც იზიარებენ

მას შემდეგ რაც პერსონალური კომპიუტერები ხელმისაწვდომი გახდა, ადამიანებს გაუჩნდათ სურვილი – იყვნენ თამაშებში უკეთესები, ვიდრე სხვები არიან.

მანამდე კი პირველი და იმპროვიზებული 'ღონისძიებები' იმ 'არკადულ' დარბაზებში იმართებოდა, რომლებიც ალბათ 90-იანებზე გადაღებულ ფილმებში გინახავთ. მოთამაშეები იდგნენ 'პინბოლის', 'სნეიქის', 'დანქი ქონგის' და სხვა კლასიკური თამაშების აპარატებთან და ერთმანეთს საუკეთესო ქულის დაფიქსირებაში ეჯიბრებოდნენ. კომპიუტერულ თამაშში გამარჯვებულისა და დამარცხებულის ცნებაც ასე ჩამოყალიბდა.

პირველი ტურნირი

eSports-ში გამართული პირველი ტურნირი 1972 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარდა, სადაც მოთამაშეები ერთმანეთს ორ განზომილებიან თამაშში, 'Spacewar'-ში ეჯიბრებოდნენ. ჯილდო კი ჟურნალ 'როლინგ სთოუნზის' ერთ წლიანი გამოწერა იყო. პირველი გამარჯვებული 33 წლის ბიოლოგიის სტუდენტი, სტუარტ ბრენდი გახდა. 

Spacewar-ის თამაში ამ ბმულზე შეგიძლიათ

რვა წლის შემდეგ, უკვე პირველი სერიოზული ღონისძიებაც გაიმართა. როგორც ჩანს, კოსმოსური თემატიკა ყველას მოსწონდა, რადგან ტურნირი 'Space Invaders'-ში ჩატარდა, რომელიც ამ პერიოდში ყველაზე პოპულარული თამაში იყო. ღონისძიებას 10,000 ადამიანი ესწრებოდა.

მსოფლიო ქსელი (World Wide Web) და 'შუთერები'

1990-იან წლებში გაჩნდა ინტერნეტი და ინტერნეტთან ერთად 'გეიმინგიც' ახალ საფეხურზე გადავიდა. ადამიანებს უკვე სახლიდან გასვლის გარეშე შეეძლოთ ერთმანეთს საყვარელ კომპიუტერულ თამაშში შეჯიბრებონენ.

სწორედ ამ დროს დადგა 'შუთერების' ერა. 'Quake', 'Unreal Tournament“ და რა თქმა უნდა ლეგენდარული 'Counter Strike', რომელსაც დღემდე უამრავი ადამიანი თამაშობს.

1997 წელს 'წითელი განადგურება' (Red Annihilation) ჩატარდა, ტურნირი რომელიც ელექტრონული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულია. 2000 მონაწილე ერთმანეთს 'Quake'-ში შეეჯიბრა და გამარჯვებულმა, დენის 'Thresh' ფონგმა, სერიოზული ჯილდო, თამაშის მთავარი დეველოპერის, ჯონ კორმაკის 'ფერარი' მიიღო.

დენის ფონგს, რომელმაც 'Red Annihilation' მოიგო, 'გეიმინგის' ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოგონება, 'შუთერებში'  პერსონაჟის ისრების ნაცვლად - WASD ღილაკებით კონტროლი ეკუთვნის

რამდენიმე კვირის შემდეგ კიბერათლეტების პროფესიონალური ლიგა (KPL) ჩამოყალიბდა. KPL მალე ყველაზე ძლიერ ორგანიზაციად იქცა, რომლის მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე მონაწილეები ერთმანეთს, სხვადასხვა სახეობებში, 15,000 დოლარისთვის ეჯიბრებოდნენ. თავიდან გამარჯვებულს მიზერული თანხა ხვდებოდა, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა.

