Thumbnail
  • Tuttosport-მა პრემია Golden Boy 2018-ის პრეტენდენტთა შორტ-ლისტი გამოაქვეყნა
  • პრემიის ზედიზედ მეორედ მოგების დიდი შანსი კილიან მბაპეს აქვს
  • წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ვინაობას დეკემბერში შევიტყობთ

გამოცემა Tuttosport-მა პრემია Golden Boy 2018-ის პრეტენდენტთა შორტ-ლისტი გამოაქვეყნა. პრემიაზე, რომელსაც ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა (21-წლამდე) ფეხბურთელს ყოველწლიურად აკუთვნებენ, 40 ფეხბურთელია წარდგენილი. 

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის ტიმოტი ვეაც მოხვდა

გამარჯვების მთავარი კანდიდატი, პრემიის შარშანდელი მფლობელი კილიან მბაპეა. მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელს კარგი შანსი აქვს, გახდეს პირველი, ვისაც ჯილდო ორჯერ მიუღია.

პრემიაზე ასევე წარდგენილია მისი თანაგუნდელი ტიმოტი ვეაც, რომელიც 1995 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელის, ამჟამად კი ლიბერიის პრეზიდენტის, ჟორჟ ვეას ვაჟია. კანდიდატთა შორისაა კიდევ ერთი ყოფილი ვარსკვლავის, პატრიკ კლუივერტის შვილიც - ჯასტინ კლუივერტი, რომელიც რომას ღირსებას იცავს.

ჯასტინ კლუივერტი აიაქსიდან რომაში ამ ზაფხულს გადაბარგდა

Golden Boy 2018-ის ასეულში იყო, მაგრამ 40-ეულში ვერ მოხვდა საქართველოს ნაკრებისა და პორტუგალიური ნასიონალის შემტევი გიორგი არაბიძე.
  
კანდიდატთა 40-კაციანი სია ასე გამოიყურება: 

ამადუ აიდარა (ზალცბურგი), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), კელვინ ამაინი, მანუ გარსია (ორივე ტულიზი), უსემ აუარი (ლიონი), მუსა ბაროუ (ატალანტა), იუსტინ ბეილო (ფეიენოორდი), იოსიპ ბრეკალო (ვოლფსბურგი), მუსა ვაგე (ბარსელონა), ტიმოტი ვეა, მუსა დიაბი, კილიან მბაპე (ყველა პსჟ), ვინისიუს ჟუნიორი (რეალი), მატეის დე ლიხტი (აიაქსი), დიოგო დალოტი (მანჩესტერ იუნაიტედი), რიცუ დოანი (გრონინგენი), რომ დეივისი (ევერტონი), ჟოაო ფელიში, ჟოტა (ორივე ბენფიკა), ჯოვანე კაბრალი (სპორტინგი), ბუბაქარ კამარა (მარსელი), ჟიულ კეიტა (დიჟონი), მოიზე კინი (იუვენტუსი), ჯასტინ კლუივერტი, ნიკოლო ძანიოლო (ორივე რომა), პატრიკ კუტრონე (მილანი), ალბან ლაფონტი (ფიორენტინა), დანი ოლმო (დინამო ზაგრები), პიეტრო პელეგრი (მონაკო), კრისტაინ პულიშიჩი, აშრაფ ჰაკიმი (ორივე დორტმუნდი), მარსელო სარაჩი, დაიოტ უპამეკანო (ორივე ლაიპციგი), ისმაილა სარი (რენი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ევანდერი (მიდტიულანი), ედერ მილიტანი (პორტუ), მუსა ჯენეპო (სტანდარდი), ოდსონ ედუარდი (სელტიკი), დეიან იოველიჩი (ცრვენა ზვეზდა).

ხმისმიცემის შედეგად, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელთა სია განახევრდება. გამარჯვებულს კი ევროპული მედიის წარმომადგენლები: Corriere dello Sport, Gazzetta dello Sport, Marca, L’Equipe, Bild, The Times, Blick, De Telegraaf, A Bola, Aftonbladet და SportDay გამოავლენენ. დაჯილდოების ცერემონია დეკემბერში გაიმართება

პრემია Golden Boy-ს 2003 წლიდან ანიჭებენ. მისი პირველი მფლობელი კი რაფაელ ვან დერ ვარტი გახდა. სხვადასხვა დროს ჯილდო მიღებული აქვთ უეინ რუნის, ლიონელ მესის, სესკ ფაბრეგასს, მარიო ბალოტელის, მარიო გიოტცეს, სერხიო აგუეროსა და პოლ პოგბას.

კომენტარები

ბოლო ამბები