Thumbnail
  • ევროლიგის ახალი სეზონი 11-12 ოქტომბერს იწყება
  • შენგელიასა და ჯენინგის ბასკონია პირველ ტურში ლიტვაში თამაშობს

11-12 ოქტომბერს ევროპის საკლუბო კალათბურთის საუკეთესო ტურნირი, ევროლიგა აიღებს სტარტს. მასში, როგორც შარშან, ორი ქართველი ლეგიონერი ითამასებს, თუმცა ამჯერად, აღარ თამაშობს გიორგი შერმადინის უნიკახა. სამაგიეროდ, ბასკონიაში ორი წარმომადგენელი გვყავს - თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი. 

ბასკონიამ ACB ლიგაზე ბრწყინვალედ დაიწყო, ხოლო მისი ქართველი კაპიტანი შენგელია პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. თორნიკე ევროლიგაზეც ერთ-ერთი საუკეთესო იყო და MVP-ის ტიტულისთვის იბრძოდა (საბოლოოდ, ის სეზონის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა). 

ევროლიგის ოფიციალურმა საიტმა სეზონის დაწყებამდე იმ ათი კალათბურთელის სია გამოაქვეყნა, რომელთაც, საიტის აზრით, სეზონის ყველაზე სასარგებლო კალათბურთელობის საუკეთესო შანსები აქვთ. 

თორნიკე ახალ სეზონს შესანიშნავ განწყობაზე შეხვდა

ათეულშია თორნიკე შენგელიაც - მეხუთე ნომრად. აი, რას წერს საიტი: "თორნიკე შენგელიას კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა. ის გასულ სეზონში ევროლიგის ყველაზე პროდუქტიული "მაღალი" იყო, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო. თორნიკე შენგელიას საშუალო მაჩვენებლები - მარგი ქმედების კოეფიციენტი (18.2), ქულები (13.7) და მოხსნები (6.2) მესამე იყო ევროლიგაში, მაგრამ ის მარტო ამით არ არის გამორჩეული კალათბურთელი. ის ამ სტატისტიკამ სეზონის სიმბოლურში მოახვედრა, მაგრამ გამორჩეულმა თამაშმა თორნიკე ბასკონიას ლიდერად აქცია. 2019 წლის ფინალური ოთხეული ვიტორიაში გაიმართება.

თუკი ის შეძლებს შარშანდელი თამაშის გამეორებას, მას ექნება შანსი, ევროლიგის ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდეს, რომელმაც სეზონის MVP მაშინ მოიგო, როცა მისი გუნდის მშობლიურმა ქალაქმა ფინალურ ოთხეულს უმასპინძლა".

ევროლიგის ახალ სეზონში თორნიკესა და მეტის გუნდი კაუნასში ჟალგირისთან მატჩით გახსნის. 

სეზონის MVP-ის 10 კანდიდატი

1. ნიკ კალათესი (პანათინაიკოსი)

2. ნანდო დე კოლო (ცსკა)

3. სერხიო ლიული (რეალი)

4. ალექსეი შვედი (ხიმკი)

5. თორნიკე შენგელია (ბასკონია)

6. იან ვესელი (ფენერბაჰჩე)

7. მაიკ ჯეიმსი (მილანო)

8. სერხიო როდრიგესი (ცსკა)

9. ვასილის სპანულისი (ოლიმპიაკოსი)

10. სკოტი ვილბეკინი (მაკაბი)

კომენტარები

ბოლო ამბები