Thumbnail

ჭადრაკი | ქართული გუნდების დუელი ქალებში და ვაჟთა ნაკრების ფრე კანადასთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს მეორე და მესამე გუნდები არაფერს უთმობენ პირველ ნაკრებებს
  • მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის დეტალები

ერთდღიანი შესვენების შემდეგ, ბათუმში მიმდინარე მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა განახლდა. მე-6 ტური ქართული გუნდებისთვის ორმაგად საინტერესო გამოდგა: კენჭისყრამ ერთმანეთს შეახვედრა საქართველოს ქალთა მთავარი და მეორე ნაკრები. ეს იყო ისტორიული შეხვედრა, რადგან ორი ქართული გუნდი ოლიმპიადაზე ერთმანეთს პირველად შეხვდა. ქართული პაექრობა საინტერესოდ წარიმართა, მეორე გუნდმა კი არაფერი დაუთმო ძირითადს. გადამწყვეტი აღმოჩნდა ლელა ჯავახიშვილის და ინგა ჭარხალაშვილის პარტია, რომელიც ჯავახიშვილმა შავი ფიგურებით მოიგო და პირველ ნაკრებს გამარჯვება მოუტანა 2.5:1.5. აქვე ვთქვათ, რომ ქალთა მესამე ნაკრები უნგრეთთან დამარცხა 0.5:3.5.

ვაჟთა ნაკრებმა აქამდე მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და ისე მოხდა, რომ მე-5 ტურის შემდეგ ცხრილში მეორე და მესამე ნაკრებიც უსწრებდა. ნინო გურიელის გუნდი კანადის ნაკრებს დაუპირისპირდა და 2:2-ს დასჯერდა. წინა ტურში ბრაზილიის ნაკრების დამარცხების შემდეგ, გურიელს ოთხეული არ შეუცვლია, თუმცა ვაჟებმა ამჯერად ვეღარ გაიმარჯვეს. გუნდის ლიდერმა, ბაადურ ჯობავამ თავისი შეხვედრა შავი ფიგურებით მოიგო, მაგრამ მას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და ქულები დაკარგეს. მთავარი გუნდის მსგავსად, მეორე ნაკრებმა ვიეტნამთან 2:2 ითამაშა.

ძალიან საინტერესო იყო მესამე გუნდის დაპირისპირება ჰოლანდიის საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან, რომელიც ტურნირზე მე-13 ნომრად არის განთესილი. განვლილ 5 ტურში ახალგაზრდებმა ქართველმა მოჭადრაკეებმა მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს და ისიც პირველ ნომრად განთესილ უძლიერეს აშშ-ს ნაკრებთან. აშშ-ს შემდეგ ჰოლანდია იყო მეორე გამოცდილი გუნდი, რომელთანაც თამაშის საშუალება მესამე ნაკრებს მიეცა და ამჯერადაც უშეღავათო ბრძოლა გაიმართა. ახალგაზრდა მოჭადრაკეები ფავორიტთან 1.5:2.5 დამარცხდნენ. 

ქალები

საქართველოს პირველი ნაკრები - საქართველოს მეორე ნაკრები 2.5:1.5
1. ნანა ძაგნიძე - სალომე მელია 0.5:0.5 
2. ლელა ჯავახიშვილი - ინგა ჭარხალაშვილი 1:0 
3. ბელა ხოტენაშვილი - სოფიო გვეტაძე 0.5:0.5 
4. მერი არაბიძე - სოფიკო ხუხაშვილი 0.5:0.5

საქართველოს მესამე ნაკრები - უნგრეთი 0.5:3.5
1. ნინო ხომერიკი - ტრანგ თანგ ჰოანგი 0:1 
2. მარიამ ჯანიაშვილი - ანიტა გარა 0:1 
3. ლილე ქორიძე - ტიცია გარა 0:1 
4. თამარ ესაძე - ჯულიანა ტერბე 0.5:0.5

ვაჟები 

საქართველოს პირველი ნაკრები - კანადა 2:2
1. ბაადურ ჯობავა - ერიკ ჰანსენი 1:0 
2. მიხეილ მჭედლიშვილი - რაზვან პროეტუ 0:1 
3. ივან ჩეპარინოვი - ნიკოლაი ნორიცინი 0.5:0.5 
4. ლევან ფანცულაია - ევგენი ბარეევი 0.5:0.5

საქართველოს მეორე ნაკრები - ვიეტნამი 2:2
1. ლუკა პაიჭაძე - ლიემ ქუანგ ლე 0.5:0.5 
2. დავით მაღალაშვილი - სონ თრონგ ნგოკ ნგუიენი 0:1 
3. თორნიკე სანიკიძე - მინ თუან თანი 1:0 
4. ირაკლი ბერაძე -  ხოი ანჰ ნგუიენი 0.5:0.5

საქართველოს მესამე ნაკრები - ჰოლანდია 1.5:2.5
1. ნოე თუთისანი - ანიშ გირი 0:1 
2. ლუკა ობოლაძე - ერვინ ლამი 0:1 
3. ნიკოლოზ პეტრიაშვილი - ლუკ ველი ვანი 0.5:0.5 
4. გიორგი სიბაშვილი - იორდენ ფორესტ ვანი 1:0

კომენტარები

ბოლო ამბები