Thumbnail

როგორ უღალატეს რონალდოს - რეალიდან კრიშტიანოს წასვლის ნამდვილი მიზეზები

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • El Mundo-მ რეალიდან კრიშტიანოს წასვლის მიზეზები სააშკარაოზე გამოიტანა
  • პერესი პორტუგალიელს საგადასახადო პრობლემების მოგვარებაში არ დაეხმარა
  • ყველაფრის მიუხედავად, ის კლუბში ალფრედო დი სტეფანოზე მაღლა ვერ დადგა

კრიშტიანო რონალდომ, რომელიც ამ ზაფხულს მადრიდის რეალიდან ტურინის იუვენტუსში გადავიდა, "სამეფო კლუბის" დატოვების გადაწყვეტილება, თურმე, ჯერ კიდევ 2017/18 წლების სეზონის დასაწყისში მიიღო. ფეხბურთელი უკმაყოფილო ესპანეთის საგადასახადო სამსახურთან პრობლემებისა და კლუბის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის მხრიდან უყურადღებობის გამო დარჩენილა.

ესპანურმა გამოცემა El Mundo-მ სტატია მოამზადა, რომელშიც რეალიდან კრიშტიანოს წასვლის მიზეზები სააშკარაოზე გამოიტანა. სტატიაში ჟურნალისტები წერენ "ღალატზე", რომელსაც პორტუგალიელი მადრიდულ კლუბისგან მიიღო.

თურმე, 2017 წლის მაისში, რონალდომ აგენტ ჟორჟე მენდეშსა და პირად იურისტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილური იყო ესპანეთის საგადასახადო სამსახურთან წარმოქმნილი პრობლემები. სამსახური ფეხბურთელს, გადასახადების დაფარვის მიზნით ბიზნეს-სტრუქტურის შექმნაში ადანაშაულებდა. ფორვარდმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვერ ხვდება, რატომ დებენ ბრალს, როდესაც გადასახადები სპონსორებს უნდა გადაეხადათ, თავად კი არასდროს უთხოვია მათგან, უკანონო გზით სარგებლის მიღება.

"ვინაა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი?, - ყვიროდა შეხვედრაზე კრიშტიანო, რომელიც პირველ რიგში, მისი საქმით დაკავებულ იურისტებს მიმართავდა. - მე ამ მხრივ არანაირი განათლება არ მაქვს. ერთადერთი, რაც ცხოვრებაში მიკეთებია, ფეხბურთის თამაშია. მაგრამ სულელი არ ვარ, არავის ვენდობი. სწორედ ამიტომ, როდესაც კონსულტანტს ვქირაობ, იმაზე 30%-ით მეტს ვუხდი, ვიდრე ითხოვს. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ პრობლემები არ მინდა".

საბოლოოდ რონალდო იძულებული გახდა, 19 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა გადაეხადა. ამასთან, მას პირობითი სასჯელიც დაეკისრა.

პორტუგალიელი იმედოვნებდა, რომ რეალის ხელმძღვანელობა გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებდა, რომელიც ფინანსურ დარტყმასთან გამკლავებაში დაეხმარებოდა, თუმცა, ეს არ მოხდა. ეს ფაქტი რონალდომ ღალატად მიიღო, რომელიც ისედაც უკმაყოფილო იყო იმით, რომ მასზე დიდ ხელფასს იღებდნენ ლიონელ მესი და ნეიმარი.

ბოლო დროს კრიშტიანო მადრიდის რეალზე გულგატეხილი იყო

რონალდოსთვის გამაღიზიანებული აღმოჩნდა ისიც, რომ რეალში მას კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელების ჩამონათვალში ალფრედო დი სტეფანოს უკან აყენებდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ რონალდომ რეალის დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა, არჩევანი კი იუვენტუსზე შეაჩერა:

"მე ვიქნები მათ მხარეს, ვინც დამაფასებს, რეალი კი ამას არ აკეთებს. თუკი ფლორენტინო მოვა და ორჯერ მეტს გადამიხდის, ვუპასუხებ, რომ ახლა ჩემთვის სულერთია. მე იუვეში გადავდივარ", - ასეთი კატეგორიული ყოფილა რონალდო, როდესაც იუვენტუსისგან წინადადება მიიღო.

პორტუგალიელი მადრიდული კლუბის ღირსებას 2009 წლიდან იცავდა. რეალთან ერთად მან ჩემპიონთა ლიგა ჯამში ოთხჯერ მოიგო. 33 წლის კრიშტიანო რონალდო ივლისში რეალიდან იუვენტუსში გადავიდა. ახლა ტურინში ის წელიწადში 30 მილიონ ევროს იღებს.

გამოკითხვა

გაუშვებს თუ არა იუვე გოლს?

  • გაუშვებს [2.20]
  • არ გაუშვებს [1.60]

კომენტარები

ბოლო ამბები