Thumbnail

ზეედორფი და მალუდა ბათუმში - რატომ ჩამოვიდნენ ექსვარსკვლავები საქართველოში

  • ანგისა ფიდეს პირველ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირს მასპინძლობს
  • აჭარას ჰოლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებების ექს-ფეხბურთელებიც ესტუმრნენ 

ანგისაში მდებარე ბათუმის დინამოს საწვრთნელი ბაზა, ბათუმში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილეთა შორის ფიდეს პირველ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირს მასპინძლობს. 

საფეხბურთო ტურნირი ბათუმში, სადაც 3 ოქტომბერს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს, ერთ-ერთი კანდიდატის, არკადი დვორკოვიჩის მხარდამჭერი "სოკარ ჯორჯიას" ორგანიზებულია. სწორედ "სოკარ ჯორჯიას" მოწვევით, აჭარას, სხვებთან ერთად, ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კლარენს ზეედორფი და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ფლორან მალუდაც სტუმრობენ.

კახა კალაძის, კლარენს ზეედორფისა და ფლორან მალუდასთან ერთად გადაღებული ფოტო ბათუმის დინამოს პიარისა და მარკეტინგის მენეჯერმა ოთარ ფედიჩიკინმა (მთავარი ფოტო), ასევე ბათუმი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტის გუნდის წევრმა ლაშა გოდუაძემ გამოაქვეყნა:

კლარენს ზეეფორფთან ერთად

ზეედორფი ანგისაში ;)

Posted by Lasha Goduadze on შაბათი, 29 სექტემბერი, 2018

ფლორან მალუდასთან ერთად

ესეც მალუდა ;) 2006ში ფრანგებმა ფინალი რო ითამაშეს, იმ გუნდის ბოქლომი იყო მაკელელესთან ერთად

Posted by Lasha Goduadze on შაბათი, 29 სექტემბერი, 2018

38 წლის მალუდა, რომელსაც თავის დროზე ლიონსა და ჩელსიში უთამაშია, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად კი მსოფლიოს 2006 წლის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ამ დრომდე ლუქსმებურგის დიფერდანჟში გამოდის.

42 წლის კლარენს ზეედორფი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა აიაქსთან, რეალსა და მილანთან ერთად აქვს მოგებული, კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელად მუშაობს. ამჟამად ის კამერუნის ეროვნულ ნაკრებს წვრთნის. 

ბათუმში ასევე იმყოფებიან რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები: დმიტრი ბულიკინი და დმიტრი სიჩოვი.

ფიდეს პრეზიდენტის არჩევნებში არკადი დვორკოვიჩის გარდა, კენჭს ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი გეორგიოს მაკროპულოსი და ბრიტანელი გროსმეისტერი ნაიჯელ შორტიც იყრიან.

კომენტარები

ბოლო ამბები