StarCraft

თუ eSports-ის ისტორიაზე საუბრისას რომელიმე თამაში ცალკე უნდა განვიხილოთ, ეს 'StarCraft'-ია. 1998 წელს კომპანია 'Blizzard'-ის მიერ გამოშვებული „StarCraft“ და მისი განახლება „StarCraft - Brood War', იმ დროინდელი სტრატეგიული თამაშებისგან ბევრი რამით გამოირჩეოდა. ამ RTS-ში (სტრატეგია რეალურ დროში) მოსაგებად, მხოლოდ კარგი რეფლექსები და კუნთის მეხსიერება არ კმაროდა – მაღალ დონეზე სათამაშოდ ადამიანს აუცილებლად სჭირდებოდა სტრატეგიული ანალიზისა და ჩანაფიქრის შესრულების საოცარი უნარი.

2010 წელს 'StarCraft 2' გამოვიდა და ის დღემდე აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მეტიც – კორეაში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, სწორედ 'Starcraft'-ის საერთაშორისო ლიგაა (GSL). მხოლოდ ერთ პლატფორმაზე, 'Twitch.tv'-ზე, თამაშებს ყოვლწლიურად 17.5 მილიონი ადამიანი უყურებს.

'StarCraft 2' დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული სპორტია

MOBA – საბრძოლო არენა

არ აქვს მნიშვნელობა თამაშობ თუ არა კომპიუტერულ თამაშებს - 'Dota', ანუ 'Defense Of the Ancients' აუცილებლად გეცოდინება. ეს გახლავთ პირველი MOBA, ანუ საბრძოლო არენა, რომელიც 'Blizzard'-ის კიდევ ერთი თამაშის - 'WarCraft'-ის ბაზაზე შეიქმნა. Dota ამ ჟანრში გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო. ჟანრში, რომელმაც 2010 წლიდან სრულიად შეცვალა ელექტრონული სპორტის სამყარო.

დღესდღეობით ორი ყველაზე პოპულარული ელექტრონული სპორტი - 'League of Legends' და 'Dota 2', სწორედ MOBA თამაშებია. eSports-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოც 'League of Legends'-ის ლეგენდას, კორეელ ლი 'Faker" სანგ-ჰიეოკს ეკუთვნის, როდესაც ის, 2013 წლის ტურნირის ფინალში, 'Ryu'-ს გაუსწორდა და კომენტატორების ოვაციები დაიმსახურა.

'ნამდვილი' სპორტი და ელექტრონული სპორტი

ბოლო წლებში eSports-ში კიდევ ერთი სწრაფად მზრდადი სახეობა გამოჩნდა - ე.წ. სპორტის სიმულაციები. თამაშები, რომლებიც ქართველ ახალგაზრდებს ბავშვობიდან ახსოვთ - Pro Evolution Soccer, FIFA და რა თქმა უნდა 2K-ს NBA. ამ თამაშების პოპულარობასთან ერთად, 'ნამდვილ' სპორტსა და eSports-ს მეტი საერთო გაუჩნდათ.

საქმეში ცნობილი გუნდები ჩაერთნენ - პსჟ, მანჩესტერ სიტი, შალკე 04 და სხვა მრავალნი. პსჟ-ს eSports გუნდი არაერთ თამაშში ჰყავს და კომპანიამ სპორტის ამ სახეობას ცალკე ვებ-გვერდიც კი მიუძღვნა.

ელექტრონული სპორტი დღეს

2017 წელს მხოლოდ საპრიზო თანხის სახით 110.6 მილიონი დოლარი გაიცა. ყველაზე მეტი 'Dota 2'-ის მოთამაშეებმა მიიღეს. წლის დასკვნით ტურნირზე, იგივე 'International'-ზე საპრიზო ფონდი 24.6 მილიონი დოლარი იყო.

2018 წელს 'International'-მა საპრიზო ფონდი გაზარდა და მორიგი რეკორდი დაამყარა - გამარჯვებულებმა წილი 25.532.177 აშშ დოლარიდან მიიღეს. წელს უკვე ჩატარდა 'CS:GO Premier' და 'Overwatch League'-ც დასრულდა.

ახლა კი სამხრეთ კორეაში 'League of Legends'-ის 'Worlds' (მსოფლიო ჩემპიონატი) მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ უკვე შეგვეძლება იმაზე საუბარი, თუ რამდენად გაიზარდა ელექტრონული სპორტის სამყარო 2018 წელს.

კომენტარები

ბოლო ამბები